აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას ჯონდი ბაღათურია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, „ვერსია“ პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურიას ესაუბრება:

 

- ბატონო ჯონდი, აპირებთ თუ არა პოლიტიკურად გააქტიურებას, უახლოეს მომავალში?

- ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ პოლიტიკურ გეგმებში, ამიტომ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

- ოპოზიციამ უკვე დაიწყო არჩევნებისთვის მზადება... რამდენიმე დღის წინ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას ჩაუდგება სათავეში...

- ძალიან დაბალი პერსპექტივა აქვს ნაცმოძრაობას. მთელი ეს ბრბო, რომელიც თავს საპარლამენტო ოპოზიციას უწოდებს, პრაქტიკულად, გარდაიცვალა პოლიტიკურად. „ბოლო ლურსმანი კუბოს თავად ჩააჭედეს“, როცა სრულიად სამარცხვინო სპეკულაცია დაიწყეს რაჭაში მომხდარი ტრაგედიით. ამან აჩვენა, რომ მათი პოლიტიკური პულსი გაჩერდა, „ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდა მიერთებული“ ისინი „ქართულ ოცნებას“, რადგან ძალიან სჭირდება...

- ოპოზიციას გულისხმობთ?

- ნაცმოძრაობას და იმ ბრბოს ვგულისხმობ, რომელიც თავს საპარლამენტო ოპოზიციას ეძახის... ამ ბრბოს მორალის სიმულაციაც არ შეუძლია. ღიად დგანან ღალატის გზაზე, სპეკულანტობენ...

ნაცმოძრაობა აღარ არსებობს, როგორც ელექტორატის მქონე პოლიტიკური სუბიექტი, მაგრამ არსებობენ სააკაშვილის მხარდამჭერები... სააკაშვილმა, კიდევ რამე სისულელე თუ არ ჩაიდინა, შეიძლება 3-4% მოაგროვოს... მეტი დამთავრებულია... სოფო ჯაფარიძეს საერთოდ არ ვიცნობ, შეიძლება, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ საერთოდ არ ვიცი, ვინაა... ადრე ყველას ვიცნობდი, ვინც ნაცმოძრაობაში კომენტარს აკეთებდა, ახლა კი ისეთ ადამიანებზე მეკითხებით, რომელთაც გამოცდილება უნდა ჰქონდეთ...

- კი, მაგრამ პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის აუცილებლობაზე, ხომ, ხშირად საუბრობთ...

- დიახ, გადასარევია ახალი სახეების პოლიტიკაში შემოსვლა, მაგრამ ამას თავის ტექნოლოგია აქვს. არჩევნების წინ, ახალ სახეზე ჩამოჰკიდო ხმების მობილიზაციის პასუხისმგებლობა, ეს მეორე სიბრიყვეა. ხმები უნდა მოაგროვოს მან, ვისაც იცნობენ.

- და თქვენ მიიჩნევთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხმების მხოლოდ 3-4%-ს მოაგროვებს?

- დიახ, პოლიტიკურ სექტას თუ დავარქმევთ, მას ჰყავს ასეთი ტიპის ამომრჩეველი.

- თუმცა, ყველა არჩევნებში, ნაცმოძრაობა გაცილებით მეტ ხმას იღებს, ხოლმე...

- თუ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთა კიდევ ხელისუფლებამ, შეიძლება, კიდევ დაემატოს... ხელისუფლებას ნაცმოძრაობა ჰაერივით სჭირდება, უფრო სწორად, სჭირდება საფრთხობელა იმის საჩვენებლად, მე თუ ხმას არ მომცემთ, ის მოვა ხელისუფლებაშიო და სხვათა შორის, ხელისუფლების რეიტინგმა მოიმატა იმიტომ, რომ სწორად იქცევიან...

- საპარლამენტო ოპოზიციას ბრბოდ მოიხსენებთ, გამყიდველებს უწოდებთ... მკითხველი იფიქრებს, რომ კოლეგებს ასე უდიერად, მტკიცებულებების გარეშე, არ უნდა მოიხსენებდეთ...

- მტკიცებულებების გარეშე, ასე არ მოვიხსენიებ კოლეგებს და კოლეგები არ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სამშობლო გაყიდონ! ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა და ცდილობდა, დავით გარეჯის მონასტრის დიდი ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემას... დღეს, ბრბო რომ დარბის და ტურისტებს ქვებს ესვრის, ეს საბოტაჟი არ არის?

- სხვათა შორის, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა მზაობა, გახდეს დიდი პოლიტიკური გაერთიანების პლატფორმა... სტრატეგია აღმაშენებელი გაერთიანების მომხრეა... როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებთ ასეთ გაერთიანებას?

- მარტივ შეკითხვას დაგისვამთ: ერთს პლიუს ნული, რამდენია? ხუთჯერ რომ დაუმატოთ ერთს ნული, ხომ ისევ ერთი იქნება? ნაცმოძრაობა არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შესაძლოა, 2-3% აიღოს, თუ მიშამ დაუჭირა მხარი. შეიძლება, არ დაუჭიროს მხარი, რადგან მიშა უკმაყოფილოა. იქ რაღაც გადატრიალება მოხდა და ვანოს და „კეზერასთან“ თუ ვერ შეთანხმდა, შეიძლება, სხვას დაუჭიროს მხარი და იმ 2-3%-საც სხვა წაიღებს... დანარჩენი მიამატეთ რამდენიც გინდათ, იმდენი ნული...

- რამე ინფორმაციას ფლობთ, ნაციონალურ ნოძრაობაში, მიხეილ სააკაშვილსა და მერაბიშვილ-კეზერაშვილის დაპირისპირებაზე?

- არა, რა ინფორმაცია უნდა ამას. მოუსმინეთ ქალბატონ ალასანიას და თვითონ მიშას... მისი ბოლო წერილი ნახეთ, ჯერ ხომ ამბობდა, დემენცია მაქვსო, ბოლოს კი გამოაქვეყნა წერილი, პრემიერ-მინისტრობა რომ მოინდომა, აბსოლუტურად ადეკვატური წერილი იყო და კენჭებს ისროდა, უპირატესად, ოპოზიციის ბანაკში და არა ხელისუფლების და უპირატესად, თავისი პარტიის „ბოსტანში“...

- სხვათა შორის, ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ სააკაშვილის კამპანიას არა ხაბეიშვილი, პარტიის თავმჯდომარე, არამედ, საკრებულოს დეპუტატი, სოფო ჯაფარიძე იწყებს...

- დიახ და ხომ არსებობს ქცევის წესები... ხომ უნდა მივხვდეთ ამ ყველაფრით, რაც ხდება... ჯერ ერთი, რატომ უნდა შევიწუხოთ თავი, ნაცმოძრაობაში მიმდინარე რამე პროცესით. ნაცმოძრაობა მთლიანადაა დამოკიდებული ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაზე“. შეიძლება, სუნთქვის აპარატზე შეაერთონ და ის 3-5%, 7-8%-მდე გაუზარდონ...

- როგორც ჩანს, მიგაჩნიათ, რომ მმართველი ძალა უალტერნატივოდ დარჩება ხელისუფლებაში...

- რა თქმა უნდა, მეორე წელია, ხელისუფლება იმდენად სწორად იქცევა პოლიტიკურად და მორალურად, რომ ამას ხალხი ხედავს. ამათ კიდევ ისე შეაზიზღეს ხალხს თავი, რომ ალტერნატივა არ ჩანს.

- ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებთ... კონკრეტულად, რა ნაბიჯები გადადგეს სწორად?

- ხელისუფლების მხარდამჭერი კი არა, ობიექტური შეფასებაა. აბსოლუტურად სწორ საგარეო პოლიტიკურ კურსს მხარი დავუჭირე და ეს ობიექტური რეალობაა.

ხმას მარტო კაი ბიჭობისთვის არ გაძლევენ, მე და ჩემმა კოლეგებმა რომ შევძლოთ და მათი საპირწონე ძალა შევთავაზოთ, შესაძლოა, ხელისუფლებას კონკურენცია გავუწიოთ და საკმაოდ ბევრ ხმას წამოვიღებთ. არის შანსი, რომ რაღაც შევაკოწიწოთ და შევქმნათ, მაგრამ ახლა დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებთ, საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ალტერნატივა შევთავაზოთ. სიმართლე გითხრათ, ვერც პოლიტიკურ სიმწიფეს ვხედავ ამ ფლანგზე... ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ხელისუფლებისთვის მაღალი კონკურენციის შემცველი ფლანგია, ვგულისხმობ კონსერვატიულ, ტრადიციულ ფლანგს, მაგრამ ამ ფლანგზე ყველაზე ცუდი მდგომარეობაა...

- მოკლედ, არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავთ, არა?

- ყოფილი პოლიტიკოსები არ არსებობენ, მაგრამ რაღაც აზრი უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი ფლანგისთვის, შეიძლება, არაა სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ ზოგადად, ქვეყნისთვის, არაა ცუდი მდგომარეობა...

- რას იტყვით ფასების ზრდაზე, სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირესა და იმაზე, რომ დაკარგული ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია? ქვეყანაში არის მუდმივი პოლიტიკური დაპირისპირება...

- მე ვთქვი, ეს პრობლემები მოგვარდა-მეთქი? ვთქვი, რომ არაა ცუდი მდგომარეობა, რადგან ყველაფერ ამის გადაჭრის პერსპექტივა ჩანს ხელმისაწვდომ მანძილზე...

ავტორი: თათია გოჩაძე