ირაკლი ღარიბაშვილი დევნილებითვის ბინების მშენებლობის ცერემონიას დაესწრო - რაზე ისაუბრა პრემიერმა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები. ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც, დამეთანხმებით, ძალიან მასშტაბურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის ადგილზე კაფსულის  ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო და სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.

„მინდა მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. ჩვენ დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის ძალიან მასშტაბური პროექტი. თქვენ ახლა ხედავთ უკვე მიმდინარე სამუშაოებს. აქ არის გამოყოფილი შვიდი ჰექტარი. სახელმწიფომ გამოყო ეს მიწა და 245 მილიონ ლარამდე იხარჯება, 11 კორპუსი აშენდება, 2400 ბინას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი. 2400 ოჯახს გადაეცემა აქ ბინები და სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ორ წელიწადში, 2025 წლის ბოლომდე მაქსიმუმ, შესაძლოა მანამდეც დასრულდეს. ამ მასშტაბური პროექტის გარდა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ჩვენ დავიწყებთ ზუგდიდში ასევე მასშტაბურ პროექტს. იქ არის 1700 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული. ჩატარებულია ტენდერი და სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. ქუთაისში დავიწყეთ ანალოგიურად, - 700 ოჯახზე არის გათვლილი პროექტი. რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში 150 ოჯახზე იქნება სამუშაოები დაწყებული. ჯამურად, თითქმის 7000-მდე ოჯახი მიიღებს ამ ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და, ჯამურად, თითქმის 700 მილიონ ლარამდე ამ ორი-სამი წლის განმავლობაში. იცით, რომ დევნილებისთვის ძალიან ბევრი ასეთი პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელისუფლებაში მოვედით. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები. ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც, დამეთანხმებით, რომ ძალიან მასშტაბურია, უპრეცედენტოა. მანამდე იყო, ალბათ, ძალიან მცირე რაოდენობა ბინებისა, რომლებიც გადაეცემოდათ ჩვენს დევნილებს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს დევნილებზე, აქ ადგილზე შევუქმნათ ღირსეული პირობები. ასევე გეტყვით, რომ წელს უკვე 1000 ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მაგარი ტემპებით მივდივართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი ჩვენს დევნილებს დარჩებათ საკუთრებაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, მიზანი უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამიტომ, ყველაფერი, რაც დაგვაახლოებს ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან, ეს ყველაფერი არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურა აზარაშვილს, მის გუნდს, ძალიან აქტიურად დაიწყეს ამ სამუშაოების განხორციელება, ტენდერები ჩატარებულია, აუქციონები, გამოცხადებულია გამარჯვებულები, ძალიან მაგარი კომპანიები და ჩვენს დევნილებს მალე გადაეცემათ ძალიან კომფორტული საცხოვრებელი ფართები“, - განაცხადა პრემიერმა.

შენობის ფუნდამენტში სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.

თბილისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო.     თვალჭრელიძის ქუჩაზე სულ 11 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი აშენდება. 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების ყველა ნაბიჯი  ქვეყანას აახლოებს საერთო, დიდ, ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.

„უფრო მთავარს გეტყვით, იგივე ადამიანები და მათი ბელადი სააკაშვილი გახსოვთ, რომ პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე. ეს ადამიანები დღეს ასე ურცხვად ატყუებენ ჩვენს საზოგადოებას და აყენებენ შეურაცხყოფას, რაც მთავარია. ანუ ეუბნებიან, რომ საზოგადოებას რასაც ეტყვიან და ეუბნებიან, უნდა დაიჯეროს ყველაფერი ხალხმა. ესაა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. აი, ამ დამოკიდებულების გამო, თუნდაც ამის გამო, ისინი დღეს და ყოველთვის იქნებიან ხელმოცარული ოპოზიცია. რაც იყო მათთვის დასაშვები თურმე დღეს არის დაუშვებელი, სად არის ლოგიკა. ესე იგი ჩვენი ომის, აგვისტოს ომის შემდეგ, სადაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაიღუპნენ, 10 000-ობით ახალი დევნილი მივიღეთ ჩვენი ქვეყნის შიგნით, რამდენიმე თვეში ამ ომის შემდეგ, გახსოვთ, რომ ჯერ მანამდე კაპიტულანტურ რეზოლუციას ხელი მოაწერინა სააკაშვილმა თავის გუნდის წევრებს, გახსოვთ, რომ აბსოლუტურად, არავითარი კამპანია არ უწარმოებიათ არც სანქციების დაწესების თაობაზე, არც რაიმე შეზღუდვაზე, არაფერზე საერთოდ და ამის შემდეგ ჯერ გადასცეს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და შემდეგ უკვე გახსოვთ, რომ ცალმხრივად მოუშალეს სავიზო რეჟიმი და გახსნეს ფრენები, ჩვენი ომის შემდეგ, მეგობრებო და დღეს გვეუბნებიან, რომ იმის გამო რომ უკრაინაში არის ომი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაჩეროთ, ჩვენი ხალხის მდგომარეობა უნდა გავაუარესოთ, ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე არ უნდა ვიფიქროთ და საერთოდ რაც მთავარია მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი გათვლილია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დიდი იდეის მიღწევაზე, ყველა ეს ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს საერთო, დიდ, ეროვნულ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის ჩვენი უალტერნატივო, სწორი, პრაგმატული და ეროვნული პოლიტიკა, რაც მთავარია. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განაცხადს გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება არის ყურადღების გადატანის მცდელობა.

მემგონი ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი,. ეს არის ტექნიკური საკითხები, რომელსაც ადმინისტრაციები ერთმანეთთან წყვეტენ. ამის საჯაროდ გამოტანა მე ვფიქრობ, არასერიოზულია, უადგილოა, და საერთოდაც, მე ვფიქრობ, არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი მანამდე, ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, გახსოვთ კარგად. მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე გავასაჯაროეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ გაცემული გვქონდა უკვე თანხმობა. ასე, რომ მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. არაფერი არ ხდება საერთოდ, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარია ის ძირითადი საქმეები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა ნაბიჯს სწორად დგამს.

“მე ვფიქრობ, რომ არასწორად აკავშირებთ, თუნდაც აი ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება ვაჭრობის გააქტიურებას, მიმოსვლას და ა.შ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია და არასწორი დაკავშირება. რატომ აგიხსნით. მე გეტყვით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ სწორად, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მე პირადად მქონდა საუბარი და ავუხსენი ჩვენი არგუმენტაცია, მოტივაციაც.

ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა მეგობრებო, ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და მათ პოლიტიკას ჩვენ უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჯერჯერობით. ამას დასჭირდება წლები.

რას ვაკეთებთ, და ვაკეთებთ იმას, რომ თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ბოლო 10 წელიწადში  და ბოლო 30 წელიწადში გააკეთა ქართულმა ოცნებამ. ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა რომელზეც ვერ იოცნებებდა თქვენი პარტიის ვერც ერთი წარმომადგენელი. რატომ მე გეტყვით, ევროპული პერსპექტივით აღიარა ჩვენმა ევროპულმა პარტნიორმა რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი”, - განაცხადა პრემიერმა.

თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, წესით ყველა მოქალაქე უნდა ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. თქვენ რომ იყოთ ობიექტური ჟურნალისტი, მაგ კითხვას დაუსვამდით ხოშტარიას, სააკაშვილის პარტიის წევრებს. მაშინ მეტად დამაჯერებელი იქნებოდა თქვენი კითხვა. კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ წარმოადგენთ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიას, მე გისვამთ კითხვას, რატომ არ უსვამთ კითხვას იგივე ხოშტარიას, რომელიც 10 წლის წინ ამბობდა, რომ ფრენები კარგია, უვიზო რეჟიმი კარგია, ვაჭრობა კარგია. თქვენ მაგ კითხვით ნუ მოდიხართ ჩემთან, - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ იწყებს საქართველო ფრენებს ახლა, როდესაც მთელმა ევროპამ შეაჩერა ფრენები.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა ის არის ქვეყნის მტერი.
 

„მე ერთი რამ მინდა გითხრათ, დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ და არამარტო საქართველოში, არამედ ნატოს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი და ჩვენ სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. მივიღეთ სანაცვლოდ რა? მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის არ გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკაში, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში. ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, მათ შორის თქვენი ინტერესების დაცვა.

ახლა რაც შეეხება, იცით თქვენ რომ ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. მე მქონდა პირადად ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან ახლა ისლანდიაში როცა მქონდა შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი არაფერი არ არის, აქ უცხო არაფერი არ არის. მე განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების, ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა, ეკონომიკა იყოს, ის, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. იცით რა არის, მთავარი არის შედეგი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე უნდა ვიფიქროთ, საქმე არის ის, რომ ყველაფერი ეს რაც მე ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. აიოლებს, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ვაჭრობას განავითარებს კიდევ უფრო და ასე რომ ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც, ასე რომ აქ კითხვები არ არსებობს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტი-საქართველოს კამპანია და რატომ, განვმარტავ. გახსოვთ, რომ სააკაშვილის შემოპარვის დღიდან, მას შემდეგ, რა იგი მოვათავსეთ ციხეში დაიწყო აღვირახსნილი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომ იგი კვდება, მოვწამლეთ, ათასი უბედურება დავმართეთ, მაგრამ ეს მაინც ფეხზე დგას.

გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გასაჯაროვდა იმის თაობაზე, რომ მისმა ოჯახმა ოფიციალურად 1 მლნ დოლარი გადაიხადა აშშ-ში, დედამისმა. კითხვა უნდა დაუსვას „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა მის ოჯახს და ადვოკატებს, საიდან აქვთ ეს 1 მლნ დოლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შეილახოს, მეგობრებო.

მე ძალიან ბევრი მეგობარი, ევროპელი ლიდერი, კოლეგები მესაუბრებიან, მეუბნებიან, რომ ამხელა ზღვარგადასული, აღვირახსნილი კამპანია არ უნახავთ არც ერთი ქვეყნიდან, მეუბნებიან, რომ ეს არის მტრობა, ეს არის მტრობა, სწორედ, რომ ყოველგვარი არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე მათ აწარმოეს მრავალთვიანი კამპანია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების მიზნით, რომ თითქოს ჩვენ აქ ვიღაცეების დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მოვკალით და ა.შ. ამაზე დაყრდნობით მიმართეს მათ სტრასბურგს და ხალხმა მინდა იცოდეს, ყველამ ნახა მგონი ძალიან კარგად, რომ არც ერთი მათი ე.წ. არგუმენტი და ფაქტი არ მიიღო დასაშვებად, არ გაითვალისწინა სტრასბურგმა და სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, პენიტენციური და ის კლინიკა, სადაც მკურნალობს სააკაშვილი, ყველაფერი რაც გაკეთდა, არის სწორი და შესაბამისობაში. მათ უარი უთხრეს ყველა მოთხოვნაზე. ამით დასრულდა ყველა ის ცილისწამება, ბრალდება, რომელიც ისმოდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მისამართით. მე მინდა ახლა კითხვა დავუსვა - ეს ამდენი შეკვეთილი სტატიები და დაფინანსებული სიუჟეტები სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე უცხოეთში, რომ ჩვენ თურმე რუსეთის დავალებით მოვწამლეთ სააკაშვილი, მაგრამ მაინც გადარჩა, რომ ვკლავთ, არ ვემსახურებით და ა.შ. ამაზე რა კომენტარი ექნება მაგალითად იგივე ამ დესტრუქციულ ძალას? ამით, ვფიქრობ, ყველაფერი ითქვა, სახეზეა სიმართლე, ჩვენ არაფერს ვიგონებთ, არაფერს ვმალავთ, ესაა კიდევ ერთხელ აღიარება და ჩვენი სიმართლის გამარჯვება,“- განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ, სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება მოახერხა.

„მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომი არის? აი თქვენ, ჩენი ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, კითხვა დაუსვით ვინც მაგას ავრცელებს, თქვენ გული არ შეგტკივათ ჩვენს სამხედროებზე ან ჩვენს მოქალაქეებზე ან ჩვენს დევნილებზე.

როგორ გინდათ რომ მოაგვაროთ მაშინ. როგორ გინდათ მოვაგვაროთ? არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და არც ევროკავშირი ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ. ამაზე იფიქრეთ ხალხნო, ამაზე უდნა ესაუბროთ ჩვენს ხალხს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. ეს არის მართლაც უპრეცედენტო. ამდენი ომებით ქვეყანა არის დაღლილი. ჩვენ გვჭირდება ამოსუნთქვა, განვითარება, მშვიდობა გვჭირდება. ევროპა საიდან განვითარდა, გაბრწყინდა, ომები არ ჰქონდა.

ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. როგორ მოვახერხეთ, ისწავლეთ გაკვეთილები“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ქვეყნის რეზერვები კი  ისტორიულ მაქსიმუმზე.

„დღეს ქვეყანა მდიდრდება, გესმით თქვენ? ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. დღეს უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ჩვენი ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანას აქვს 5 მლრდ დოლარზე მეტი რეზერვები. გაიზარდა ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარები, ყველაფერი ეს საიდან შევძელით? შევძელით ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად. დღეს ბიზნესი რომ ვითარდება, ეკონომიკა რომ იზრდება, არავის რომ არ აქვს, რამდენიმე ქვეყანას აქვს დღეს მსოფლიოში ჩვენნაირი ეკონომიკური ზრდა, ბოლო ორი წელი ზედმიწევნით. ომამდე სხვათა შორის, ომამდეც იყო 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს ყველაფერი თანდათანობით აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, 700 მლნ ლარი, რომელიც ახლა ჩვენ გამოვყავით და ვუშენებთ დევნილებს სახლებს, საიდან ვუშენებთ, ეს ფული ჩვენ დავბეჭდეთ, ციდან ცვივა, თუ როგორ ხდება ეს? ან პენსიებისა და ხელფასების გაზრდა, ან უამრავი პროექტი, რომელიც ჩვენ დავაფინანსეთ, ამას ხომ სჭირდება დაფიქრება, მეგობრებო. მთავარი მინდა გითხრათ, ევროპას გასაგებია რომ ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს ვუთხარით, რომ ჩვენ ვერ გამოგყვებით ამ პოლიტიკაში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ ვართ ოკუპირებული - 20 % არის ოკუპირებული, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, გვაქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და გვაქვს ჩვენი გამოწვევები. დაანებეთ თავი თქვენ სხვა ქვეყნების ინტერესებზე ფიქრს და მუშაობას. ისინი თავად მიხედავენ საკუთარ ინტერესებს, თქვენი პირადად და გინდა ხოშტარიას, გინდა სააკაშვილის დახმარება არ დასჭირდებათ, დამერწმუნეთ, ისინი კარგად ფიქრობენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპამ 300 მლრდ დოლარი გადაუხადა შარშან რუსეთს. ეს გააშუქეთ, ხალხს უთხარით, რომ თურმე მარტო საქართველო კი არ ვაჭრობს რუსეთთან 1 მლრდ დოლარით წელიწადში, არამედ 300 მლრდ დოლარს უხდის რუსეთს, შარშან ომის დროს. იგივე ამერიკას, მე გითხარით, რომ ვაჭრობა არ შეუწყვიტავს. იმ პროდუქციაზე, რაზეც მათ სჭირებათ, არ შეუჩერებია. ეს ესაუბრეთ ხალხს და არა ეს თქვენი დეზინფორმაციული და დამახინჯებული, მიკერძოებული კითხვები არ უნდა დაუსვათ პოლიტიკოსებს,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.