„ჭკუას მოუხმოს ენმ-ის თავმჯდომარემ!“-ზვიად კუპრავა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა. ხაბეიშვილის თქმით, მელიამ თავად გადაწყვიტა, რომ არ იყოს პარტიის წევრი.

ფორმულას ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, ეს იმას ნიშნავს თუ არა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, რადგან თავად მელიას არ განუცხადებია ენმ-ის დატოვების შესახებ, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ წერილი მისწერონ და პასუხს გაუგზავნიან. ხაბეიშვილს მელიას შესახებ კითხვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ფურცელზე დაუწერა.

ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია ნაციონალურ მოძრაობისრიგებში? არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი? მომიწერეთ ხელი ამაზე“.

ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის მიერ ფურცელზე დაწერილ კითხვას წერილობითვე უპასუხა და იმავე ფურცელზე მიაწერა - არ არის, არ წარმოადგენს და თან თავის ხელმოწერა დაურთო.

აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ ენმ-ის წარმომადგენელ ზვიად კუპრავასთან ინტერვიუს გთავაზობთ:

 

- რაც შეეხება ხელმოწერას, ეს არ არის ფაქტობრივი მოცემულობა იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს თავისი წესი და ფორმა. ეს არ იყო ის წესი და ფორმა, რომელიც არის მიღებული და როგორც კანცელარიის გავლით უნდა ხდებოდეს. ეს იყო თოჯინების თეატრი და დადგმული უნიჭო სპექტაკლი, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ის ფორმა, რომელიც პირდაპირ ეთერში მოხდა, ზოგადად, მიუღებელია, მათ შორის, ადამიანურადაც. სამართლიანად ეს ჩარჩოებში რომ არ ჯდება, ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, თუ ახსოვს მკითხველს, შალვა ნათელაშვილმა ადრე, როცა პარლამენტის წევრი იყო, მისწერა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და იყო ასეთი სათაური - პარლამენტის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს მივმართავ, რომ პარლამენტიდან დამითხოვონ. ამაზე პასუხი არ გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ და მერე შალვა ღადაობდა, ამაზე პასუხი რომ გაეცა და დაეკმაყოფილებინა ანუ გავეთავისუფლებინე პარლამენტიდან, თვითონ გამოდიოდა არალეგიტიმური თავმჯდომარეო.

დაახლოებით, მსგავსი შარჟი იყო. არ ვიცი, ეს რას ისახავდა მიზნად და ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე ასე რატომ ზემოქმედებენ. ეს ფორმალობა არ იყო, რადგან თუ მსგავსი დოკუმენტი იქმნება პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, ეს რომელიმე სტუდიაში და ე.წ. კვიპროსული კლუბის რომელიღაც დანაყოფში კი არ იქმნება, არამედ, მსგავსი წერილები შედის კანცელარიაში, რომელსაც ენიჭება შესაბამისი ნომერი, შემდეგ კანცელარია ამ წერილს გზავნის ადრესატთან ანუ პარტიის თავმჯდომარესთან. ეცნობა თავმჯდომარე მის შინაარსს და პასუხობს ამა თუ იმ პასუხით. შესაბამისად, აქ ფორმალობა დაცული არ იყო და ლეგიტიმური ძალა ვერ ექნება, თუმცა დასანანია ის ფორმები, რომლითაც ეს გაკეთდა.

კიდევ ერთხელ ვახსენებ, ეს იყო თოჯინების თეატრი. „იუმორინა“ გამახსენდა, ბოლოს პროექტის ავტორსა და სულის ჩამდგმელს, ჯემალ ბაღაშვილს რომ აცხადებენ, დაახლოებით, ეგ სცენარი იყო. ჩვენ ვიცით ამ შემთხვევაში „ჯემალ ბაღაშვილი“ ვინ არის და ვისი დაკვეთა იყო თოჯინების თეატრის ეს სპექტაკლი. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველი ჟურნალისტები გახდნენ მსხვერპლნი ამ სპექტაკლის, მაგრამ მათაც უნდა იცოდნენ, რომ მსგავსი ტიპის სპექტაკლებში არ უნდა შევიდნენ. მათ უნდა აკეთონ საკუთარი საქმე და არ უნდა იყვნენ დაკავებულნი კონკრეტული პიროვნებებისა და თუნდაც მათი ხელმძღვანელების სურვილების ამსრულებლებად. არ ვერევი ჟურნალისტურ საქმიანობაში, მაგრამ უმძიმესი სანახავია ფოტოები, რომლებიც ვრცელდება - ქალბატონი ჟიჟილაშვილი, რომელსაც მელიას გაგდების ფურცელი უჭირავს ხელში. მას სახეზეც ეტყობა დამოკიდებულება და ზოგადად, რა აღქმაც დარჩა საზოგადოებას, იკითხება ქალბატონი ჟიჟილაშვილის სახეზე. უკიდურესად მძიმე სანახავია ყველაფერი ეს.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, სჯობს, მიხედოს პარტიას, ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ. კი არ უნდა რიცხავდეს,  უნდა იერთებდეს ადამიანებს და ემზადებოდეს გადამწყვეტი ბრძოლისთვის, როცა აბსოლუტურად საპირისპიროს ვხედავთ. იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე შეიცვლება, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მსგავსი ფორმითა და მენეჯმენტით არჩევნებში შესვლა, უბრალოდ, წარმოუდგენელია და ვერ მოხერხდება ასე და ამ ფორმით.

- თოჯინების თეატრი, „კვიპროსული კლუბი“ ახსენეთ და თქვით, რომ იცით, ყველაფერ ამის უკან ვინც დგას... კონკრეტულად და ღიად რატომ არ ამბობთ სათქმელს?

- როგორ არ ვსაუბრობ, „კვიპროსულ კლუბში“ კვიპროსის ადმინისტრაციას კი არა, იქ მყოფ ადამიანებსა და მათ კლუბს ვგულისხმობ...

- კეზერაშვილ გულისხმობთ?

- ცხადია, რა თქმა უნდა, აბა, რა... უშუალოდ მისი სცენარი იკითხებოდა.

- თუ ასე ფიქრობთ, თქვენი აზრით, რა მიზანი უნდა ჰქონდეს?

- მარტივია ამის ახსნა - მელიასი ეშინიათ, რადგან ის არის პოლიტიკური ფიგურა და პარტიაში მყოფი მელია არის საფრთხე. სად - მელია და სად - ხაბეიშვილი, როგორ შეიძლება ამ ორი პოლიტიკური ფიგურის შედარება ერთმანეთთან? ამხელა განსხვავებაა პარტიაში და სანამ ეს ფაქტორი იარსებებს, ეს შიშები იქნება.

- თქვენი აზრით, რისი ეშინიათ, რას იზამს მელია?

- მელიას რეიტინგი, ავტორიტეტი აქვს. გუშინ კი არ მომხდარა მელიას გარიცხვა პარტიიდან, დიდი ხანია, მელია და მისი მხარდამჭერები იგნორირებულნი არიან პარტიის მხრიდან, თითქმის ერთი წელია... მიუხედავად ამისა, მელიას მხარდამჭერთა რაოდენობა, მის მიმართ სოლიდარობა არ კლებულობს იმიტომ, რომ ეს კაცი არის მართალი ამ ხალხთან მიმართებით. ხაზს ვუსვამ - კეზერაშვილთან, ხაბეიშვილთან და სხვებთან მიმართებით, ნიკა მელია მართალია. ეს ბიჭი მართალია და შესაბამისად, ხალხი და მე, პირადად, მელიას კი არ ვუდგავართ გვერდით, არამედ, სიმართლეს. მე პირადად ვუდგავარ სიმართლეს გვერდით და მართალი კაცის დაჩაგვრა ეგრე არ გამოვა. ეგრე ვერ იქნება, ყირაზე დადგება აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომ, დროზე უნდა მოეგონ გონს და ხაბეიშვილმა თავისი ძალისხმევა მიმართოს ხალხის შემოერთებისკენ.

მელია ამ ბრძოლაში არ არის მარტო. ვგულისხმობ, თუნდაც ივანიშვილთან ბრძოლას, თუნდაც შიდა პარტიულ დისკუსიას, მელიას უამრავი ადამიანი უდგას გვერდში, მის სიმართლეს უდგას გვერდით. ასე ვარ მე, მაგალითად და ასეა სხვაც. როდესაც მართალ ადამიანს ექცევი ასე, გარეშე პირს, რომელიც ამას გვერდიდან უყურებს, რა განცდა უნდა დაეუფლოს და როგორ შეიძლება, სურვილი გაუჩნდეს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებისა...

- ამბობთ, ყველაფერი ყირაზე დადგება და არ გამოვა მართალი კაცის დაჩაგვრაო - კონკრეტულად, რის გაკეებას აპირებთ, თუ მელიას მართლაც გარიცხავენ პარტიიდან?

- ვერ გარიცხავენ, ვერ მოხდება ეგ ამბავი! ფიზიკურად წარმოუდგენელია, კომპარტიის შემდეგ, პარტიიდან არავის არავინ გაურიცხავს. მანახეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პარტია, რომელმაც თავისი რიგებიდან გარიცხა ადამიანები. წარმოუდგენელია ეგეთი რამ. ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგია ხაბეიშვილი კი არ არის, ჩვენს იდეოლოგიას არ უნდა ვუღალატოთ. ჩვენი სიძლიერე იყო ის იდეოლოგია, რომელსაც ვატარებდით და არა - ინფრასტრუქტურა, ოფისები, შენობები, ტელევიზიები და ა.შ. არა, ეს ბერკეტია, იდეოლოგია არის ის, რასაც ეფუძნებოდა... „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავი იყო ცოტა ხნის წინ და „ვარდების რევოლუციაა“ ჩვენი იდეოლოგია და მის მიერ მოტანილი სიკეთეები, დემოკრატია და არა - „ქოცური“ დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ჩვენ იდეოლოგია არ უნდა დავკარგოთ, თორემ თუ ეს დავკარგეთ, ოფისები რამდენიც უნდა, იმდენი გახსნან. კაცი თუ არ მოვიდა და ხმა თუ არ მოგვცა... ჩვენ ხმას გვაძლევენ იმ იდეოლოგიის გამო, რომელსაც ვატარებდით ამ პერიოდის განმავლობაში.

- მიიჩნევთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას მელიას გარიცხვის თაობაზე? მას ჯერ მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია ამ საკითხზე...

- ის მუდმივად მკაფიოდ ასახელებს თავის პოზიციას და ამბობს, რომ არავის გაგდება და გარიცხვა პარტიიდან არ შეიძლება. ამას ამბობს წერილებში, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება და ამავდროულად, სოფო  ჯაფარიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელია, მკაფიოდ თქვა, რომ არავის გარიცხვა არ მოხდება და არც იქნება მსგავსი რამ. აქედან გამომდინარე, ვიცით მიხეილ სააკაშვილის პოზიცია და მიუხედავად ამისა, მაინც ხდება ეს ანუ კითხვა ხომ ჩნდება, ვინ არის ამ პროცესების უკან? - მარტივია პასუხი, „კვიპროსის კლუბი“ არის ამ ყველაფრის უკან და ძალიან ვწუხვარ, რომ ჟურნალისტები, რომლებიც პატივცემული ადამიანები არიან, ასეთ დღეში იგდებენ თავს და ქალბატონი ჟიჟილაშვილი, ალბათ, თავის კარიერას შემორჩება იმ ფოტოთი, რომელიც ვირუსულად ვრცელდება ფეისბუქზე.

- თქვენი, მელიას მხარდამჭერების, გეგმები როგორია?

- მე ნიკა მელიას ვუჭერდი მხარს წინასაარჩევნო პერიოდში და მას შემდეგაც, თუმცა როცა იყო საუბარი ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე, მქონდა ჩემი პოზიცია და წარმატებას ვუსურვებდი ყველას, თუმცა რაც დღეს პარტიაში ხდება, ყოვლად წარმოუდგენელია. ეს აჩენს განცდას აბსოლუტური სოლიდარობის ნიკა მელიას მიმართ. ის წერილი, რომელიც ეთერში დაიწერა მხოლოდ მელიას კი არა, მე მეხება, ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს და 50 000 ადამიანს, რომელმაც ხელი მოაწერა მელიას მემორანდუმზე. მე არ ვარ მაგ მემორანდუმის ხელმომწერი, რადგან ველოდებოდი სხვა მემორანდუმებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლეზე ვინმე თვალს დახუჭავს და არ ილაპარაკებს. მელიას ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ ის არის მართალი ამ ადამიანებთან.

- თქვენი გეგმები დაუკავშირდება იმას, რასაც იზამს მელია?

- არა. მე ჩემი დღის წესრიგი და პოლიტიკური ცხოვრება მაქვს და არ ვაპირებ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ამავე დროს არ ვაპირებ შეგუებას ამ ვაკხანალიაზე, რაც პარტიაშია.

რაც ტელევიზიით ვნახე, კრიტიკის გარდა, არაფრის თქმის საფუძველს არ იძლევა. ბოლო პერიოდში თავს ვიკავებდი და ვცდილობდი, ამ თემებში არ გავრეულიყავი, მაგრამ რაც ხდება ბოლო პერიოდში, ეს არის ზღვარგადასული ქმედება და სჯობს, ჭკუას მიუხმოს პარტიის თავმჯდომარემ და საქმე აკეთოს ისე, როგორც უნდა აკეთოს და როგორც იქნება სწორი და არა ისე, როგორც უბრძანებენ, ან კონსულტაციების მეშვეობით გადიან მასთან ყოველდღიურ რეჟიმში - რა და როგორ გააკეთონ მელიასთან მიმართებით. მელია პარტიაში იქნება თუ არა, ის არის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ოპოზიციაში და ყველას მივმართავ, თავი შეიკავონ მსგავსი მკვეთრი ნაბიჯებისგან, თორემ ანალოგიური პასუხი მოჰყვება. ეს არ დაასხამს ჩვენს წისქვილზე წყალს, ცხადია, მაგრამ ვიღაცას ცხვირში მოხვდება ძალიან მწარედ.

ავტორი-თათია გოჩაძე