„ევრაზიის ახალი განთიადი“ - პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გრძელდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შვეიცარიის ალპებში, დავოსის 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე. „ვერსიაში“ უკვე ვწერდით ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვანი შეხვედრების შესახებ დავოსის ფორუმის ფარგლებში. პოტენციურ ინვესტორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრები კვლავ გრძელდება. ამჯერად, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - „იბიარდის“ პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს შეხვდა. გარდა ამისა, დაესწრო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს, სახელწოდებით - „ვაშენებთ ხვალინდელ ევროპას“. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა მიწვეულ სტუმრებს. მთავრობის მეთაურმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. დეტალურად ამ შეხვედრების შესახებ, მოგვიანებით გიამბობთ, ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანზე - ირაკლი ღარიბაშვილის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლა განვიხილოთ. 

 „ევრაზიის ახალი განთიადი“ - ეს იყო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის მთავარი თემა. სიტყვით გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ზრდის ტემპის გაუმჯობესებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ორი წლის წინ, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო; 2022 წელს - 10.4%; გასულ წელს - 7%. მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, 1%-ზე ნაკლებ ნიშნულზე იყო. მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ვითარდება.

„დიდი მადლობა! უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემატური დისკუსიის ორგანიზებისთვის. მეც მინდა შევუერთდე თქვენს მილოცვას და ჩემს ძვირფას მეგობარს, პრეზიდენტ ვუჩიჩს, მივულოცო ეს დიდი გამარჯვება. საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა ქვეყნის ეკონომიკა და ამჟამად მივიჩნევით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ მსოფლიოში.

თქვენ ვაჭრობა ახსენეთ, და ეს მიმართულებაც, ზოგადად ყველაფერი, ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ვაფართოებთ სავაჭრო ურთიერთობებსა და კავშირებს. ასევე მინდა ვახსენო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო გასულ წელს. ეს განსაკუთრებით ასეა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული გასული წლის დეკემბერში და საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ახლა უკვე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ველით საქართველოში.

ჩემმა ძვირფასმა კოლეგამ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვუჩიჩმა, ახსენა დაკავშირებადობა. რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განცხადებით, ორი წლის წინ, ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. მისი თქმით, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა აქვთ ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და სამივე ქვეყნის მეთაურებმა იციან, რა უნდა გაკეთდეს - საპორტო ინფრასტრუქტურა უნდა გაფართოვდეს, წარმადობა განვითარდეს, აუცილებელია რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.  პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე.

„უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონას გადააჭარბებს. ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა, ქვეყანა პოზიციონირებდეს, როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონულ ჰაბადაც ვიქცეთ.

ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორებიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი - ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება.

ასევე, მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს. პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ, ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა. ჩინეთმა ინტერესი რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულსა და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას“.  ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ გადაუხადა მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. მისი თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის უდიდესი მიღწევა, რადგან 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ხელიუფლების ძალისხმევის შედეგად, დიდი წინსვლა გვქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს გულისხმობს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ყოველივე ამის კულმინაცია სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

„ასევე, ძალიან მოკლედ მინდა ვახსენო, რომ 2012 წელს, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, საქართველოს ეკონომიკა გაორმაგდა აშშ დოლარში. ასე, მაგალითად, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე და აშშ დოლარში გაორმაგდა - თითქმის 4 250 აშშ დოლარი იყო 2020 წელს მშპ საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო წელს - 8 600 აშშ დოლარი იქნება. ეს იყო უახლესი ინფორმაცია და მონაცემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ შესაძლებლობისთვის“.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას. მისი თქმით, რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციაზე. ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%.

„ომი გადავიტანეთ 2008 წელს, მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა და განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს - აზერბაიჯანსა და სომხეთს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს ორივე ქვეყანასთან. ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რეგიონში ბევრი მოთამაშეა და ყოველივე ზემოთ თქმულს მინდა ის დავამატო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერის პოზიცია ვიცი. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ორმხრივ ფორმატში უნდათ ურთიერთობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი გზაა, რადგან ყველა დაინტერესებული წრისა და მხარის, მედიატორის ჩართვით სიტუაცია უფრო წინააღმდეგობრივი და ნაკლებად პროდუქტიული ხდება ხოლმე. ამიტომ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ. დიდი იმედი მაქვს, რომ მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგელბში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - „იბიარდის“ პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი ალიბეკ კუანტიროვი და კომპანია Sabanci Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩენკ ალპერი. პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, მირეკ დუშეკი.

 

მაკა რუხაძე