ზურა გირჩი, დროა და ნიკა მელია - კიდევ ვინ იქნებიან გვარამიას პოლიტიკური პარტნიორები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები და მაღალჩინოსნები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან. მიხეილ სააკაშვილის გუნდს ნიკა გვარამია პოლიტიკურ პარტნიორად, ამ ეტაპზე, აღარ განიხილავს და საარჩევნო მოედანზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად გამოდის. "მთავარი არხის" დამფუძნებელს მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია ნიკა მელიაც, თუმცა იქნება თუ არა "ნაციონალური მოძრაობიდან" გაძევებული პოლიტიკოსი მისი საარჩევნო პარტნიორი, ამ ეტაპზე, უცნობია.

ნიკა გვარამიასთან პოლიტიკურ ტანდემში იქნებიან ლევან ხაბეიშვილის მიერ პარტიიდან გაგდებული სხვა "ნაციონალებიც". დღეს პარტია კიდევ ერთ ვეტერან წევრს - ნინო კვიტაიშვილს დაატოვებინეს. თბილისი საკრებულოს წევრს ხაბეიშვილისა და ზაზა გოგავას სახელით და ირაკლი ნადირაძის პირით შემოუთვალეს - ან ემორჩილები პარტიის მენეჯმენტს, მის დავალებებს, ან ირჩევ საკუთარ გზას და ნიკა გვარამიას. კვიტაიშვილმა არჩევანი "მთავარი არხის" დამფუძნებელზე გააკეთა, საკრებულოში დატოვა ფრაქცია და მაგიდაზე დადო პარტიული ბილეთიც.

ნიკა გვარამია კი ღიად აცხადებს, რომ არავის პოლიტიკური თამაშის წესებით მოქმედებას არ აპირებს და ოდესღაც მშობლიური პარტიის ადამიანური რესურსის საკუთარი გუნდის გაძლიერებისთვის გამოყენებას არ გამორიცხავს.
ნიკა გვარამიას გაერთიანებისთვის აინტერესებს ყველა, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა. გვარამიამ, დღეს, "ნაცმოძრაობის" ოპოზიციური ერთობის ფორმულა ღიად დაიწუნა. თქვა, რომ ის ერთობას თანასწორობაში ხედავს და არა სხვისი წესების კარნახით თამაშში.

"ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტის ულტიმატუმზე დღეს ღიად ისაუბრა ნინო კვიტაიშვილმაც. საკრებულოს დეპუტატმა ნაცმოძრაობის მესვეურებს პარტიიდან წასვლის შესახებ სოციალური ქსელით აცნობა.

გვარამიას მიერ დასახელებულმა სავარაუდო პარტნიორებმა - "დროასა" და "გირჩში" დღეს სამომავლო გეგმებზე საუბარი არ ისურვეს.

"მთავარი არხის" დამფუძნებლის პოლიტიკური გეგმები მწვავედ გააკრიტიკეს მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრისა და პროკურორის "ნაცმოძრაობისგან" დისტანცირების მცდელობა დაუჯერებლად მიაჩნიათ.

ნიკა გვარამიას, ხოშტარია-ჯაფარიძისა და სააკაშვილის პარტიას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. კოლეგების აზრით, გვარამიას ახალი პოლიტიკური ტაქტიკა მარცხისთვის არის განწირული.

მმართველი პარტიისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არ არსებობენ. პარლამენტის სპიკერმა დღეს სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრს წარსული კიდევ ერთხელ შეახსენა. პაპუაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობის" იდეოლოგის მხრიდან ხაბეიშვილის გუნდის კონკურენტად გამოცხადება "გირჩთან" და "დროასთან" გაერთიანება - საზოგადოების მიზანმიმართული მოტყუების მცდელობაა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია, უკვე რამდენიმე თვეა პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. "მთავარი არხის" დამფუძნებელს საარჩევნო მარათონში "ნაციონალურ მოძრაობასთან" არა, თუმცა პარტიის ყოფილ სახეებთან ერთად სურს.