ვინ იყო და ვის აძლევდა ხელს ვლადლენ ტატარსკის მკვლელობა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იქნება თუ არა შემდეგი პრიგოჟინი - რა ვერსიები აქვთ ანალიტიკოსებს

2 აპრილს, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში სამხედრო ბლოგერი, კრემლის პროპაგანდისტი ვლადლენ ტატარსკი (მაქსიმ ფომინი) ააფეთქეს. რუსეთმა ტატარსკის მკვლელობის დაგეგმვაში უკრაინა დაადანაშაულა და უკრაინის სპეცსამსახურების მოკავშირედ დაასახელა „აგენტურა“, რომელსაც კავშირი აქვს რუსი ოპოზიციონერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ფონდთან.

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ, 3 აპრილს გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, „დადგენილია, რომ 2 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში ჩადენილი ტერორისტული აქტი ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ“ და მასში ჩართული იყო „აგენტურა იმ პირთა რიცხვიდან, რომლებიც თანამშრომლობენ ე.წ. ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან“.

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებითვე, აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა, რომელიც უკვე დაკავებულია, ნავალნის აქტიური მომხრეა.

„რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, 26 წლის პეტერბურგელი დარია ტრეპოვა, დაახლოებით, ერთი თვის წინ, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მისი ქმარი დიმიტრი რილოვი ამჟამად ემიგრაციაშია. 2022 წლის თებერვალში, ტრეპოვა და რილოვი სანკტ-პეტერბურგში, უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

დიმიტრი რილოვმა გამოცემა SVTV-ს განუცხადა, რომ ის და დარია უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისმა ცოლმა აფეთქების შესახებ არაფერი იცოდა.

 

სანკტ-პეტერბურგის კაფე „სტრიტფუდ ბარი“, სადაც აფეთქება მოხდა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.

რუსული სააგენტოები, სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით, წერდნენ, რომ თვითნაკეთი, რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე, დაახლოებით, 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო, ვლადლენ ტატარსკისთვის ახალგაზრდა ქალის მიერ საჩუქრად გადაცემულ ქანდაკებაში იყო ჩამონტაჟებული.

ტატარსკის სიკვდილის დადასტურებიდან მალევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ ვლადლენ ტატარსკის „პროფესიული საქმიანობა და სამშობლოს სამსახური კიევის რეჟიმის სიძულვილს იწვევდა“. ტატარსკის მკვლელობისთვის უკრაინის დასჯა მოითხოვეს კრემლის პროპაგანდისტებმა - მარგარტა სიმონიანმა და თინა კანდელაკმა.

მათგან განსხვავებით, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, ტატარსკის სიკვდილში არ დაადანაშაულა „კიევის რეჟიმი“ და განაცხადა, რომ რუსეთში „მოქმედებს რადიკალების ჯგუფი“, რომელსაც მთავრობასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს.

სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული კომენტარით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი შეფასებით, რუსეთში, შიდა ტერორიზმის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხი იყო - წერია „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ომის კვლევის ინსტიტუტის“ (ISW) ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსი სამხედრო პროპაგანდისტის მკვლელობა შეიძლება გაფრთხილება იყოს „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებლისთვის, ევგენი პრიგოჟინისთვის.

ინსტიტუტის შეფასების თანახმად, ტატარსკის  მკვლელობა შეიძლება უკავშირდებოდეს კონფლიქტებს რუსულ სახელისუფლებო ელიტებში.

„ტატარსკის მკვლელობა შეიძლება იყოს გაფრთხილება პრიგოჟინისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრემლის რიტორიკას ომის შესახებ და ირიბად მიანიშნებს, რომ სურს რუსეთის პრეზიდენტობა“, - წერს ომის კვლევის ინსტიტუტი“

აღნიშნულ საკითხზე, „ვერსია“ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა:

„რაც მოხდა 2 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში, შეიძლება, ძალიან საინტერესო გაფრთხილებაა და ეტყობა, რაღაც კავშირშია დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან, რომელიც მანამდე, მოსკოვში მოხდა. საერთო ხელწერა ჩანს. რაც შეეხება ტატარსკის, ეს მისი ნამდვილი გვარი არაა, თუმცა ცნობილია, როგორც ბლოგერი, სამხედრო კორესპონდენტი და მისი ასოცირება ხდება უფრო პრიგოჟინთან, რადგანაც ის „ვაგნერის“ ერთგვარ პროპაგანდას ეწეოდა. ჩვეულებრივი პროპაგანდისტი იყო, სამხედრო განხრით და მასზე უკრაინის მხარეს შეიძლება საქმეც ჰქონდა აღძრული. ვერ გეტყვით, მაგრამ ხელაღებით იმის თქმა, რომ ეს მაინცდამაინც უკრაინელებმა გააკეთეს, ძნელია იმიტომ, რომ ისედაც ჰყავდა ბევრი მტერი ისევე, როგორც პროგოჟინს ჰყავს მტრები.

რაც შეეხება მომხდარს, ერთ-ერთ შეხვედრაზე, კაფეში, სადაც ეტყობა, ტატარსკი ჰყვებოდა ფრონტის ხაზის ამბებს, ერთმა ქალმა გადასცა პატარა ქანადაკება, რომელიც თავად ტატარსკის გამოსახავდა. აღმოჩნდა, რომ არანაკლებ 200 გრამი, ტროტილიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული ამ ქანდაკებაში. აფეთქების შედეგად, ტატარსკი დაიღუპა და ოცამდე ადამიანი დაიჭრა“.

„ვერსიასთან“ საუბრისას, ირაკლი ალადაშვილი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ეჭვმიტანილსაც ახსენებს:

„ამ საქმეზე დაკავებულია დარია ტრეპოვა, რომელიც ქმართან ერთად, ანტისაომარი აქციების დროს დააკავეს რუსეთში, მაგრამ აქ საინტერესო ისაა, რომ ამ ქალს არ დაუტოვებია ტერიტორია. თუ მან თავად შეიტანა ბომბი და იცოდა, რომ აფეთქება მოხდებოდა... მას კაფე არ დაუტოვებია და თავადაც დაზიანდა, რაც ცოტა უცნაურად ჩანს.

თუ ეს უკრაინის მხარის მიერაა მოწყობილი, ამას არ აღიარებს. შეიძლება იყოს სხვა ვერსიებიც, იგივე, პროგოჟინის ფიგურასთან დაკავშირებული, რადგან მან ბევრი ხალხი გადაიმტერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან, გენშტაბიდან და ა.შ. თუმცა, არც ეს ნიშნავს, რომ ეს მათ განახორციელეს.

ვერსიები არაერთია, თუმცა ფაქტია, რომ იდეოლოგიური ბრძოლა გადავიდა დივერსიულ-ტერორისტულ აფეთქებებში. ომის დაწყებამდე, კიევის ცენტრშიც აფეთქებდნენ ცნობილ ჟურნალისტებს და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს, კავშირშია რუსეთ-უკრაინის ომთან“.

 

ნათია ზედგენიძე