რუსეთმა „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტების“ ერთიან რეესტრში დაამატა „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, ნობელიატი დმიტრი მურატოვი.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დმიტრი მურატოვი მონაწილეობდა „უცხოური აგენტების მიერ მასალების შექმნასა და გავრცელებაში“, ასევე მან „გამოიყენა უცხოური პლატფორმები იმ მოსაზრებების გასავრცელებლად, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“.

მურატოვის გარდა, იუსტიციის სამინისტრომ სიაში დაამატა ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი დენის კატაევი, კომიკოსი რუსლან ბელი, მწერალი ოლეგ რაძინსკი, პოლიტიკოსი მაიბეკ ვაჩაგაევი, ეკონომისტი კონსტანტინ სონინი, ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსი ევგენი კარპოვი, „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი ოქსანა ბარშევა და სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილი მოადგილე მაქსიმ რეზნიკი.

24 ივლისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც აწესებს ჯარიმებსა და დაუგეგმავ ინსპექტირებას იმ პირებისთვის, რომლებიც ეხმარებიან „უცხოეთის აგენტებს“ კანონის გვერდის ავლაში.

ეს დოკუმენტები ავალდებულებს ადამიანებს, ორგანიზაციებსა და საჯარო ხელისუფლებას, რომლებიც არ არიან „უცხოეთის აგენტები“, მაგრამ მათთან ურთიერთობენ, „დაიცვან კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და არ დაეხმარონ მათ“.

ხოლო თუ მარეგულირებელი ორგანოები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფიზიკური ან იურიდიული პირი ეხმარება „უცხოეთის აგენტს“ გადალახოს მისთვის დაწესებული შეზღუდვები, მაშინ ეს შეიძლება გახდეს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ „არაგეგმური შემოწმებების“ ჩატარების საფუძველი.

გარდა ამისა, პუტინის მიერ ხელმოწერილ ცვლილებებში ნათქვამია, რომ „უცხოეთის აგენტს“ არა აქვს უფლება მიიღოს სახელმწიფოსგან ფინანსური და ნებისმიერი სხვა მატერიალური მხარდაჭერა, მათ შორის - შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე დაამტკიცა ცვლილებები რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს ბრძანების შეუსრულებლობის ან დარღვევის აღმოფხვრის შესახებ გაფრთხილების შემთხვევაში, მოქალაქეებს ემუქრებათ ჯარიმა 50 ათას რუბლამდე, თანამდებობის პირებს - 100 ათას რუბლამდე, იურიდიულ პირებს - 300 ათას რუბლამდე.

2022 წლის 1 დეკემბერს რუსეთში ამოქმედდა კანონი „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ“.

ახლა რუსეთს აქვს „უცხოეთის აგენტების“ ერთიანი რეესტრი და იუსტიციის სამინისტროს შეუძლია მასში ჩართოს ნებისმიერი რუსული ან უცხოური ორგანიზაცია ან პირი, თუ ისინი მიიღებენ უცხოურ მხარდაჭერას ან იმყოფებიან უცხოური გავლენის ქვეშ, ან პოლიტიკურად საქმიანობენ ან აგროვებენ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობაზე, რომელიც „შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ“.

გარდა ამისა, კანონის მიხედვით, გაჩნდა „უცხოეთის აგენტებთან“ „აფილირებულ“ პირთა რეესტრიც და ასეთებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც იყვნენ ან ამჟამად არიან „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მქონე ორგანიზაციის წევრები.

თუმცა, „აფილირებულ“ პირებზე „უცხოური აგენტებისთვის“ დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება.

წყარო: radiotavisupleba.ge