საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რომ გააძლიეროს ჩართულობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმები ბოლო თვეებში - ევროკომისია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროკომისია: საქართველომ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან კავშირების გასაძლიერებლად და გაზარდა რეფორმების გატარების ტემპი ბოლო თვეებში

„მიმდინარე კვირას, ევროპის საბჭოს მივეცით რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველომ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან კავშირების გასაძლიერებლად და გაზარდა რეფორმების გატარების ტემპი ბოლო თვეებში“, - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

განცხადებას თან ერთვის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ, სადაც შეფასებულია საქართველოს მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები გაწევრიანების ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა სექტორულ მიმართულებაში.

ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოში პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიც არის საჯარო სამსახურის რეფორმა, საჯარო ფინანსების მართვა, საარჩევნო რეფორმა, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, საწარმოო და ინდუსტრიული პოლიტიკა, განათლება და კულტურა, მეცნიერება და ინოვაციები.

ანგარიშში განსაკუთრებით დადებით შეფასებას იმსახურებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში არის სტაბილური მაკრო-ეკონომიკური მდგომარეობა, და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებას, საქართველოში, ბოლო 2 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აისახა როგორც ფისკალური დეფიციტის ასევე ქვეყნის საგარეო ვალის მნიშვნელოვნად შემცირებაში.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შემდეგი მიმართულებებით: სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის გაზრდა; საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესება; სასამართლო რეფორმა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ანტი-კორუფციული საბჭოს დაარსება; დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველყოფა.