„პირველად თქვენთან ვამბობ, ცოტა ხანში უმნიშვნელოვანესი ამბავი გამოვა“-თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 თაკო ჩარკვიანი: „ვერ ვიტან ცუღლუტ ტიპებს!“

 

დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტიის - კანონი და სამართალი თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხელისუფლების დავალებით, ნიკა გილაური აპირებს პარტიის შექმნას, რომელშიც გაწევრიანდება ნიკანორ მელია და ხატია დეკანოიძე. ნიკა გილაური კი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, უარყოფს ამ ინფორმაციას:

„ძვირფასო ფბ-მეგობრებო, ათი წელია, არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია.

არც გუშინ, საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“, ან „თუ ეგრე არ იყო, ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“, ვწერ:

აბსოლუტურად ყველა, გუშინ, საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009-2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, - წერს გილაური Facebook-ზე.

გილაური-მელიას მიერ ახალი პარტიის შექმნის დეტალებზე, „ვერსია“ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა:

 

- ეს ინფორმაცია გადავამოწმე და ისე განვაცხადე. მეოთხედი მოვყევი იმ სქემის, რაც უნდა წარმოდგენილიყო. მგონია, რომ ფასი დავუკარგეთ ამ პარტიის შექმნას, როცა ეს გავიგეთ და ინფორმაცია გამოვიტანეთ. მე, პირადად, ჯერ გამიკვირდა ამ გვარის ხსენება - გილაურის. ყოველთვის ფაქტებით მიყვარს საუბარი და როცა მან თქვა, არ ჩავრეულვარ პოლიტიკაში და ათი წლის განმავლობაში ჩემი ხმა არ გაუგიათო, პარალელურად, სრულიად დამოუკიდებლად, ლევან ბეჟაშვილმა ეთერში ძალიან გულწრფელად მოჰყვა, რომ გილაურს არათუ ხმა არ ამოუღია, არამედ, სამი წლის წინ, ნაციონალურმა მოძრაობამ პრემიერად დაასახელა და მან მოითხოვა ძალიან დიდი სია, რაზეც უარი მიიღო. ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ განაწყენდა გილაურიო. ბეჟაშვილმა უპასუხა - არა, პირიქით, ნაწყენები ჩვენ უნდა ვყოფილიყავით, ოპოზიციაში რომაა და ბოლო წლებია, ერთხელ რომ არ შემოუხედავს პარტიაშიო...

ყოფილი ხელისუფლების დროს, მე ოპოზიციაში ვიყავი. სულ მეუბნებიან, ეს შეცდომა იყოო, მაგრამ შეცდომა როგორ იყო?! იმ სამართლებრივ სისტემას ვებრძოდი, რომელსაც ახლაც ვებრძვი და მაშინ მურუსიძე, რომლის პლაკატიც მეჭირა გირგვლიანის დროს, რიგითი იყო, ახლა კი პირველი კაცია! არავინ იფიქროს, რომ ყველაფერი ცუდი უნდა დაიმახსოვროს ადამიანმა და ყველაფერი კარგი უგულებელჰყოს. მახსოვს, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს არაფრით მავიწყდება, თორემ არც ის მავიწყდება, ოპოზიციაში რის გამო ვიყავი...

ყველაფერი ეს რომ მახსოვს, ისიც მახსოვს, ვინ იყო 26 მაისის აქციის დარბევის დროს პრემიერი - ნიკა გილაური.

რომ მეუბნებიან, მერაბიშვილს რატომ არ ახსენებო? - მერაბიშვილი იმდენჯერ ვახსენეთ მე და ჩემნაირმა ოპოზიციონერებმა, რომ იჯდა ეს კაცი, მოიხადა სასჯელი. ამიტომ მანიაკივით, კიდევ ხომ არ დავუწყებ, შენს პარტიას რატომ გულშემატკივრობ-თქო? - თავისი პარტიაა ნაციონალური მოძრაობა, დამფუძნებელი მერაბიშვილია და ხატია დეკანოიძემ ახლა გაიგო, რომ მერაბიშვილის დაფუძნებულ პარტიაში იყო? მისი უწყების მაღალჩინოსანი იყო და გაგიგიათ დეკანოიძის პროტესტის იმ წლებში? - არა! ვერ ვიტან ცუღლუტ ტიპებს!.. ამიტომ ვნახეთ, რომ გილაურს კითხვა არავინ დაუსვა და პასუხი არავინ მოსთხოვა არაფერზე. არ ვიცი, ახლა როგორ წავა ამ პარტიის შექმნის საქმე, რადგან ვფიქრობ, „გავუხუნეთ“ სურვილები, რაც ბუნებრივია... ასეთი ლუსტრირებით, ვფიქრობ, ხელი შევუშალეთ, ჯერჯერობით...

გავაგრძელებ გილაურის შესახებ საუბარს - 2015 წელს ისე ყვაოდა, რომ 120 მილიონად გაიყიდა წყლის კომპანია და 240  მილიონი დოლარის ვალდებულებას, რომელიც აიღო, ყიდვიდან 11 თვეში უხსნის სახელმწიფო ყოფილ პრემიერს, რომელსაც კითხვაც არ დაუსვეს 26 მაისის დარბევაზე. სულ ცოტა, შერჩევითობასთან ხომ გვაქვს საქმე? ასეთი რამდენიმე სქემაა ნიკა გილაურთან დაკავშირებული და პარტიასაც, რომელსაც ქმნიდნენ, მისი ძმა აფინანსებდა.

მოდით, პოლიტიკურად მივუდგეთ ამ საკითხს - სხვათა შორის, გიორგი ვაშაძემ სწორი განცხადება გააკეთა, გვარები არ ვიცი, მაგრამ ივანიშვილი შეეცდებოდა ოპოზიციაშივე პარტიის შექმნასო... ოპოზიციაში შექმნიდა პარტიას, აბა, „ოცნებიდან“ ხომ არ შექმნიდა?

- და ფიქრობთ, რომ ივანიშვილი იდგებოდა ამის უკან?

- იდგებოდა არა, დგას, მისი პროექტი იყო. იმ ქვეყანაში, სადაც დანგრეულია ბიზნესი, სასამართლოში საქმეები აქვთ ბიზნესმენებს, მაგალითად, ხაზარაძეს წაართვეს ანაკლია...

პირველად თქვენთან ვამბობ, ცოტა ხანში უმნიშვნელოვანესი ამბავი გამოვა ჩემი ოჯახის ბიზნესთან დაკავშირებით, გაოცდებით! იმის თქმა მინდა, რომ თუ ოპოზიციაში ხარ და ნამდვილად, პირუთვნელად იბრძვი, გინადგურებენ ყველაფერს... ყოფილ პრემიერს კი, რომლის სახელსაც უკავშირდება 26 მაისის აქციის დარბევა... მაპატიეთ, მაგრამ მინდა, ობიექტური ვიყო - „თვალთხარიას“ ვეძახი გახარიას, ღარიბაშვილს 5 ივლისზე ვთხოვ პასუხს და 26 მაისის დარბევის დროს, პრემიერი იყო გილაური! კითხვა ჩნდება, როგორ ხდება, რომ სახელმწიფო ჩუქნის მილიონებს? - 240 მილიონ დოლარს რომ აჩუქებს, მერე „ვალდებულება“ აქვს, როგორც ჩანს, რომ პარტია გააკეთოს.

- ნიკა მელიაც ახსენეთ ამ კონტექსტში, რა დეტალებს ფლობთ ამ საკითხზე?

- ნიკა მელიასთან იყო მოლაპარაკება.

- რომ ნაციონალური მოძრაობა დაეშალა და გილაურის პარტიას შეერთებოდა?

- რა თქმა უნდა, მანამდე ნიკას სხვასთან სურდა ამის გაკეთება, მაგრამ როგორც სჩვევია, იცუღლუტა და პარალელურად აწარმოებდა მოლაპარაკებას ამ ადამიანთან. სადაც ნიკა მელიაა, იქ რომ ყოველთვის არის ხატია დეკანოიძეც, ეს პოლიტიკურ წრეში ყველამ იცის. ვგულისხმობ, პოლიტიკურ საქმიანობას...

ავტორი-თათია გოჩაძე