როგორი ფორმატით ჩატარდება და ვინ მონაწილეობს შუალედურ არჩევნებში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2023 წლის 1 ოქტომბერს პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

"ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები." - აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა

ცესკოს ინფორმაციით, ამ დღეს ქვეყნის მოქალაქეები აირჩევენ გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს. გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან, რომელმაც პარლამენტი საკუთარი სურვილით 2023 წლის თებერვალში დატოვა, ისევე როგორც გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმაც. შუალედური არჩევნები სწორედ ამ მიზეზით ტარდება. 

მმართველმა პარტიამ კანდიდატურები უკვე წარადგინა. გორი-კასპის მაჟორიტარობისათვის კენჭს იყრის გორის საკრებულოს წევრი და გორის უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი სოსიაშვილი, გურჯაანის მერობისთვის კი გიორგი მაჭავარიანი იბრძოლებს.

„დარწმუნებული ვართ, ორივე კანდიდატი მიიღებს ამომრჩევლის მყარ ნდობას. წარმატებებს ვუსურვებ გიორგი სოსიაშვილს და გიორგი მაჭავარიანს - განაცხადა მათი ოფიციალური წარდგენისას მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

შუალედურ არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების აზრით, მათი გამარჯვება პოლიტიკურ ვითარებას არ შეცვლის და ურჩევნიათ, რომ ძალა და ფინანსები მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნებისთვის დაზოგონ.

ქართული ოცნება ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას მარცხის შიშს და დაბალ რეიტინს უკავშირებს.

„ოპოზიცია ძალიან დასუსტებულია, დაბალი რეიტინგი აქვთ. არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მარცხის შიშს ნიშნავს, მაგრამ ეს გასაკვირი არაა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. აქვე, მინდა, ამომრჩევლებს შევახსენო, რომ განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც – ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე ბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად მცირდება წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო.

დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.რა თქმა უნდა, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ფართომასშტაბიანი და აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია აწარმოა, რომელიც მთლიანად ეძღვნება კენჭისყრაში ელექტრონული საშუალებებით მონაწილეობის საკითხს. ჯერ კიდევ არჩევნების დანიშვნამდე განხორციელდა ცესკო-სა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტები: „ცესკო-ს საარჩევნო სკოლა“, „საარჩევნო ბანაკები“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ და ა. შ. ამასთან, ინფორმირების კამპანიის, „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხმრავალ ადგილებში მართავდნენ ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციას, სადაც ამომრჩევლებს პირადად შეეძლოთ ელექტრონული აპარატების საშუალებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა. საარჩევნო სიახლეებთან დაკავშირებით დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ.

ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი