რა სიახლეებს ელის ვახტანგ ძაბირაძე პოლიტიკაში შემოდგომიდან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში პოლიტიკურად პასიური პერიოდია... აგვისტოა და ისვენებენ პოლიტიკოსები, განსაკუთრებით, ოპოზიციის ფლანგზე შეინიშნება უძრაობა... სექტემბრიდან როგორ პოლიტიკურ ახალ სეზონს უნდა ველოდოთ; რა მხრივ გააქტიურდება ოპოზიცია და როგორი იქნება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის სტარტი? – „ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

 

- აგვისტოში არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები შენელებულია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, იქაც კი მუშაობს აგვისტოს თემა.  ასე რომ, საქართველოშიც ასეთი ვითარებაა.

ყველაფერი იწყება სექტემბერში, ახალი პოლიტიკური სეზონი იხსნება. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი წელი საარჩევნოა და პოლიტიკური სპექტრი, თუ ოპოზიციას ვიგულისხმებთ, ჯერ არც დალაგებულა და არაფერი შეცვლილა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. თავისთავად, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები საინტერესოა, მაგრამ ამას, ჯერჯერობით, ოპოზიციური სურათი კარდინალურად არ შეუცვლია.

მაქვს მოლოდინი, რომ სექტემბრიდან „ქართული ოცნება“ იმავე სტილში გააგრძელებს საქმიანობას, როგორც აქამდე. შეიძლება, გარკვეულწილად, შერბილდეს დასავლეთის კრიტიკა... უფრო დიდი მოლოდინი და სურვილი მაქვს, რომ ოპოზიციაში არა რადიკალიზაცია და მიტინგები, არამედ, თვისობრივი გადაჯგუფებები, სტრუქტურული ჩამოყალიბება მოხდეს. ვგულისხმობ, პარტიებს და რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობასაც, რადგან იქ პროცესი შენელებულია. პროცესი რომ დასრულებული არაა, ამაში ვგულისხმობ მელიასა და დღევანდელ მმართველობით რგოლს შორის უთანხმოებას. მათ შორის, ეს პროცესი უნდა დასრულდეს.  

ვფიქრობ, შემოდგომაზე უნდა მოხდეს ოპოზიციის ჩამოყალიბება, რაშიც ვგულისხმობ პოლიტიკური ძალების გამსხვილებას და, ზოგადად, საპროგრამო მონახაზების წარდგენას - პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს. გარდა იმ თემისა, რომ ხელისუფლება პრორუსულია და ისინი არიან პროდასავლელები, ამ ლოზუნგების გარდა, დიდი სიამოვნებით გავიგებდი, რეალურად, რა მიაჩნია პრობლემად ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლება არ ასრულებს და რის გაკეთებას აპირებს თავად - მათი თვალთახედვა როგორია, რა უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს.

აუცილებელია მოსახლეობაში გასვლა და ფეხდაფეხ შემოვლა მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან ერთია, რომ რაღაც პროგრამა გაქვს და მეორეა, ამომრჩეველი დაარწმუნო, რომ მართლა ხარ ამის გამკეთებელი. ნდობა არის ძალიან დაბალი პოლიტიკური სპექტრისა და განსაკუთრებით, ოპოზიციისადმი. „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ არსებული ვითარება შეინარჩუნოს და ოპოზიცია უნდა შეეცადოს, მოახდინოს გარღვევა ამ მიმართულებით. თუ ამას მოახერხებს, ძალიან კარგი იქნება.

- თქვენგანაც და სხვა ანალიტიკოსებისგანაც არაერთხელ გვსმენია, რომ ოპოზიციამ პოპულისტური თემების გარდა, საგნობრივი, თვისობრივი პროგრამა - კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი პოლიტიკური ხედვა უნდა გააცნოს ამომრჩეველს. თქვენი აზრით, რატომ არ იქცევა ასე - არაკვალიფიციურობის გამო?

- ერთი მაცდური რამაა ოპოზიციისთვის - ამომრჩეველთა 80% მიიჩნევს, რომ პროდასავლური კურსი უნდა გვქონდეს. ამას იღებენ ფუნდამენტად და მიიჩნევენ, რომ თუ ამ ადამიანებს მიიმხრობენ, მეტი რაღა საჭიროა... დანარჩენი არაკვალიფიციურობის შედეგიცაა...

იცით, რა? ასე მარტივიც არაა... ყველაფერ ამის გააზრება და ერთ ნიშნულზე დასმა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. პრობლემები რომ ჩამოთვალონ, რა უშლის საქართველოს განვითარებას ხელს, ამ პრობლემების მოგვარებას გააზრებული გეგმა სჭირდება, რაც ითხოვს რთულ მუშაობას.

ამასთანავე, გულზე რომ ხელი დაიდოს კაცმა და თქვას, ოპოზიციაში ადამიანის უფლებებზე ლაპარაკის მორალური უფლება ვის აქვს?.. როცა პროგრამაზე ვსაუბრობთ, ამ თემას ხომ გვერდს ვერ აუვლი? ნაციონალურ მოძრაობას აქვს უფლება, ილაპარაკოს სასამართლოს პრობლემებზე? მიხეილ სააკაშვილი 1995 წლიდან ამ რეფორმას აკეთებს... ამიტომ, თემები შეიძლება ამოვარდეს, მაგრამ ამას უნდა სწორი გააზრება.

მოსახლეობასთან უნდა მიხვიდე... როგორი გულუბრყვილო, პოლიტიკაში ნაკლებად ჩახედულიც უნდა იყოს მოსახლეობა, მშვენივრად ხვდება, ვინ რისი გამკეთებელია, ვის აქვს ამაზე ლაპარაკის უფლება და ვის - არა. კი, შეიძლება მოგისმინონ, არაფერი თქვან, მაგრამ ხმას არ მოგცემენ. შესაბამისად, ოპოზიციას უჭირს ისეთი თემების წამოწევა, რომელიც მას მორალურ პრობლემას არ შეუქმნის. ამიტომაც ითრევენ ფეხს და ეს პრორუსულობა და პროდასავლურობა ყველაზე კარგი თემაა მათთვის.

30 წელია, ამ გზით მივდივართ - ხელისუფლებას ვინც არ მოსწონდა, ყველას აცხადებდა აგენტად და ამ დღეშიც ამიტომ ვართ.

არის მოსალოდნელი, რომ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, იმ რაოდენობის ხალხი გამოვიდეს ქუჩაში, რამდენიც მარტის აქციების დროს? რამდენად უნდა იყოს მზაობა მსგავსი ვითარებისთვის?

- ძალიან მეეჭვება... თუ სტატუსი არ მოგვცეს, რა თქმა უნდა, პროტესტი იქნება, მაგრამ პერმანენტული, ხანგრძლივი და დიდი ტალღა არ იქნება, რატომღაც ასე მგონია. ოპოზიციაც თუ შეეცდება, რომ ეს თემა დიდი საპროტესტო განწყობის შესაქმნელად გამოიყენოს და პერმანენტული აცქიები დააანონსოს, ეს იქნება ოპოზიციის მარცხი. პროტესტი იქნება, მაგრამ არა ისეთი მძაფრი, რადგან ხელისუფლებამ მოახერხა - ოპოზიცია ცდილობს, შექმნას არასტაბილური ვითარება და ჩაგვითრიოს ომში და ა.შ.

მარტის აქციების დროს, იმ კანონთან მიმართებაში სხვა ვითარება იყო. მაშინ, იმ წუთში უნდა ყოფილიყო პროტესტი, რადგან საკითხი წყდებოდა. ამ შემთხვევაში, ყველას მშვენივრად ესმის, რომ აქაური პროტესტით ამ სტატუსს არ მოგვანიჭებენ. ამიტომ ისევ წავა მოლოდინი, რომ აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.

 ავტორი: თათია გოჩაძე