„რუსეთი ყოველთვის თვლის არა ინტელექტუალურ ნაწილზე, არამედ მასაზე, რომელიც იოლად, ყოველგვარი განსჯის გარეშე, დაჰყვება მათ ინსტრუქციებს!“ - ვლადი ნარსია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 შობის დღეებს საქართველოში დიდი ვნებათაღელვა უძღვოდა წინ, რაც სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრიონას ხატზე სტალინის გამოჩენამ გამოიწვია. 6 იანვარს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ ხატის ფოტოები, რასაც სკანდალი მოჰყვა და საზოგადოების აზრი ორად გაიყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხატი სამების ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და  ირმა ინაშვილმა შესწირეს. ამ ეტაპისთვის, საპატრიარქო ოფიციალურად ითხოვს, ხატიდან სატლინთან დაკავშირებული ეპიზოდის შეცვლას, ვინაიდამ წმინდა მოსკოველი მატრიონასა და იოსებ სტალინის შეხვედრა ექსპერტების მიერ არ დასტურდება.  „ვერსია“ შეეცადა გაერკვია, რამდენად სამართლიანია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია და უნდა დარჩეს თუ არა წმინდა მატრიონას ხატი სამების ტაძარში, ამ და სხვა საკითხებზე თეოლოგ  ვლადი ნარსიას ვესაუბრეთ:

 

- ბატონო ვლადი, დიდი სკანდალი მოჰყვა სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრიონას ხატზე სტალინის ეპიზოდის აღმოჩენას... გვიამბეთ, საიდან მოდის წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის დაწერის ისტორია და როგორ აფასებთ ყველაფერ ამას?

- ეს ისტორია, რომელიც მიღებულია რუსული ეკლესიის მხრიდან, სიახლე არაა... მითოლოგია ახასიათებდა შუა საუკუნეების ისტორიებს, რომელიც საქართველოშიც იყო. ამის მაგალითია თუნდაც  ის მითი, რომ დიდგორის ომში წმინდა გიორგი იბრძოდა, ამგვარი რამ სხვა ერების ისტორიაშიც გვხვდება. სტალინთან დაკავშირებული მითი კი მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა. წმინდა მატრონა, რომელსაც რუსეთის ეკლესია მიიჩნევს წმინდანად, საერთოდ უცნობია, ვინ იყო, თუმცა ახლა ეს ალბათ, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს ისტორია კი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს -  რუსეთის ეკლესია, საომარ მდგომარეობაში მყოფ მრევლს ანუგეშებდა, რომ ეს წმინდა ომია და ამ წმინდა ომში რუსეთთან არის ღმერთიო. ამ მოტივებით შეიქმნა მითი, რომ წმინდა მატრონა ანუგეშებს სტალინს - ღმერთი არ დაგტოვებთ ამ წმინდა ომშიო...

ამ საკითხზე დიდი მსჯელობაა საჭირო, რასაც საგაზეთო ინტერვიუ ვერ დაიტევს. ძალიან ფუნდამენტურია ის განსხვავება, რომელსაც ქმნის რუსეთის ეკლესია იმისათვის, რომ გაავლოს მკაფიო ხაზი დასავლურ კულტურასთან, რომელიც დღესაც ბოროტებად მიაჩნია. მე-16 საუკუნიდან იქმნება ეს პანსლავური თეორიები, ევრაზიული თეორია და რუსეთის ეკლესიის მიერ შექმნილი „რუსკი მირ“... ყველა ამ თეორიაში საუბარია იმ განსხვავებებზე, რომელიც ისტორიულად ახასიათებდა აღმოსავლურ და დასავლურ ქრისტიანულ კულტურას. ყველა ამ თეორიაში დასავლური ქრისტიანული კულტურა გაგებულია, როგორც ბოროტება და ამ შემთხვევაშიც - უკრაინა იქნება ეს თუ სტალინის შემოყვანა წმინდა სივრცეში - მიზნად ისახავს იმას, რომ რაღაც მნიშვნელოვანი, რაც რუსეთს აქვს, გამოაცხადონ წმინდად. ევრაზიონიზმი ასეთ რამეს ამბობს - უნდა არსებობდეს ერთი რუსული სამყარო, რომელიც გააერთიანებს რუსულ ენაზე მოსაუბრე ყველა ადამიანს. უკრაინა, კიევი არის სულიერი ცენტრი ამ რუსული სამყაროსი. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ "რუსკი მირისთვის" მთავარი იდეა არის წმინდა რუსეთი და ეს სიწმინდე აგებულია სწორედ იმ იდეასთან კონტრმიმართებით, რომ დასავლური სამყარო ბოროტებაა.  ამ თეორის დასტურს დღესაც მრავლად ნახავთ კირილისა და სხვა ოფიციოზის ქადაგებებში.


- გეთანხმებით, რუსეთი პოლიტიკურ პიარტექნოლოგიაშიც იგივე ტექნიკას იყენებს  - დასავლეთს მტრად აცხადებს...
- ეს არსებითად ეფუძნება რელიგიას. ომის დროს რა  თანამედროვე იარაღიც არ უნდა  ჰქონდეს მეომარს,   მას საბრძოლველად სჭირდება იდეა. სწორედ ამ იდეის შესაქმნელად იყენებენ რელიგიას და ამბობენ, რომ ეს არის ომი არამხოლოდ სამშობლოსთვის, არამედ ეს წმინდა ომია ღმერთის მოძღვრებით...


-ანუ გამორიცხავთ, რომ შეიძლება შემთხვევით მოხვედრილიყო სამების ტაძარში ხატი სტალინის გამოსახულებით?
- რუსეთში დიდი ხანია, დაწყებულია სტალინის „რეინკარნაცია“. სტალინი, რუსული პოლიტიკური თუ რელიგიური იდეოლოგიით, არის ადამიანი, რომელიც გაუმკლავდა "ბოროტ დასავლეთს". რუსეთი ამბობს, რომ სტალინი იყო წმინდანი და ამიტომ შემოჰყავთ  ამ სივრცეში. ახლა რაც მოხდა საქართველოში, ეს არ არის შემთხვევითი - პირდაპირ ამას ვერ გაბედავდნენ, რადგან იციან რეაქცია და ძალიან ეშმაკურად, მათთვის დამახასათებელი ტექნიკით გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა შეთანხმებული ეკლესიასთან. შეუძლებელია დამოუკიდებლად ეს გაებედა თარხან-მოურავს ან ვინმე სხვას, არც რომელიმე სასულიერო პირი დათანხმდებოდა ამხელა ხატის სამების ტაძარში განთავსებას. მათ წინასწარ შეთანხმებული გეგმა ჰქონდათ და ეს იყო საზოგადოების გატესტვა.
================================================== 

ზოგადად, ხატზე დატანილი ფიგურები და გამოსახულებები საჭიროებს ფართო საეკლესიო შეთანხმებას. არ შეიძლება, მაგალითად მე, მოვისურვო რაიმე ფიგურის ხატზე გამოხატვა. შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ ამგვარი წესია ეკლესიაში - სინოდი, საბჭო თუ სხვა ორგანიზაცია, რომელიც ეკლესიაშია შექმნილი, განიხილავს საკითხს და მსჯელობს იმაზე, რომ მრევლის წევრები ეკლესიაში გამოიკითხოს, თუ რამდენადაა მათთვის მისაღები, მაგალითად, ხატზე ასეთი ფიგურის გამოსახვა. ამ წესს ეფუძნება ეკლესია, რადგან ქრისტე ამბობს: „სადაც ორნი საუბრობთ ჩემ შესახებ, იქ ვარ მე“. ეკლესია არის იქ, სადაც ადამიანები თანხმდებიან და საუბრობენ რაღაცაზე. ამის საპირისპირო მოდელია, რომ არავის აინტერესებს, რა მოსაზრება აქვს საეკლესიო მრევლს. დარწმუნებული ვარ, საეკლესიო პირების დიდი ნაწილი არ ეთანხება სტალინის ხატს, მაგრამ ვერავინ გაბედა ერთი სიტყვის თქმა, რადგან იმ მეორე მოდელში, რომელიც ილია მეორის კლუბია, პრაქტიკულად, სადაც ილია მეორის სიტყვას ვერავინ გადავა და ვერ გაუწევს წინააღმდეგობას...

================================================
  - ჯაღმაიძემ განაცხდა, დიოკლეტიანეცაა გამოსახული ხატზე, როგორც უარყოფითი ფიგურა და სტალინიც ამ კონტექსტში განიხილებაო...
- როგორ არის ეს ერთი და იგივე? ჯიბეებში ხელებჩაწყობილია სტალინი გამოსახული და ზურგით დგას წმინდანისკენ. ორჯერ უფრო დიდი მასშტაბითაა მისი ფიგურა გამოსახული, ვიდრე წმინდანის. ესეც მნიშვნელოვანია. კადრში პირველად შემოდის სტალინი, კატასტროფაა... სტალინი უნდა ყოფილიყო მონანულის ჟესტით გამოხატული... ამიტომაცაა ხატწერა განსხვავებული ხელოვნება ხატვისგან. ხატწერაში იკონოგრაფიული კონტურების დარღვევა არ შეიძლება. უნდა იყოს სინოდის შეთანხმება იმაზე, როგორ გამოისახოს ხატზე ვიღაც...


- წეღან ახსენეთ  ფრაზა, ამით რუსეთმა გატესტა საქართველოს საზოგადოების რეაქციაო... როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა ქართულ საზოგადოებას ამ საკითხზე?
- საზოგადოება არის ძალიან მოწყვლადი და საერთოდ, ესეც ბუნდოვანი ცნებაა, რა არის საზოგადოება... თუ ვიტყვით, რომ საზოგადოება არის ის, რომელიც კვლევების მიხედვით ეკლესიისადმი 80%-იანი ნდობითაა განწყობილი, მაშინ საშიში ვითარებაა, რადგან ხშირად ეს საზოგადოება ბრმადაა მინდობილი საეკლესიო მსახურებისა თუ იერარქების მოწოდებებს. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, საეკლესიო პირების უმრავლესობას უარყოფითი შეფასება აქვთ სტალინის მიმართ, მათ დაავალებენ, რომ უნდა იქადაგონ სტალინი რეალურად მორწმუნე იყოო და იქადაგებს.  ამ ყველაფერს ამბობდა პატრიარქი, ყველაფერი ეს მისგან მოდის, რადგან ქართულ ეკლესიაში პატრიარქი არის კანონი. ეს კი თავისი არსით ანტიქრისტიანული მართვის მოდელია...


- და რას იტყვით იმ სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც ინტელექტუალურ თუ პოლიტიკურ ამინდს ქმნის საქართველოში?
- მე მგონია, რომ რუსეთს ყოველთვის გათვლა აქვს არა ინტელექტუალურ, მოაზროვნე ნაწილზე, არამედ მასაზე, რომელიც იოლად, ყოველგვარი განსჯის გარეშე, დაჰყვება მათ ინსტრუქციებს. სამოქალაქო საზოგადოება მცირე ნაწილია და მიჭირს იმის დაჯერება, რომ მათ შეუძლიათ რაიმე შედეგის დაყენება.
რა თქმა უნდა, მუშაობს აკადემიური სექტორი, მაგრამ მცირეა. მასა კი არის ძალიან დიდი, ეს არის ბრმა ხალხი, რომელზეც მარტივია მანიპულაცია და ბნელი სქემებით დაჰყავთ მითითებებზე, რითაც ისინი მოქმედებენ. ეს ნაწილი საქართველოს ეკლესიაში დიდია... რაციონალური მსჯელობა რთულად იმარჯვებს ისტორიაში...
 

მოკლედ, ვფიქრობ, რომ სტალინის ხატის თემა მიზანმიმართული პროცესია და მას აქვს ერთადერთი მიზანი - საქართველოს საპატრიარქოს მოქმედება რუსული დაკვეთით. მთავარი ისაა, რომ საქართველოს ეკლესიაში პატრიარქს თავი მიაჩნია კანონად და გვიტოვებს ამ მემკვიდრეობას - რასაც მოინდომებს იერარქი, ის უნდა გაიტანოს... თუ ჩვენი სიფხიზლე სათანადო იქნება და აკადემიური საზოგადოება გაძლიერდება, შემეძლება, იმედით შევხედო ასეთ საფრთხეებს, რადგან მასზე იქნება ჯანსაღი რეაგირება...

ავტორი თათია გოჩაძე