ბაჩო დოლიძე: „15 მაისს, რუსთაველის გამზირი ხალხს ვერ დაიტევს!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ოპოზიცია საგანგებო რეჟიმის ექსკლუზიური დეტალებით

მას შემდეგ, რაც მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჩაიშალა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარებაზე გადადიან და მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან, რომელიც 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.  მმართველი ძალა კი პოზიციას არ ცვლის და უკან არ იხევს... ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არაა და ყველაფერი ხელოვნურადაა შექმნილი. რა კონკრეტული გეგმა აქვს ოპოზიციას და შეინარჩუნებენ თუ არა პარტიები ე.წ. ბოიკოტურ ერთიანობას? - ამ კითხვებით „ვერსიამ“ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ბაჩო დოლიძეს მიმართა:

 

- 15 მაისამდე, აბსოლუტურად ყველა რეგიონში, ქალაქში, რაიონში, სოფელსა და უბანში მისვლას ვაპირებთ. მთელი ოპოზიცია კოორდინირებულად ვაპირებთ ხალხში გასვლას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხალხს ერთიანობა ვაჩვენოთ, 15 მაისს კი ყველამ ერთად ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი არჩევანი, რომელიც დასავლეთი, განვითარება, თავისუფლებაა და არა ის, რასაც გვთავაზობენ - რუსეთი და მონობა. მკაფიო არჩევანი გაკეთდება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ დაგვანახა, რომ ეს ქვეყანა და აქ მცხოვრები ადამიანები არ აინტერესებს.

- ბატონო ბაჩო, ბოლო დროს, ბევრი საუბრობს, რომ ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოყვანა უჭირს. ახლა თქვენი მთავარი გზავნილი ყველა ადამიანთან მისვლაა და გამოდის, რომ ოპოზიცია შეცდომას აღიარებს ანუ იცით, რომ ხალხს დაშორდით და ახლა ამის გამოსწორებას ცდილობთ?

- ოპოზიციამ თავის ამომრჩეველსა და მხარდამჭერს აჩვენა ალტერნატივა, რომ არსებობდა მოლაპარაკების პროცესი და ფონის გამძაფრება, პროცესების ქუჩაში გადმოტანა, შეიძლება, იმ ხარისხით საჭირო არ ყოფილიყო, რასაც დღეს ვხედავთ... მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დააპატიმრეს, შეგვეძლო, განგვეცხადებინა, სანამ მოლაპარაკების მაგიდიდან მოპარულ ადამიანს არ გამოუშვებთ, მოლაპარაკებაზე უარს ვაცხადებთო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ესკალაციის ხარისხი და პოლიტიკური პოლარიზება ძალიან მაღალი იყო, ამ ნაბიჯზე არ წავედით, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ნაბიჯი ძალიან ბევრმა მხარდამჭერმა არ მოიწონა. გვეუბნებოდნენ, თუ ნიკა მელია მოლაპარაკების მაგიდასთან არ ზის, თქვენ რატომ სხდებითო?! ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველანაირი შანსის გამოყენება იყო, რომ ეს კრიზისი მოლაპარაკების პროცესით დასრულებულიყო. შესაბამისად, დღეს, წინაპირობა აღარ არსებობს ამ ფორმატში, თუ ისევ „ქართულმა ოცნებამ“ არ გადაწყვიტა საპირისპირო, რომ მოლაპარაკების გზით შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა.

სამწუხაროდ, ეს მარტო ჩვენ კი არა, იმ პარტნიორებსაც უთხრეს, რომელთა საშუალებითაც აქამდე მოვედით. ევროკავშირსა და აშშ-ს, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები შეიქმნა, უარი უთხრეს და ყოველგვარი ეთიკის გარეშე, კარი მიუხურეს. ამიტომ, სხვა არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ გაცილებით მეტი მობილიზება და ერთიანობა გამოვიჩინოთ, რათა რამენაირად შევცვალოთ არჩეული ვექტორი, რომელიც ამ დაჯგუფებამ შექმნა.

- ბატონო ბაჩო, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, ეს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისიაო... იმ ფონზე, როცა მმართველი ძალა უკან დახევას არ აპირებს, როგორ ფიქრობთ, ოპოზიციას რა შანსი აქვს?

- „ქართული ოცნება“ ყველა თავის ქმედებაში ერთსა და იმავეს აჩვენებს, რომ არ აინტერესებს ამ ქვეყანაში არსებული ვითარება და იმას, რომ ხალხი ღატაკია, რომ აუხსნელი „ლოქდაუნია“ და კორუფცია გვაქვს, ხელოვნურ კრიზისს ეძახის. როგორ ფიქრობთ, ყველაფერი ეს, მოგვარებული რომ ჰქონოდა ხელისუფლებას, საპროტესტო მუხტს ადგილი ან აზრი ექნებოდა? სახელმწიფო წარმატებული რომ ყოფილიყო, თუნდაც მხოლოდ კოვიდის მართვის ეპიზოდში, ბევრად მშვიდად გააგრძელებდნენ საპარლამენტო ცხოვრებას, მაგრამ გვეუბნებიან, პრობლემა არ არის, სასამართლოსა და მართლმსაჯულებაში კორუფცია არ არსებობსო. ყველაფერი ეს, ალბათ, პოლიტიკური აუტიზმი ან, უბრალოდ, უტიფრობაა.

- „გირჩი“ მმართველ ძალასთან მოლაპარაკებას იწყებს და საერთოდ, საუბარია, რომ შესაძლოა, პატარა პარტიები საპარლამენტო ცხოვრებას შუერთდნენ ანუ ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს?

- ჩვენთვის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიციურ შეხვედრებზე პარტიის სიდიდეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აბსოლუტურად ყველას აქვს ერთნაირი ხმა. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ერთიანობაში არ იყოს ბზარი, თუმცა თუ დემოკრატკიულ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა, ყველას აქვს თავისი პოლიტიკური გზა. ჩვენ ყველაფერ ამას იმიტომ კი არ ვაპროტესტებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ან რომლეიმე სხვა პარტია მოვიდეს მთავრობაში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ყველას ჰქონდეს ის პროპორციული წარმომადგენლობა ხელისუფლებაში, როგორ ხმებსაც მიიღებს. თუ დავინახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა უმრავლესობა აიღო, უნდა შევეგუოთ, თუმცა დღეს საპირისპიროს ვხედავთ. რეალურად, 35%-იანმა დაჯგუფებამ, 100%-იანი ძალა-უფლება აიღო.

- ანუ უშვებთ, რომ შესაძლებელია, ზოგი პარტია პარლამენტში შევიდეს და ბოიკოტის ერთიანობა დაიშალოს?

- მოთხოვნები, რომელიც დღესაა, „ნაციონალური მოძრაობაც“ რომ გაეთიშოს  ყველაფერ ამას, არ შეიცვლება და უკვე შეუქცევადი პროცესია, რადგან ეს პრობლემები არაა ხელოვნური. ამ ხალხს ცვლილება და სიღატაკიდან გამოსვლა უნდა. ერთი პარტია იქნება, ორი თუ 23, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და არც ტრაგედია უნდა შეიქმნას, ყველას აქვს თავის გზა. მთავარია, საბოლოოდ უნდა დასრულდეს ის ბაკქანალია, რაც დღესაა.

- ვფიქრობ, ამ პროცესში, მიხეილ სააკაშვილის ადგილიც მნიშვნელოვანია. ზოგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პროცესებს უნდა ჩამოშორდეს, რადგან მის ფაქტორს „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებს... როგორია სააკაშვილის როლი ოპოზიციის საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლაში?

- არ არის სწორი, ერთი მხრივ, ვამბობდეთ, დემოკრატია გვინდაო და მეორე მხრივ, ვთქვათ, ესა და ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს პროცესსო. თუ ასეა, მაშინ რითი განვსხვავდებით „ქართული ოცნების“ ნარატივისგან? - არაფრით. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, დამფუძნებელია და შესაბამისად, მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ პროცესებში, რისი შესაძლებლობაც დევნილობის პირობებში აქვს, თუმცა ყველაფერი მაინც საქართველოში, იმ მაგიდასთან წყდება, სადაც მრავალი პარტიაა წამრმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა და კოორდინაცია ამ უმძიმეს ვითარებაში.  

- მოკლედ, ოპოზიციის გეგმა ქუჩა და საპროტესტო აქციებია, რადგან ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსს ვეღარ ხედავთ, არა?

- ვიცით, რომ ჩვენი საკითხი ჩანიშნულია აშშ-შიც და ევროკავშირშიც - 22-23 რიცხვებში და აქედან გამომდინარე, მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, თუმცა პროცესი, რომელმაც გვაიძულა, ქუჩაში გადაგვეტანა, ნამდვილად არ შეწყდება და კულმინაცია 15 მაისი იქნება. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, ერთხელ და საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი საბჭოთა საქართველოზე და ჩვენს შვილებს მაინც უნდა დავახვედროთ ის, რასაც იმსახურებს ეს ქვეყანა.

დარწმუნებული ვარ, 15 მაისს, რუსთაველის გამზირი ხალხს ვერ დაიტევს!