როგორ აფასებს რამაზ საყვარელიძე „ოცნების“ 11-წლიან მმართველობას

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული ოცნების“ დაარსებიდან 11 წელი გავიდა. მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის დემოკრატიული სვლა, წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, ეკონომიკური განვითარება და ფუნდამენტურად შეცვლილი სოციალური პოლიტიკა - მმართველ პარტიაში საკუთარ მიღწევებზე საუბრობენ.

„გარდატეხა სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე“ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დაფუძნებას პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სწორედ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების შედეგად, ქვეყანამ არაერთი საფრთხე აირიდა.

„ქართული ოცნება“ საგარეო მიმართულებით მთავარ მიღწევებად ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლასა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ასახელებს. მმართველი გუნდი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია.

„ქართული ოცნების“ 11 წლის იუბილეს ოპოზიციაც აფასებს და ქვეყნის უკუსვლაში ადანაშაულებს. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყანას ქართველების უცხოეთში მასშტაბური გადინება და მათ ნაცვლად, ოკუპანტების შემოდინება მოუტანა.

„ოცნების“ 11 წელს „ვერსიასთან“ ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აფასებს:

 

- შესაფასებლად მარტივი ერთი ადამიანის ცხოვრებაც კი არაა, არათუ ამხელა ჯგუფის, რომელსაც ხელისუფლება აბარია, მაგრამ საიდანღაც უნდა დავიწყო და რამდენიმე პოზიტივს აღვნიშნავ.

აღარ არის ძალადობა, ამ სიტყვის იმ გაგებით, რითაც ცნობილი იყო სააკაშვილის ხელისუფლება. კერძოდ, ციხე, როგორც ძალადობის ფორმა - ციხეებში მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი იყო დატყვევებული და იქაური პირობები, როგორც ძალადობის უმკაცრესი გამოვლინება; საკუთრებასა და სიცოცხლეზე ძალადობა... „ორი გვამი მინდა“ - გვახსოვს მერაბიშვილის ეს ფრაზა, როცა გვამი ხდებოდა პოლიტიკის ინსტრუმენტი.

კიდევ ერთი ასპექტი ძალადობის გარდა  - სიფრთხილე და კონფლიქტების არიდება საგარეო პოლიტიკაში, რაც გამოიხატა, მაგალითად, ბოლო ხანებში, „მეორე ფრონტის“ თემასთან კავშირში. ყველა ამბობდა და მეც დავეთანხმები, ეს საკითხი რომ წამოჭრილიყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ალბათ, კონფლიქტში აღმოვჩნდებოდით ჩაბმულნი.

ამავე დროს, ბალანსის შენარჩუნება, რომ მოძალადე რუსეთს არც ძალადობის და არც კმაყოფილების საბაბი მისცე, თუმცა რუსეთი მაინც კმაყოფილია, რომ საქართველო არ ჩაერთო მეორე ფრონტის გახსნით უკრაინის კონფლიქტში.  

რუსეთის გაუბრაზებლობის პოლიტიკამ წარმოშვა ქვეყანაში და ნაწილობრივ ქვეყნის გარეთაც კითხვა - „ოცნება“ მიიწევს რუსეთისკენ? მიმაჩნია, რომ არათუ „ოცნება“, არამედ, გაცილებით ძლიერი ქვეყნებიც კი, მაგალითად, ჩინეთი არ მიიწევს მისკენ, რადგან რუსეთი მომხიბვლელი აღარაა. რომ ამბობენ, ეშინიათ რუსეთის და ამიტომ უთმობენო, არც დათმობის ნიშნები ჩანს, რადგან რუსეთისთვის დათმობა, ალბათ, უფრო ბევრ ცხად ფაქტში გამოიხატებოდა. ისიც კი ვერ დასაბუთდა, რომ საქართველოში, სანქციების გვერდის ავლით, რამე ტრანზიტი კეთდება. უცხოური პროფესიული და არაპოლიტიკური ჯგუფები აღნიშნავენ, რომ საქართველო იცავს სანქციებს.

რაც შეეხება უცხოურ და შიდა პოლიტიკურ ჯგუფებს, „ოცნების“ კრიტიკოსი ძალიან ბევრია რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში იმდენად, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. ალბათ, აქედან უკვე იწყება „ოცნების“ შეცდომების ნუსხა, რადგანაც „ოცნებამ“ შიდა და საგარეო პოლიტიკურ სივრცეში ვერ შეძლო იმ იმიჯის შექმნა, რომ ასეთი კითხვები არ გაჩენილიყო.

გავიხსენოთ - სააკაშვილმა მთელი სტრატეგიული ობიექტები დაუთმო რუსეთს, ოღონდ უცხოელებს არ აქვთ კითხვა, რუსეთზე მუშაობდა თუ არა სააკაშვილი... აღიარებენ, რომ სააკაშვილი აჰყვა პროვოკაციას, ან ზოგის აზრით, წამოიწყო 2008 წლის ომი, რომელიც მხოლოდ რუსეთს აწყობდა, მაგრამ იმას მაინც არ ამბობენ, რომ სააკაშვილი რუსეთის ინტერესებით მოქმედებდა. მოვლენები უფრო მკვეთრია სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, რომ სააკაშვილისთვის დაებრალებინათ რუსული ორიენტაცია, მაგრამ არ აბრალებდნენ. გაცილებით ნაკლებია ანალოგიური მოვლენებია „ოცნების“, მაგრამ ამას აბრალებენ.

დაგეგმილია ჩინეთიდან ტრანზიტის გამოვლა კავკასიაზე, მათ შორის, საქართველოზე. ეს ტრანზიტი ადრე გადიოდა რუსეთზე და რუსეთი დაინტერესებულია, რომ ეს პროექტი ჩაიშალოს. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას რუსული პოლიტიკის გატარება რომ ჰქონდეს გეგმაში, ჩაერეოდა უკრაინის ომში და აქ მოაწყობდა არეულობას. ამით რუსული გეგმა იქნებოდა შესრულებული, რადგან ომის ტერიტორიაზე სავაჭრო სატრანზიტო ხაზები არავის გაჰყავს. ასე რომ, იქ ომი აწყობდა რუსეთს და მოხდა, აქ ომი აწყობდა რუსეთს და არ მოხდა.

გავაგრძელებ ხარვეზებზე საუბარს - ის, რომ ეს არ ფასდება, როგორც „ოცნების“ არარუსული პოლიტიკა, რადგან დღეს უკვე პროევროპულობაც ცოტა საკმარისი არაა... ეს საქართველოშია, რომ ორ პოლიტიკურ ხაზს განიხილავენ - ევროპულს და რუსულს. სხვა ხაზებიც არსებობს საქართველოსთვის და ეს რომ შეფასებული არ არის უცხოეთის სივრცეში, უდავოდ ხარვეზია.

- რომელ „სხვა საგარეო ხაზებს“ გულისხმობთ?

- ესაა ჩინური ხაზი, ჩინეთთან დაწყობილი ურთიერთობა, რაც შეუძლებელია მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე. ჩინეთი ძალიან საინტერესო ალტერნატივაა იმ მხრივაც, რომ  ხაზგასმით გაცხადებული აქვს, არ შედის არც ერთ ალიანსში სხვა ქვეყებთან, მათ შორის, რუსეთთან და ჩვენთვის ეს საინტერესოა იმით, რომ რუსეთს ეშინია ჩინეთის. 20 მილიონზე მეტი ჩინელია რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ რუსეთს საყვედური ჩინეთის მიმართ არ წამოსცდენია, რადგან მისი ეშინია.

- ბატონო რამაზ, რატომ არა პროევროპული და პროამერიკული კურსი და რატომ პროჩინური? რატომ სჯობს ჩინეთი დასავლეთს, რომლისკენაც საქართველოს უკვე აღებული აქვს კურსი კონსტიტუციის გარანტიითაც?

- ალტერნატიულად არ მითქვამს, უბრალოდ, დივერსიფიკაციაზე ხომ არის ლაპარაკი, რომ გვქონოდა რამდენიმე ხაზი. უდავოდ, პროევროპულ ხაზზე მივდივართ, მაგრამ ჩინურმა ხაზმა, შეიძლება, ხელი შეგვიწყო ევროპისკენ სვლაში.

- რა კონტექსტში?

- იმ კონტექსტში, რომ ჩინეთიდან ტრანზიტით ტვირთები ევროპაში მიდის. ამდენად, ევროპა ხდება დაინტერესებული, რომ ჰარმონიული ურთოერთობა გვქონდეს ჩვენ და ჩინეთს და თავადაც ჩაერთოს ამ ურთიერთობაში, რათა გააკონტროლოს სატრანზიტო ხაზი. თუ აშშ არ ჩაერია, ევროპა დაინტერესებული იქნება, მოგვცეს კანდიდატობა და წევრობა სწორედ იმიტომ, რომ არსებობს ეს ჩინური პროექტი.

- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ თუ აშშ არ ჩაერია..?

- ჩინეთი აშშ-სთვის კონკურენტია, რადგან შემოსავლის მხრივ, ხან ერთია მსოფლიოში პირველი და ხან - მეორე. ევროპა კი ჩინეთს კონკურენტად არ აღიქვამს.

- წლებია, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ახლა ჩინეთის ანუ როგორც ამბობთ, მისი კონკურენტის სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადება თეთრი სახლისთვის მისაღები იქნება?

- თვითონ აშშ არის ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, ასე რომ, ეს სტრატეგიული პარტნიორობა არ ქმნის ისეთ პირობებს, ულაპარაკოდ გეჭიროს ერთი, რომელიმე მხარე. ესეც ჩვენი თავისებურებაა, თუ ევროპაზე ან აშშ-ზე რამე კრიტიკული თქვი, როგორ შეიძლება?! ასეთი სიტუაცია არსად არაა, რომ რომელიმე პარტნიორ უცხო ქვეყანაზე არ შეგეძლოს რამე კრიტიკულის თქმა. მეჩვენება, რომ საბჭოთა გადმონაშთია, როცა პარტნიორში ვგულისხმობთ იმას, თუ ვისი ვართ. ასე, რუსეთის ვიყავით და ამიტომ, რუსეთზე ცუდის თქმა არ შეგვეძლო და ახლა თუ აშშ-ის ვართ, მასზე ცუდის თქმა არ შეგვიძლია? ცუდის თქმა ყველაზე შეიძლება, თუკი არგუმენტირებული იქნება და მოტივირებული... ყოფილი პროკურორის საქმე წამოწია, ფაქტობრივად, ამერიკულმა მხარემ და შედეგი რა გამოიღო - უფრო ძლიერი პოლარიზაცია, ვიდრე იქამდე იყო ანუ დესტაბილიზაციისკენ მიდის პროცესი, როცა აშშ ერევა პროცესებში ისე, რომ არ არის ამ პროცესებში გარკვეული... აშშ-ს არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა მოჰყვებოდა ამ ამბავს.

- და რა მოჰყვება?

- არაფერი, დაიწყო გამოსვლები და შეტევა ხელისუფლებაზე ოპოზიციის მხრიდან, რამაც შეიძლება, ისევ გააჩინოს დესტაბილიზაციის კერა...

- იმას გულისხმობთ, რომ თუ პრობლემა არსებობს, ამაზე საერთოდ გაჩუმება სჯობს, რადგან დესტაბილიზაცია არ დაიწყოს?  

- აპოლიტიკურ რუსთაველს მოვიშველიებ: „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“... სამედიცინო პრაქტიკაშიც დგას ეს საკითხი, უნდა ვუთხრათ თუ არა ადამიანს, ონკოლოგიური დაავადება რომ აქვს, თუკი ამის თქმით, ის პანიკის გამო გარდაიცვლება. სიმართლეს რომ ვამბობთ, უნდა გვქონდეს სრული სურათი, რა მოჰყვება ამას. სიმართლის თქმასაც თავის დრო და მომენტი აქვს. აშშ ყოველთვის ვერ ახერხებს გაუწიოს ანგარიში იმას, რას რა მოჰყვება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, მოვახერხოთ ამ ტიპის შეცდომებისგან თავის დაცვა...

- რადგან საგარეო პოლიტიკაზე საუბრობთ, როგორია თქვენი პროგნოზი - „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს?

- ვვარაუდობ, რომ თუ აშშ არ ჩაერევა ევროპის გადაწყვეტილებაში, თითქმის გარანტირებულად ვამბობ, რომ მიიღებს, რადგან გვახსოვს, როგორც კი ჩინური პროექტი გამოჩნდა, შოლცმა თქვა, ევროპა უნდა გაფართოვდეს თბილისამდეო. თუ აშშ ჩაერია და სცადა ტრანზიტის ხაზზე ზემოქმედება, შეიძლება, ევროპას გაუჭირდეს ამ ნაბიჯის გადადგმა და ყველამ იცის, რომ თუ კანდიდატის სტატუსი არ მიეცემა საქართველოს, ქუჩა აიფოფრება და დაიწყება დესტაბილიზაცია.

- მიგაჩნიათ, რომ ეს საკითხი გამოიყვანს ხალხს ქუჩაში და სერიოზული პროსტესტის საბაბი გახდება?

- საკითხავია, რას ნიშნავს სერიოზული პროტესტი. 2003 წელს, სააკაშვილმა 30 000 კაცი გამოიყვანა ქუჩაში, მეტი კი არა და ხელისუფლება შეცვალა. ახლა იგულისხმება, რომ ლამის მთელი მოსახლეობა თუ გამოვიდა, ეს იქნება სერიოზული პროტესტი. სერიოზული იქნება ყველა პროტესტი, რომელიც სერიოზულ შედეგს გამოიღებს.

- სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ის მალე პოლიტიკურად გააქტიურდება ხელისუფლების დასამარცხებლად...

- მან აქტიურობის ეტაპი გვანახა, მაგრამ დიდი გავლენა ვერ მოახდინა და ახლა მით უმეტეს გაუჭირდება, რადგან მისი გააქტიურების მსურველები აღარც ოპოზიციაში იქნებიან.

- რას გულისხმობთ?

- ლიდერი ახლა ოპოზიციაში უფრო მეტია, ვიდრე ადრე იყო და თუ გააქტიურდება, მაშინ მათ ლიდერობა სააკაშვილს უნდა დაუთმონ. თქვა კიდეც სააკაშვილმა რაღაც ანალოგიური, მე ვარ ძირითადი ოპოზიციონერიო. ჰოდა, არიან დაინტერესებულნი ეს პოლიტიკური ლიდერები, რომ გვერდზე გაიწიონ და სააკაშვილი დააყენონ ლიდერად ისე, რომ არ ჰქონდეთ ხელისუფლების შეცვლის გარატია?! სააკაშვილი მაინც მიდის ხელისუფლების შეცვლის რევოლუციური სცენარისკენ და რევოლუციური სცენარი სანდო არ არის. რევოლუციური სცენარით მან შევარდნაძის ხელისუფლება კი შეცვალა, მაგრამ შევარდნაძე გადადგა, თორემ რომ არ გადამდგარიყო, ქუჩაში ხალხის ყოფნა არ არის იმის ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლება შეცვალო. ხავერდოვანი რევოლუციების ძირითადი მექანიზმია, თუ შეიძლება ითქვას, ხელისუფლების დანამუსება, რომ ამდენი უკმაყოფილოა ქვეყანაში და გადადექი. თუკი არ გადადგება, მაშინ ხავერდოვანი რევოლუციის მეთოდი ქუჩაში ყოფნისა, არაფრის მომცემი იქნება.

- მოახლოვდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ბევრი, მათ შორის, ოპოზიციის მომხრე ექსპერტიც აცხადებს, რომ ოპოზიცია ვერ არის სათანადოდ აქტიური და ძლიერი ხელისუფლების შესაცვლელად. თქვენ როგორ აფასებთ ოპიზიციის შანსებს?

- ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ოპოზიცია ვერ არის ძლიერი და უნდა ვთქვათ, რითია სუსტი... სუსტია იმიტომ, რომ მხარდამჭერები ჰყავს ცოტა... თავად ოპოზიციას არ გამოუკვლევია ამის მიზეზი არასდროს, თორემ ეს რომ შეესწავლა, დაადგენდა, რომ არიან პიროვნებები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელთა ხშირი გამოჩენით, ოპოზიციის რეიტინგი ეცემა.

დაადგენდა იმასაც, რომ რევოლუციური განვითარება ქვეყანას აღარ აწყობს და პედალირება რევოლუციაზე, აგრეთვე, ძირს აგდებს ოპოზიციის რეიტინგს. გამოკვლევებით დაადგენდა იმასაც, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნა ადამიანების უმრავლესობას არ აწყობს და ასეთი პედალირება - ღირსების საკითხია ჩვენი ასე პასიურად ყოფნა -  ირიბი ბიძგია „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ... ესეც ამცირებს ოპოზიციის რეიტინგს.

- აშშ-მ არაერთხელ განმარტა, რომ არასდროს მოუთხოვია საქართველოსთვის „მეორე ფრონტი“ და არის მოსაზრება, რომ ეს საკითხი რუსული პროპაგანდის ნაწილია...

- ამაზე გავიღიმებ, რადგან ეს კელი დეგნანის ლაიტმოტივი იყო - „რუსული პროპაგანდა“. გავიხსენებ, რომ პედალირება ხდებოდა მეორე ფრონტის მოთხოვნით, უკრაინის მხრიდან. პრეზიდენტის, პოდოლიაკის მხრიდან და ა.შ. რჩევასაც გვაძლევდნენ, რუსული ჯარები ჩვენკენაა და შედით აფხაზეთსა და ოსეთშიო...

- ბატონო რამაზ, „ოცნების“ 11 წლის შესაჯამებლად გკითხავთ - საზოგადოების ნაწილს უჭირს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი... ამ ვითარების გათვალისწინებით, რა შანსი აქვს „ოცნებას“ მოახლოებულ არჩევნებში?

- ხელისუფლებას აქვს შანსი, ოპოზიციის სახით. ხელისუფლებაზე უკმაყოფილო მოსახლეობამ ვიღაც ხომ უნდა აირჩიოს? არ გამოიყურება ოპოზიცია დღეს საიმისოდ, რომ მას მიანიჭონ უპირატესობა. მინუსები ორივე მხარეს აქვს - ოპოზიციას და ხელისუფლებას, მაგრამ მინუსების რიცხვი, მაინც უფრო ნაკლებად მტკივნეული, ჯერჯერობით, ხელისუფლებას აქვს. აი, საკმარისია, რომ ყბადაღებული მესამე ძალა გამოჩნდეს ანუ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არც ხელისუფლების მინუსები ექნება და არც - ოპოზიციის, მაშინ, ის აიღებს ხმებს და დაკმაყოფილდება მოსახლეობის ის დიდი პროცენტი, რომელსაც არ აწყობს არც ერთი და არც - მეორე მხარე.

- არის ახლა ის მომენტი, როცა მესამე ძალის გამოჩენას უნდა ველოდოთ?

- ახალი ძალა თუ გამოჩნდება, დრო ცოტაა საიმისოდ, რომ მოიპოვოს ავტორიტეტი. არის ერთი შანსი, რომელიც საკმაოდ ხშირად მეორდება საქართველოში - მმართველი პარტიის ორად გაყოფა.

- და ეს „მესამე ძალა“ როგორ გამოვა?

- გამოვა... მასეთი დაყოფების შედეგი იყო, შევარდნაძეს რომ გამოეყო სააკაშვილი. სააკაშვილი 9 წელი იყო შევარდნაძესთან, პოპულარობა იმასთან მოიპოვა და იმიტომაც გადავიდა ადვილად ხალხი სააკაშვილის მხარეს და ა.შ.

ასე რომ, ასეთი დაყოფები არ ნიშნავს, ორი მხარე ერთმანეთს გუნდრუკს დაუკმევს, პირიქით, როცა ალტერნატიულები იქნებიან, გახდებიან კრიტიკულებიც, მაგრამ შანსი, რომ ყურადღება მიიქციონ მოსახლეობისგან ამ მოკლე პერიოდში, უფრო მეტია.

 

 ავტორი-თათია გოჩაძე