რას ერჩიან „ლეიბორისტები“ სალომე ზურაბიშვილს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე „ვერსია“ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გუგავას ესაუბრება:

- ბატონო გიორგი, ბოლო დროს, მედიამ აიტაცა შალვა ნათელაშვილის კომენტარი ხელისუფლების განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის შესაძლო აგენტობას ეხებოდა...

- გამოვიდნენ და პირდაპირ დაასახელეს აგენტის ზედმეტსახელი. არ ვიცი, მოგონილია თუ ნამდვილი, მაგრამ თუ ასე ფიქრობდნენ, მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატად რატომ დაასახელეს? რატომ გამოაკრეს საკუთარი სურათები, ტოტალურად რატომ გააყალბეს არჩევნები და რატომ დასვეს პრეზიდენტად? - ასეთი ურცხვობა ამ ხელისუფლებას ახასიათებს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩვენი დამოკიდებულება ცალსახაა და ეფუძნება ობიექტურ მოცემულობას - ის წარმოადგენს ივანიშვილის სპეცდავალებების შემსრულებელს, გაამწესა ივანიშვილმა დასავლეთის მიმართულებით. მოგახსენებათ, რეალურად, რუსული ადმინისტრაცია სისტემურად მართავს დღეს საქართველოს, პრაქტიკულად, სუვერენიტეტი ამ ქვეყნისა გაყიდეს და რაც ემუქრებათ სანქცირების სახით, ცდილობენ, სალომე ზურაბიშვილი გამოიყენონ ამ მიმართულებით... შესძინონ მას მაღალი ლეგიტიმაცია დასავლეთში, რათა თავი გადაირჩინონ ამ სანქციებისგან. ეს ფუნქცია გააჩნია სალომე ზურაბიშვილს და შემიძლია, ამის ობიექტური მტკიცებულებებიც მოგიტანოთ.

- რა მტკიცებულებებზე საუბრობთ?

- როცა ვამბობ, რომ „ოცნების“ სპეცდავალებებს ასრულებს სალომე ზურაბიშვილი, ამის უტყუარი მაგალითებიდან პირველია გარეჯის საქმე. ალბათ, გახსოვთ, ჩაფრინდა პრეზიდენტი ბაქოში, შეხვდა ილჰამ ალიევს და განაცხადა, რომ აუცილებელია, საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია. ჯერ ერთი, ეს არ შედის სალომე ზურაბიშვილის ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებში; მეორე, წლებია, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, დელიმიტაცია-დემარკაცია არ მომხდარა და იმ სადავო მონაკვეთზე თავისუფლად გადადიოდნენ მომლოცველები, სასულიერო პირები და ა.შ. ამის შემდეგ, ქალბატონი პრეზიდენტი გარეჯში ჩავიდა სამხედრო ფორმით, გააკეთა სულელური განცხადებები, რამდენიმე საათში კი უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი დაიკავეს და დღემდე ჩაკეტილია ანუ წაართვეს საქართველოს. ეს იყო სპეცადავალება, რომელიც მან შეასრულა და თუ რამეზე უნდა გამოეცხადოს იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილს, სწორედ ამ საქმეზე.

მეორე მტკიცებულება - როდესაც კრიზისში იყო ხელისუფლება, გახსოვთ, ნათელაშვილის „ფანჩატური“, არ იკრიბებოდა პარლამენტი, არ ჰქონდა ლეგიტიმაცია, რადგანაც ტოტალურად იყო არჩევნები გაყალბებული. სალომე ზურაბიშვილმა თავისი კავშირებით ჩამოიყვანა შარლ მიშელი, ხელი მოაწერინა ცნობილ დოკუმენტზე და შეყარა ოპოზიცია პარლამენტში, „გააპრავეს“ გაყალბებული არჩევნები და ამის შემდეგ, ის დოკუმენტი თავზე გადაახიეს...

- ანუ, ოპოზიცია რომ მაშინ პარლამენტში ერთი-მეორეს მიყოლებით შევიდა, ესეც სალომე ზურაბიშვილის ბრალია?

- რა თქმა უნდა, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის.

- შესაძლოა, კეთილი მიზნით ჩამოიყვანა შარლ მიშელი, რათა ის დამაკავშირებელი ყოფილიყო ბოიკოტში მყოფ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის...

- ვარაუდები პოლიტიკაში არ ხდება, გესაუბრებით შემდგარ ფაქტებზე. ამის გარდა, სალომე ზურაბიშვილი, თავის დროზე, ჩავიდა აშშ-ში, შეხვდა სალივანს, უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს, მაშინ სანქციების პირველი ტალღა დაწყებული იყო და დაარწმუნა ბატონი სალივანი, რომ დასავლური კურსი კონტროლს ექვემდებარებოდა და ა.შ.

და რაც მთავარია, ვხედავთ, ნათია თურნავამ როგორი სპეცდავალება შეასრულა, ასევე, ამ კრიტიკულ სიტუაციაში, სანქციების დროს, როცა დარტყმის ქვეშ დააყენა მთელი ქვეყანა და განაცხადა, ჩვენ სანქციებს არ ვასრულებთო. ის წარდგენილია სალომე ზურაბიშვილის მიერ. ახალი შემადგენლობაც, რომელიც წარდგენილია - ყეინიშვილი და კობახიძის მეჯვარე, ეროვნული ბანკის საბჭოში წევრებად... ვინ წარადგინა? - სალომე ზურაბიშვილმა. ახლაც ვინ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ბატონ ფარცხალაძეს?

- პრეზიდენტმა გამოაქვეყნა განმარტება ამ ბოლო საკითხზე...

- აბსოლუტურად უაზრო განმარტებები. მოქალაქეობა თუ შეუწყდება, რა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს?! რა მნიშვნელობა აქვს, გინდა - საქართველოს მოქალაქე იყოს, გინდა - სხვა ქვეყნის, გნებავთ, მოქალაქეობის არმქონე პირი იყოს, თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ექვემდებარება მართლმსაჯულებას. სინამდვილეში, ეს მოქალაქეობა შეუნარჩუნა იმის გამო, რომ, როგორც ჩანს, რაღაც შავი საქმეები კიდევ აქვს ოთარ ფარცხალაძეს ამ ქვეყანაში განსახორციელებელი. ესეც დავალება იყო...

აქედან გამომდინარე, ზოგი ოპოზიციონერივით რომ გამოაცხადეს დასავლეთის მედროშედ და ისე გაგვიძღვება ევროპისკენ, როგორც თავის დროზე მოდიოდა წმინდა ნინოს ჯვრით, გახსოვთ, ხომ, პილიგრიმობა რომ დაიწყო?.. ეს არის აბსურდი და მეტყველებს ამ ოპოზიციის სიბრიყვეზე, ანდა, უარეს შემთხვევაში, ხელისუფლების თამაშს თამაშობენ შეგნებულად.

- ოპოზიცია თამაშობს ხელისუფლების თამაშს?

- რა თქმა უნდა და ეს ბევრ რამეში გამოიხატება. დაწყებული, გაყალბებული პარლამენტის „გაპრავებიდან“, დამთავრებული იმით, რომ სალომეს წარმოგვიჩენენ ხელისუფლების მთავარ დაპირისპირებულ მხარედ და დასავლეთის მედროშედ.   

- ბატონო გიორგი, წეღან იმპიჩმენტის თემაც ახსენეთ და პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებიც... იურისტი ბრძანდებით და მართებულად მიგაჩნიათ მიზეზი, რის გამოც მმართველი ძალა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ითხოვს?

- მოდით, ამას შევხედოთ არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური თვალსაზრისით. სამართალი, კონსტიტუცია და კანონები, მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდიათ, როცა მათი ინტერესია. აქ არის ორი ფაქტორი - ან უნდათ, რომ დასავლეთის თვალში ლეგიტიმაცია აუწიონ სალომე ზურაბიშვილს, რათა მეტი დამაჯერებლობა ჰქონდეთ და „ლოცვად მუხლმოყრილნი“ დაეცნენ მისი რეზიდენციის წინ ოპოზიციონერები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ, მას აგენტს ეძახდნენ.

მეორე - თუ მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს, ჩაუყენებს ე.წ. პროდასავლურ ჯგუფს სათავეში, მოუყრის თავს მის ირგვლივ ამ ე.წ. ოპოზიციის ნაწილს, რათა არ დაიკარგოს პროდასავლურად განწყობილი ხმები საპარლამენტო არჩევნებისთვის და მერე გაიყვანს პარლამენტში, შეკრავენ კოალიციურ მთავრობას და იქნებიან იგივენი და იგივენი...

- ანუ, ოპოზიციასთან შეთანხმებით ხდება ყველაფერი ეს?

- შეთანხმებით, ილუზორული წარმოდგენები გააჩნიათ, თუ სხვა გზა ვერ ნახეს, რამენაირად შევიდნენ პარლამენტში, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, გეუბნებით ფაქტებს, რომლებიც მეტყველებს, რომ ასეთი ოპოზიციონერები მუშაობენ ხელისუფლებაზე. საბოლოო ჯამში, სასარგებლო იდიოტის როლს თამაშობენ, თუ შეგნებულად და ანგარების მოტივებით აკეთებენ, ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ასეთ სიტუაციაში თამაშობენ ხელისუფლების თამაშს.

საბოლოო ჯამში, სხვა რამე გამოვიდა? აღიარებულიც აქვს „ოცნებას“, რომ მათთვის ყველაზე დიდი კრიზისი, სწორედ ის „ფანჩატური“ იყო, როცა ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდათ და იძულებულნი გახდებოდნენ, რომ არა სულმოკლეობა ოპოზიციისა და საკუთარი სიტყვის გატეხვა, ჩატარდებოდა ხელახალი არჩევნები და არ ვიქნებოდით ასეთი ეგზისტენციალური პრობლემის -  ყოფნა-არყოფნის საკითხის წინაშე.

შევიდნენ პარლამენტში და რა გააკეთეს? ერთხელ ვერ ჩამოაყალიბეს საგამოძიებო კომისია. ქვეყნისთვის რამე პოზიტიური შედეგი დადგა მათი პარლამენტში შესვლით? გაჯანსაღდა საარჩევნო, ან სასამართლო სისტემა? გარდა იმისა, რომ კარგად, თბილად მოიწყვეს საკუთარი მდგომარეობა და ხშირად ხელისუფლებასთან ერთადაც მშვენივრად დადიან მივლინებებში.

- ბატონო გიორგი, 2024 წლის არჩევნებისთვის თქვენს პარტიას რა სტრატეგია აქვს - აპირებთ მონაწილეობას, ახალი პირობების გათვალისწინებით?

- ლეიბორისტულ პარტიას აქვს ერთადერთი გეგმა, რომელიც გამოიხატება ორ რამეში - ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მიმართულებით. აუცილებელია, დასავლეთმა სანქცირება მოახდინოს, რათა მოხდეს რეჟიმის პარალიზება და ჩამოინგრეს გაყალბების სისტემა.

მეორე საკითხი - ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება ეროვნულ-სოციალური ძალა, ისეთი, როგორიც არის ლეიბორისტული პარტია. რაც შეიძლება დიდი ძალით მოვიდეთ, რათა საშუალება გვქონდეს კოალიციური მთავრობის ფორმირებისა, გვინდა, „პირველი ვიოლინო“ ვიყოთ ამ სიტუაციაში.

- ე.ი. ფიქრობთ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა თქვენი პარტიისთვის პრობლემა არ იქნება?

- ლეიბორისტულ პარტიას არასდროს ჰქონია ბარიერის პრობლემა, თუ არჩევნები იქნება ოდნავ სამართლიანი და ჩვენი მიზანია, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

- მხოლოდ სანქციების მეშვეობით ცდილობთ, ამ მიზანს მიაღწიოთ?

- სანქციები გარედან და აქციები შიგნიდან. ხომ ხედავთ, როგორ ჩავარდნენ შოკში ფარცხალაძეზე... აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, სანქციები იქნება ეფექტური და ამას უნდა დაემატოს შიდა, საზოგადოებრივი წინააღმდეგობა. ეს არის ის კომბინაცია, რომელიც გადატეხავს ამ ხელისუფლებას.

- აქციების დროს, გაერთიანდებით იმ ოპოზიციასთან, რომელსაც ასე აკრიტიკებთ, თუ ცალკე თქვენი პარტია გეგმავს ქუჩის პროტესტს?

- აქციებს ვგულისხმობ არა რომელიმე პარტიის მიერ ორგანიზებულს, რომელიც როგორ იყიდება, კარგად ვიცით...

- და, როგორ იყიდება?...

- პარტიების მიერ ორგანიზებული არჩევნები, ნახეთ, რა შედეგით დამთავრდება და ადვილი წარმოსადგენია, რა გარიგებები მოხდა კულუარებში. ვგულისხმობ, საერთო სახალხო აქციებს, რომელიც იყო მარტში, როცა ხალხმა იგრძნო ამ ქვეყნისთვის დიდი საფრთხე და თვითორგანიზებით დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მაშინ ტაქტიკური საკითხი გადაწყდა, უკან გაიწვია ხელისუფლებამ კანონი, მაგრამ ჩვენ საბოლოოდ უნდა გადავწყვიტოთ ამ ხელისუფლების საკითხი, გავანეიტრალოთ საფრთხეები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ძალაუფლებას ჩამოცილებული იქნება არსებული კოლაბორანტი რეჟიმი. თუ ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობა არ იქნება, ისე ეს ხელისუფლება, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, ძალაუფლებას შეინარჩუნებს.

 

ავტორი: თათია გოჩაძე