საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის მიხედვით

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობა ყველაზე სწორი არჩევანია“

„თუ სომხეთი დათანხმდება, მყისიერად დავიწყებთ სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში“, - ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილხამ ალიევის განცხადებაა საქართველოში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობა „ყველაზე სწორი არჩევანია“. დიპლომატიურ ენაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ოფიციალურად ხდება სამშვიდობო ფლაგმანი რეგიონში და ჰაბის ფუნქციასაც იძენს, რაც ევროკავშირის მიერ, ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების წინ, წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, სიტუაცია არც ისე მარტივია, რადგან ამ ყველაფერს ამძაფრებს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი, რომელიც 7 ოქტომბერს, სერიოზულ ომში გადაიზარდა. 7 ოქტომბრის დილიდან, პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ - „ჰამასი“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, მასობრივად დაბომბა ისრაელი. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი ვითარება და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაციას „რკინის ხმლები“ და ახორციელებს საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზას სექტორში. დაღუპულია 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, დაჭრილია ათეულობით ჯარისკაცი, ტყვედ ჩავარდა ასეულობით ადამიანი...

ამ ფონზე, საინტერესოა, თავდაცვისა და უსაფრთხოების რა სტრატეგია აქვს არჩეული ქვეყანას, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებაში, თუკი ასეთი ფაქტი შედგება, მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეასრულოს. გთავაზობთ თავდაცვის პოლიტიკას პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშიდან, რომლითაც 2023 წლის ივლისში, პარლამენტში წარსდგა.  

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერების მიზნით, გრძელდება ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორებთან თანამშრომლობით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება და განახლება. შემუშავდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ ხედვას და ეროვნული თავდაცვის მიზნების შესაბამისად, მათი მიღწევის ერთიანი ძალისხმევის საფუძველსაც ქმნის. იგეგმება დოკუმენტის უწყებათაშორის ფორმატში განხილვა, ხოლო მისი დამტკიცება განიხილება რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ძირითადი კონტურების გამოკვეთის შემდეგ.

„2022 წლის 20 მაისს, აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომელსაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. საანგარიშო პერიოდში, შემუშავდა და წარდგენილ იქნა ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების განხორციელების გეგმები. 2022 წელს, განხორციელდა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების სერიები. 2022 წელს აშშ-ის სპეციალური ოპერაციების გაერთიანებული უნივერსიტეტის (JSOU) მხარდაჭერით, საქართველომ უმასპინძლა რამდენიმე მნიშვნელოვან უწყებათაშორის კურსს, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მედეგობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების განვითარება. 2022 წლის 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველომ წარმატებით უმასპინძლა აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლება - ღირსეულ პარტნიორს, რომელშიც ისტორიაში პირველად მონაწილეობა 20 ქვეყნის 2400-ამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. მიმდინარეობს მომზადება 2023 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი სწავლებებისთვის: მრავალეროვნული სწავლება - Agile Spirit 2023 (აშშ საქართველო) და მრავალეროვნული სწავლება - Maple Arch 2023 (კანადა-საქართველო). 2022 წელს, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის 333 პარაგრაფის  ფარგლებში, დამატებით, 33 მილიონი აშშ დოლარი“, - ვკითხულობთ პრემიერის ანგარიშში.

სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2022 წელს, გერმანიის მთავრობამ, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყო 21.8 მილიონი ევროს გრანტი, რომლითაც საინჟინრო აღჭურვილობა შეისყიდეს.

გრძელდება ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა ფორმატის, პრაქტიკული მექანიზმისა და პროგრამის წარმატებით განხორციელება. თავდაცვის სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება დადებითად ფასდება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ და აისახება სხვადასხვა შეფასების დოკუმენტსა თუ ოფიციალურ განცხადებაში.

„საანგარიშო პერიოდში, სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აქტიურად აგრძელებდა ნატო-ს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონთან თანამშრომლობას. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა აღნიშნული ბატალიონის სრული წევრობისთვის ოფიციალურად გააკეთა განაცხადი. 2023 წლის მარტში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ნატო-ს მიერ გადაეცა 6 საგამოძიებო-კრიმინალისტიკური მანქანა, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 560 520 ევროს.

გარდა ამისა, 2022 წლის ოქტომბერში, თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა კიბერუსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში დაარსებულ „ინტერმარიუმის კიბერუსაფრთხოების კონფერენციას“, რომლის ფარგლებშიც ალიანსის, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს კიბერსივრცეში არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა“.

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა ნატო-სთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების შესახებ სხვადასხვა დონეზე გამართულ შეხვედრაში და ეროვნულ დონეზე, შესაბამის უწყებებსა და ნატო-სთან მჭიდრო კოორდინაციით ახორციელებდა ერთობლივად განსაზღვრულ პრაქტიკულ ღონისძიებებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით.

2022 წლის ნოემბერში, საქართველომ პირველად უმასპინძლა ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე კომიტეტის სხდომა ჩატარდა.

„გრძელდება მუშაობა ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. 2022 წლის 7 დეკემბერს, ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პირველმა მოადგილეებმა შეხვედრა გამართეს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტთან და განიხილეს უსაფრთხოების კუთხით არსებული საერთო გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველოს როლი რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობასა და დაკავშირებადობის განვითარების კონტექსტში. 2023 წლის 25 თებერვალს, თბილისში, გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მორიგი შეხვედრა. საანგარიშო პერიოდში, საქართველო აგრძელებდა ევროკავშირის მისიებში მონაწილეობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში“.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სექტორული ინტეგრაციის კუთხით მიმდინარეობს ფორმალური მოლაპარაკებების პროცესი ევროპის თავდაცვის სააგენტოსა (EDA) და წევრ ქვეყნებთან ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმების მიზნით.

ინტენსიურად მიმდინარეობს ევროკავშირთან თანამშრომლობა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, რომლის შედეგად, ევროპულმა საბჭომ, 2021 2023 წლებში, საქართველოს მხარდაჭერის სამი პაკეტი დაამტკიცა, სულ - 62 75 მილიონი ევროს ოდენობით. მისი მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმ შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას.

„თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების მიზნით, ყურადღება დაეთმო საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, საინჟინრო და მობილურობის შესაძლებლობების განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საცეცხლე-საარტილერიო საშუალებების განვითარებას. თავდაცვის ძალების შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე მობილიზებულია ეროვნული და საერთაშორისო რესურსი.

თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030-ის შესაბამისად, მდგრადი კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების შესაქმნელად დაგეგმილია კიბერსარდლობის ორგანიზაციული მოდელის შემოღება, რომლის მიზანიც კიბერგამოწვევებზე სწრაფი და კოორდინირებული რეაგირებაა“.

2022 წელს, საფუძველი ჩაეყარა კიბერსარდლობის შექმნისთვის საჭირო პირველ ეტაპს. საბრძოლო მოდელირების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა საბრძოლო მოდელირების სისტემის განვითარების გეგმის პროექტი და საბრძოლო მოდელირების სისტემის კონცეფციის პროექტი, რომლის დამტკიცება იგეგმება 2023 წლის ბოლოსთვის.

ავტორი: მაკა რუხაძე