„ოპოზიცია ვერ შეძლებს ცხელი შემოდგომის აგორებას და ეს იქნება კიდევ ერთი იმედგაცრუება“ - ვახტანგ ძაბირაძის პოლიტიკური ანალიზი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

6 სექტემბერს, პარლამენტში საშემოდგომო სესია დაიწყო. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია კი ქუჩის პროტესტისთვის ემზადება და პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას აანონსებს. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საჯარო პროტესტისთვის აქტიურად ემზადებიან, რათა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. საპროტესტო აქციების თემას განიხილავს ლელო და სტრატეგია აღმაშენებელიც. მართალია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხშირად აკეთებენ განცხადებებს საპროტესტო აქციებისა და სავარაუდო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ, მაგრამ ოპოზიციურ სპექტრს, ამ ეტაპისთვის, ერთიანი გეგმა წარმოდგენილი არ აქვს. საგულისხმოა, რომ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობაც არ განიხილავენ საპარლამენტო ბოიკოტს. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე „ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

- ვადამდელი არჩევნების თემა ახალი არაა, ორი წელია, ამაზე საუბრობენ და, ჯერჯერობით, კონტურები, რომ ვინმემ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, არ ჩანს. მეტიც, მაკვირვებს ოპოზიციისა და კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის „ძველი გვარდიის“ გულუბრყვილობა, რომელიც თავად ხელისუფლებას წარმოადგენდა და შესანიშნავად ახსოვს 2009 წელი, როცა იმდროინდელმა ოპოზიციამ რუსთაველის გამზირი კარვებით გაავსო. მაშინ საპროტესტო ტალღა სამი თვე გრძელდებოდა, თუმცა მშვიდად ისხდნენ კაბინეტებში და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგეს... რატომ დააკმაყოფილებს დღეს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნას, უბრალოდ, არ მესმის. ოპოზიციური ელექტორატი, შესაძლოა, დღეს მართლაც იყოს 60%, მაგრამ აქედან ნაციონალური მოძრაობა ნახევარს თუ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, მოწოდება, რომ შემოდგომა იქნება ცხელი, სერიოზული არ მგონია. აქ მხოლოდ ელექტორატის რაოდენობაზე არაა საუბარი, საზოგადოებაში სხვა განწყობაა. საგარეო ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია, დღეს ენმ-ის მხარდამჭერებსაც კი უფრო მეტად სტაბილურობა უნდათ, ვიდრე ქუჩის ცხელი შემოდგომა. ოპოზიციამ, ორი წელია, ვერაფერი შეძლო და ახლა რა შეიცვალა? რაღაც ახალი მოიგონა? ყველა თემა, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, გავლილია და სიახლე არ არის, რომელიც შეძლებდა ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას და ქუჩაში გამოყვანას. ერთია საარჩევნო ყუთთან მხარდაჭერა და მეორეა ქუჩის პროტესტი. მათი აღრევა ყოველთვის წამგებიანია. შესაბამისად, ცხელ შემოდგომას არ ველოდები. რაც შეეხება 12-პუნქტს, გეგმა არსებობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დეკემბრის ბოლოს არ მთავრდება ვადა. ჩვენმა პარტნიორებმა 2023 წელიც მიამატეს ვადას, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. შესაბამისად, ოპოზიციამ თუ ვერ შეძლო და ჩემი შეფასებით, ვერც შეძლებს ცხელი შემოდგომის აგორებას, ეს იქნება კიდევ ერთი იმედგაცრუება.

- ბატონო ვახტანგ, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, ყოველთვის ვარ მომხრე ვადამდელი არჩევნების, მაგრამ არა იმ „ექსპერიმენტებით“, რასაც ორი წელია, ნიკა მელია ატარებსო. როგორ ფიქრობთ, პრობლემა მართლაც მელიაშია? თუნდაც იმ საკითხში, რომ ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას პროცესები მასშტაბურ საპროტესტო აქციებში ვერ გადაჰყავს...

- როცა სურვილი და რეალობა ერთმანეთს არ შეესაბამება, ლიდერი ვერ შეძლებს საპროტესტო მუხტის აგორებას. თუ მელიას პრობლემაა, მაშინ სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა წაიყვანონ ეს პროცესი ისე, როგორც უნდათ. პოლიტიკურად სააკაშვილის პრობლემა „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა და სააკაშვილი ხელისუფლებისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას. ერთადერთი, თუ ფატალურად არ დასრულდა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ არ მიიყვანს აქამდე პროცესს, თორემ სხვა მხრივ, სააკაშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკასა და ელექტორატზე თითქმის ნულის ტოლია.

- ადვოკატებმაც განაცხადეს, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას გეგმავს... სხვათა შორის, ბოლო ხანს, მისი ფეისბუქ-სტატუსები მხოლოდ უკრაინის თემაზე ქვეყნდება და მესამე პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე აღარ საუბრობს...

- როგორც ჩანს, სააკაშვილი ცდილობს, ხელისუფლებას დაუმტკიცოს, რომ მართლა დაანება თავი ქართულ პოლიტიკას და მთლიანად გადაერთო უკრაინაზე ანუ ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს ციხეს, მაგრამ ეს სხვა თემაა. მე გავლენაზე ვსაუბრობ, როცა ის გადაერთო უკრაინის პოლიტიკაში, მისი პოლიტიკური წონა საქართველოში ძალიან დაეცა... ფაქტორებზე ვსაუბრობ და თუ ლიდერშია საქმე, გადაირჩიონ მელია და სხვა მოიყვანონ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ პრობლემა მხოლოდ ლიდერში არაა. მერწმუნეთ, ამ 30-წლიანი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ საზოგადოებაში არ მომწიფდა პროტესტის მუხტი, ლიდერი ვერ შეძლებს ხალხის ქუჩაში გამოყვანას. ლიდერის ფუნქცია ის კი არაა, რომ ქუჩაში გამოიყვანოს ხალხი, არამედ, ის, რომ მომწიფებულ პროტესტს მისცეს მიმართულება. ასეთი სიტუაცია კი საზოგადოებაში მომწიფებული არაა. არასტაბილური გარემოს შექმნა საქართველოში მხოლოდ რუსეთს აძლევა ხელს და ამის მომხრე არ იქნებიან არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამიტომ როცა აქციებზე საუბრობენ, წინასწარვე უნდა იცოდნენ, რომ ეს არის წაგებული თამაში. ოპოზიციამ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, თავის ფუნქციის შესარულებელი სტარტეგია ვერ მონახა, ამიტომ ათამაშებს ერთსა და იმავე კარტს, მაგრამ არ გორდება პროტესტი. მიუხედავად იმისა, რომ 80% საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერს მხარს, ეს არ ნიშნავს, რომ მათგან თუნდაც 20% ქუჩაში გამოვა.

- მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გგონიათ თუ არა ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ზოგადი პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება და არ სთავაზობს საზოგადოებას კონკრეტულ გეგმას - თავად როგორ ხედავს ამ ქვეყნის განვითარებას. ვფიქრობ, „გაიზარდა“ ამომრჩეველი და მხოლოდ ზოგადი პოსტულატებით აღარ კმაყოფილდება, საჭიროა, თვალნათელი, კონკრეტული გეგმა სხვადასხვა საკითხზე...

- ვერ გავიზიარებ, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად „გაიზარდა“, მაგრამ დანარჩენ ნაწილში, რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ, ახალი არაფერი ჩანს ოპოზიციის მხრიდან არც პოლიტიკური და არც ტაქტიკური თვალსაზრისით. ამიტომაც, ოპოზიციური ამომრჩეველი ვერ ხედავს დაინტერესებას მისი ბედით და პრობლემებით. არავის აინტერესებს სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული ვითარება და ოპოზიციური ტელევიზიები მხოლოდ პოლიტიკურ ან კრიმინალურ თემებზეა გადართული. ყველაფერი ეს არ მუშაობს და იმას ვერ ხვდებიან, რომ სხვა თემა მოსინჯონ მაინც.

- ბატონო ვახტანგ, სამოქალაქო სექტორმა სცადა საპროტესტო აქციების ავანგარდში ჩადგომა, მაგრამ ვნახეთ, რომ უშედეგოდ. ახლა შესაძლოა, ოპოზიციას აქვს გათვლა, რომ იმ ხალხის მასშტაბურ პროტესტს, რომელიც ივლისში რუსთაველზე გამოვიდა, თავად ჩაუდგება სათავეში?

- ჭეშმარიტად არ ვიცი, რა გათვლა შეიძლება, ჰქონდეს ოპოზიციას. მეორე საკითხთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არასამთავრობო სექტორის საქმე არ არის პოლიტიკაში ასეთი ჩარევა, მას აქვს თავისი მიმართულებები, რომელზეც უნდა იმუშავოს. რაც შეეხება ხალხის მასშტაბურ გამოსვლას, ეს ხალხი სიახლის ძიებაშია და ოპოზიციურ ამომრჩეველს უნდა, რომ რაღაც ძალა გამოჩნდეს, რომელიც შეძლებს სიტუაციის გარდატეხას, მაგრამ როცა ნახა, რომ არასამთავრობო სექტორიც ზუსტად იმას იმეორებს, რასაც ოპოზიციური პარტიები, ამიტომაც დაიშალა. ამასთან, სულსწრაფობა გვღუპავს ყოველთვის, რაც ისტორიულად მოგვდგამს ქართველებს, სამწუხაროდ. დაინახეს, რომ დიდი რაოდენობის ხალხი გამოვიდა და ზოგის კანცელარიასთან გადასვლა მოინდომეს, ზოგის - სხვაგან... არ მუშაობს ეს, საჭიროა არა სიტუაციის აფეთქება, არამედ, პროტესტის გამოხატვის თანდათანობით, მეთოდურად ზრდა. ამ მეთოდურ მუშაობას სჭირდება სხვა ახალ, მნიშვნელოვან თემებზე აქცენტირება. მძიმე ვითარებაა სოციალური, ეკონომიკური მიმართულებით. დემოგრაფიული პრობლემის მეორე, უმძიმესი ტალღა დაიწყო. როცა 30 წლის წინ, ხალხი დასავლეთში გადიოდა, ამას, ასე თუ ისე, ვეგუებოდით. დღეს კი 40 წელს მიღწეული ადამიანები, რომელთაც ქვეყნის მშენებლობის ძირითადი ტვირთი უნდა ატარონ, ქვეყნიდან გადიან, რაც კატასტროფაა. თუ ჩვენი ხალხი ასე გაიხიზნება, აქ, ვინ - პენსიონერები დავრჩებით?! ეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული პრობლემაა, რომელიც უნდა ამოსწიონ. მათი გამტყუნება, რომლებიც აქედან გარბიან და უცხოეთში ეძებენ სარჩოს, რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, შენს ქვეყანაში უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ აქ შექმნა პირობები და არა - გაქცევით. სამწუხარო ვითარება გვაქვს და ამ თემებს დამუშავება უნდა... რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რეალობა ასეთია - სტაბილურობა უნდა ხალხს. ეშინია ამ აგრესიის. შესაძლოა, 80% ქუჩაში გამოვიდეს და მხარი დაუჭიროს ევროპაში გაერთიანებას, მაგრამ ისიც საფიქრალია, რომ რუსეთის ეშინია და ხელისუფლების პოლიტიკას, რომელსაც დუმილისა და სიჩუმის მიმართულება აქვს, შეიძლება, გულწრფელად იზიარებდეს ძალიან ბევრი, რადგან იციან, ხიფათი საიდანაც მოდის. უკრაინაში რა ხდება, ხედავს ხალხი და ესეც გასათვალისწინებელია. ეს თემები ოპოზიციამ უნდა გაიაროს და ჩამოყალიბდეს, როგორც სტრუქტურულად, ისე - იდეოლოგიურად. სხვაგვარად ვერ ვხედავ ფიგურას, რომელიც თეორიულად შეიძლება განიხილო, რომ პოლიტიკაში ახალ რეალობას შექმნის. თუ პოლიტიკური ვითარება არ შეიცვალა და გავრილოვის თემის მსგავსი რამ არ მოხდა, არაფერს ველოდები ამ შემოდგომას, ამიტომ ოპოზიციამ უნდა იფიქროს, რა და როგორ გააკეთოს.