როგორ უნდა შეწყდეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მკვლელობები - მამუკა არეშიძის ვერსიები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიამდე, გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა. თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მასთან ერთად მყოფი, მისივე თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი კი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა ცოტა ხნის წინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109- და 143- მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

აღნიშნულ საკითხზე ვერსია ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 

- ბატონო მამუკა, რა უნდა გაკეთდეს მსგავსი ტრაგედიების პრევენციისთვის? საერთაშორისო თანამეგობრობის, სამშვიდობო მისიების მეტად ჩართვა იქნება გამოსავალი?

- ჩვენ გვაქვს საქმე ქვეყანასთან, რომელსაც სულ ფეხებზე ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობა და მისი აზრი! ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის პოზიცია მოსკოვისთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე, გვაქვს ორი გზა, შეიძლება ასე ითქვას, იმისთვის, რომ პრობლემა გადავწყვიტოთ - ერთია სამხედრო აქტივობის დაწყება და მცდელობა, რომ უკან დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, როგორც ეს აზერბაიჯანმა გააკეთა და მეორეა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა მომავალში მაინც გვქონდეს გარკვეული ეფექტი...

- რას გულისხმობთ?

- ეს კომპლექსური და ძალიან ვრცელი საკითხია, რომელიც გულისხმობს რბილი ძალის ამოქმედებას, სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში აქტივობას, შესაბამისად, გარკვეულ საზოგადოებრივ ფენებთან მუშაობას, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და ა.შ. ჩამონათვალი უზარმაზარია და ყველაფერი ეს თავის დროზე ჩაფიქრებულიც იყო, მონახაზები არსებობდა, ინიციატივების პაკეტი იყო შექმნილი, მაგრამ ამას შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მოჰყვა.

- საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ხომ არ შეუწყობს ხელს ოკუპირებული რეგიონების ინტეგრირებას - მათთვის საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება?

- დღევანდელი საჯარო პოზიციით უნდა გიპასუხოთ, რასაკვირველია, ეს იქნება პოზიტიურად მიღებული რიგი მოქალაქეების მხრიდან, როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში და ეს განაპირობებს, გარკვეულწილად, საქართველოსთან ინტეგრაციის სურვილს. ეს არის საჯარო გამოსვლის ფორმა.

სერიოზულად თუ მკითხავთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს მათი დიდი ნაწილისთვის, რომლებზეც ჩვენ  ვსაუბრობთ. ამ ადამიანებისთვის მთავარია ხელშესახები ეფექტი.

ჩვენ, მაგალითად, გვქონდა უზარმაზარი მიღწევა - აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებთა ერთი ნაწილი, რომელიც სამკურნალოდ მოდიოდა თბილისში, 2013-14 წლამდე, იღებდა საქართველოს მოქალაქეობის პირადობის მოწმობას, ამის გარეშე ვერ ჩაიტარებდა მკურნალობას და იმ ადამიანებს, რომლებიც აქ მოდიოდნენ სამკურნალოდ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოს მიმართ, ეს იყო მეორე საკითხი, მთავარი იყო - მათ სჭირდებოდათ მკურნალობა, ამიტომ ამ ნაბიჯზე მიდიოდნენ. რატომღაც გაუქმდა ეს და აღარ ხდება.

როდესაც აუცილებლობას ქმნი, ადამიანი იძულებულია, გადადგას ესა თუ ის, შეიძლება თავისთვის არასასურველი, თუმცა სახელმწიფოსთვის საჭირო ნაბიჯიც. ამიტომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭება თუ არა საქართველოს, ეს იქ არ იმუშავებს.

- რატომ, ევროპა არ არის იქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სასურველი?

- როგორ არ არის სასურველი, მაგრამ თუ ცხინვალის საზოგადოებას არ ჩავთვლით, თქვენ თუ გგონიათ, ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა აფხაზეთის ელიტას უკრაინის ომამდე ევროპაში გასასვლელად, ძალიან ცდებით. ნახეთ, მაგალითად, აფხაზური მოდის კვირეული მილანში - შეიძლება, ეს ჩატარდა კუსტარულად, დაბალ დონეზე, მოფარებულში და ამას ხმამაღლა დაარქვეს აფხაზური მოდის კვირეული, მაგრამ ხომ ჩატარდა? ხომ ჩავიდა ეს 40 კაცი იქ? ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ რასაც ხშირად საინფორმაციო სივრციდან იგებენ ჩვენი მოქალაქეები, ეგრე არ არის საქმე. რასაკვირველია, მათ ევროპა უნდათ, მაგრამ ამას საქართველოს გვერდის ავლით, გარკვეულწილად, ახერხებენ. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ და მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და ცდილობენ საქართველოს მეშვეობით მოხვდნენ ევროპაში. არც ეს იცის საზოგადოებამ, რადგან მათი ვინაობის გახმაურება არ იქნება სწორი. სხვათა შორის, ჩრდილოეთ კავკასიელები ბევრად უფრო აქტიურად და დიდი რაოდენობით არიან ამ თემით დაინტერესებულნი, ვიდრე აფხაზეთისა და განსაკუთრებით, სამაჩაბლოს მცხოვრებლები.

- თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ეს იქნება პრევენცია, რომ გინტურის მკვლელობის მსგავსი ტრაგედიები აღარ მოხდეს?

- არა, არ იქნება. თუ არ გვექნება სერიოზული ქოლგა, ცუდ მდგომარეობაში ვიქნებით. ამიტომ ვამბობ, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ვინმეს უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, მათ შორის, მეც არ მომწონს და პირდაპირ ვადანაშაულებ უკრაინის ხელისუფლების რიგ წარმომადგენლებს უვიცობასა და ორმაგ თამაშში.... მაგრამ ეს მეორადი საკითხია და გადავიტანთ, რუსეთმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოს. ეს არის მთელი ამ პროცესის რეცეპტი. თუ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვა, მაშინ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ პრობლემის მოგვარება, რაზეც ვსაუბრობთ, გადაიდება, არ ვიცი, რამდენი ხნით. არავითარი კანდიდიატობა ამას არ უშველის...

 

 

 

 

ავტორი-თათია გოჩაძე