"აფხაზეთი მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის" - ასლან ბჟანია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, თუ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს გრძელვადიანი მშვიდობა, “მაშინ აფხაზეთი მზად არის” დიალოგისთვის.

რუსულ ტელეარხ „ზვეზდასთან“ ინტერვიუში ასლან ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება “გაუძლებს დასავლეთის ზეწოლას” და ე.წ. მეორე ფრონტს არ გახსნის.

„ამ წლის აპრილში ძალიან მძიმე ვითარება იყო, იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თბილისში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია.“ – განაცხადა ბჟანიამ.

ბჟანიას თქმით, საქართველოდან სამხედრო შურისძიების საფრთხე კვლავ არსებობს. მისი განმარტებით, საქართველოში ყოველწლიურად ათამდე სამხედრო წვრთნა ტარდება ამა თუ იმ ფორმით, მათ შორის ნატოს ზოგიერთი ქვეყნის მონაწილეობით:

„დანამდვილებით ვიცით, რომ ამ წვრთნების შემდეგ, რომელიც ტარდება, ტექნიკის ნაწილი, მწყობრიდან გამოსვლის საბაბით, რჩება საქართველოს ტერიტორიაზე და ეს ყველაფერი გროვდება. ჩვენ ვიცით ამის შესახებ და ვგეგმავთ რეაგირებას“.

ამავდროულად, ასლან ბჟანიას მიაჩნია, რომ თუ აფხაზეთის წინააღმდეგ ომი გაჩაღდება, საქართველო მას ვერ მოიგებს და ვერცერთ მიზანს სამხედრო გზით ვერ მიაღწევს:

„დროა გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, განსაკუთრებით კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის. ეს არ გვაშინებს, ჩვენ გვინდა ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში“.

ბჟანია ასევე ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს კონსენსუსი აფხაზეთთან კონფლიქტისადმი დამოკიდებულების საკითხზე:

„ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით არსებული რეალობა და ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება. ამასთან, არიან ადამიანები, რომლებიც ვერასდროს შეეგუებიან რეალობას. ეს არის საქართველოში შიდაპოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. მაგრამ თუ საქართველოს ამჟამინდელ ლიდერებს სურთ უზრუნველყონ ხანგრძლივი მშვიდობა, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამ დიალოგისთვის.”

წყარო:jam-news.