“ყველას მოუწევს, გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს”- პაპუაშვილი იმპიჩმენტზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთადერთი რეაქცია და პარლამენტის პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება, კონსტიტუციის დარღვევაზე ყოფილიყო, არის ის, რომ ჩვენ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ქმედებას. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი კონსტიტუციის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს.

„ბოლო რამდენიმე დღეა, ვაკვირდებით სხვადასხვა სახის დისკუსიას, მოტივაციებს, ასე შემდეგ. ქართველმა ხალხმა და, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას. საქართველოს პრეზიდენტი თუ პატივს არ სცემს ჩვენს კონსტიტუციას და ჩვენ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ არავინ არ სცემს პატივს არც ჩვენს კონსტიტუციას და არც ჩვენს სახელმწიფოს. რაც შეეხება ამ ვიზიტებს, ვფიქრობ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების თუ სხვების გამოხმაურებებში არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის აშკარა დარღვევა კონსტიტუციისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. არის მცდელობები, რომ სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ, არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. ეს არის ყველაზე ძირეული საკითხი. კონსტიტუციას სხვა ქვეყნებში მოიხსენიებენ, როგორც ძირითად კანონს და, რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ ძირითად კანონზე, მისი დარღვევა არის აბსოლუტურად მიუღებელი. შესაბამისად, ერთადერთი რეაქცია, რაც შეიძლება ამაზე ყოფილიყო, და პასუხისმგებლობა პარლამენტის მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მისცეს სამართლებრივი შეფასება ამ ქმედებას და ვფიქრობ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი კონსტიტუციის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებიდან ორი კვირის შემდეგ პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დასაწყებად საჭიროა პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერა. უმრავლესობას დეპუტატების ეს რაოდენობა ჰყავს და ამიტომ ჩვენ ამ პროცედურებისთვის მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება ერთი თვე, რათა საკუთარი დასკვნა დადოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო მისცემს შეფასებას ამ ქმედებას, ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი კენჭს უყრის იმპიჩმენტის საკითხს, რომლისთვისაც საჭიროა ასი ხმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას არ აქვს. იმ მომენტში დადგება საკითხი უკვე ყველა პარლამენტის წევრისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნის შემდეგ ყველამ საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რადიკალურ ოპოზიციას რაც შეეხება, მე მგონი, მათ უკვე წინასწარ გააჟღერეს საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მაგრამ ვნახოთ, მოვა მომენტი და ამ მომენტში ექნება ყველას მისაღები გადაწყვეტილება. ვფიქრობ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაც იქნება, საკითხის სიმარტივიდან გამომდინარე, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა და ამის პირობაზე თუკი ვინმე მიიღებს ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ესეც მათთვის პოლიტიკურად მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არდარღვევა. ეს იქნება კიდევ ერთი-ერთი ნიუსპიკი, რომელსაც ბოლო პერიოდში შეეჩვია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, როდესაც ომს არქმევენ მშვიდობას და ტერმინებს ატრიალებენ, მწამებელს არქმევენ დაზარალებულს, ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, არქმევენ პოლიტპატიმარს. აქაც გამორიცხული არ არის, რომ კონსტიტუციის დარღვევას დაარქვან არდარღვევა. ამიტომ რადიკალური ოპოზიციისგან გამორიცხული არაფერია. კიდევ ერთხელ, ეს იქნება მომენტი, გარკვეულწილად ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ყველას მოუწევს, ეს გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.