შვეიცარია საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარია არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზეა ნათქვამი.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შვეიცარია არ აღიარებს ასევე ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებს, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვებს, მეზღვაურების ვინაობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, დოკუმენტების არაღიარება მოხდება მათი გაცემის თარიღის მიხედვით, ანუ იმის მიხედვით, როდის მოხდა რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ოკუპირება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით კი განისაზღვრა ერთიანი თარიღი - 2008 წლის 26 აგვისტო.

„2008 წლის აგვისტოში რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მიუხედავად შეზღუდვებისა, ვიზები შეიძლება გაიცეს ჰუმანიტარული საფუძვლით, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების მიზეზით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები.