ხუთდღიანი ჯოჯოხეთის ქრონიკა - როგორ დაიწყო აგვისტოს ომი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრესბლოგი

 ავტორი: ნინო დოლიძე

 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დღემდე დაკარგულად ითვლება 8 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 ათასამდე.

2008 წლის დასაწყისიდან, მოვლენები შედარებით მშვიდად ვითარდებოდა. მოსკოვის, მისი მარიონეტული რეჟიმებისა და თბილისის მხრიდან, პერიოდულად ვითარების დაძაბვის მცდელობისა და პროვოკაციების თაობაზე, ურთიერთბრალდებები ისმოდა.

სამსახურში მივდიოდი... „თავისუფლების მოედანზეუამრავი ყვითელი ავტობუსი იდგა... ხალხიც ბლომად იყო, ძირითადად, მამაკაცები... გულმა რეჩხი მიყო... ბოლო დღეებში, .. ცხინვალის რეგიონიდან არასასიამოვნო ცნობები მოდიოდა და ავტობუსების დანახვისანავე გავიფქრე, ნეტავ, ცუდი ხომ არაფერი ხდება-მეთქი... ოფისში მისვლისთანავე ტელევიზორი ჩავრთე და... ომი დაიწყო!.. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ერთადერთი, რაც მოვახერხე, თანამშრომელ გოგო-ბიჭებს ვუთხარი, მუშაობის 24-საათი რეჟიმზე გადავდივართ, ვისაც შეგიძლიათ, დარჩით, ვისაც - არა, წადით-მეთქი. ბავშვები დარჩნენ... მთელი ღამენიუსებს“ „ვდებდით“. ასე გაგრძელდა მეორე ესაც ანუ 8 აგვისტოსაც, 9-შიც, 10-შიც... ეს ჯოჯოხეთი ხშირად მახსენდება და იმათზეც ხშირად ვფიქრობ, ვინც რუსული ტყვიების პირისპირ აღმოჩნდა - მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჩვენს ჯარისკაცებზე, ექიმებზე... ისე, ბოლო დროს, ერთგვარი დეჟა-ვიუ მაქვს - მაშინაც მოულოდნელადგააგრესიულდაკრემლი. ახლა მთლად ასე არ არის, მაგრამ ამ რუსი ტურისტებისბითუმადშემოსვლა მაინცდამაინც არ მომწონს. ჰო, მაშინ, 14 წლის წინ, მსოფლიო ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, რომ კრემლში სატანა ცხოვრობდა. ახლა მთელმა პლანეტამ იცის, რომ პუტინი პირსისხლიანია. ამიტომ, არ მგონია, 14 წლის წინანდელი მოვლენები ანუ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველოში ისევ განმეორდეს, მაგრამ ხომ იცით, ეშმაკს არ სძინავს. ამიტომ, შეცდომა რომ არ დავშვათ, მოდით, 14 წლის წინანდელი აგვისტო და მისი წინაპერიოდი გავიხსენოთ...

 ***

2008 წელს, ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებით ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა. სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება.

განცხადებამ რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანდეს.

ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს ნატო-ს პოზიციის საპასუხოდ, „საშინაო მონახაზები“ მზად ჰქონდა.

31 მაისს, რუსეთმა, რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა და სამუშაოები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაასრულა.

პარალელურად, მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლების დაბომბვა თითქმის ყოველდღე მიმდინარეობდა. 30 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო.

ოსურ შეიარაღებულ ფორმირებასა და ქართველ ძალოვანებს შორის ყველაზე სერიოზული შეტაკება პირველ აგვისტოს მოხდა, რომლის შედეგადაც, 6 შეიარაღებული ოსი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. შეტაკების შემდეგ კვლავ გაგრძელდა ნულის, ავნევის, დვანისა და სხვა ქართული სოფლების დაბომბვა.

7 აგვისტოს, ცხინვალში დე-ფაქტო ვიცე-პრემიერ ბორის ჩოჩიევთან მოლაპარაკების გასამართად, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი გაემგზავრა. შეხვედრას უნდა დასწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, თუმცა მან ავტომობილის დაზიანება მოიმიზეზა და თბილისიდან ცხინვალში აღარ ჩავიდა. იაკობაშვილმა მხოლოდ რუსი სამშვიდობოების სარდალთან, მარატ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა და ცხინვალი მალე დატოვა.

8 აგვისტოს, ღამეს, საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. საქართველოს ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან, 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.

ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰარეო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის, სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარიც დაბომბა. დაიბომბა ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები.

რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ, 12 აგვისტოს, ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.

რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება 26 აგვისტოს გამოსცა. მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას დღემდე მხარი მხოლოდ დაჯგუფება „ჰამასმა“ და ნიკარაგუამ დაუჭირეს და ისიც განცხადებების დონეზე.

8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით, რუსულ შეიარაღებულ შენაერთებს კონფლიქტის ზონების გარეთ მდებარე ტერიტორია ერთი თვის ვადაში უნდა დაეტოვებინათ. პირველი ოქტომბრიდან კი საქართველოში პატრულირება ევროკავშირის დამკვირვებლებმა დაიწყეს.

რუსული ჯარების გაყვანის პროცესის შესამოწმებლად, გორის რაიონს 10 ოქტომბერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი ეწვია და რამდენიმე სოფელში ჩავიდა. მისი შეფასებით, მოსკოვმა შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. რუსი ოკუპანტები კვლავ დარჩნენ სოფელ პერევში, რომელიც 12 დეკემბერს, მხოლოდ რამდენიმე საათით დატოვეს.

 

***

14 წელი ისტორიისთვის არაფერია, მაგრამ იმ დედებისთვის, რომლებმაც რუსეთთან უთანასწორო ომში შვილები დაკარგეს, ეს 14 წელი ჩვეულებრივი ჯოჯოხეთია, თუმცა თითოეულმა მათგანმა იცის, რომ გმირი შვილი ჰყავდა, რომელიც სამშობლოს შეეწირა! სწორედ ასეთ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა. ჰოდა, ვიღაცებს, რაც უნდა ეცადონ, რუსეთი ერთმორწმუნე ძმად გაასაღონ, არაფერი გამოუვათ, რადგან ჩვენ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვიცით, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია!

დიახ, კრემლს ჩვენი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ დათვს „ბაბაია“ არ უნდა დავუძახოთ!

ასე რომ, დიდება გმირებს!

და კიდევ: აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა, ვინმეს მოსწონს თუ არა, მსოფლიო გარკვეულწილად შეცვალა! რატომ? - იმიტომ, რომ მსოფლიომ პუტინის რუსეთის ნამდვილი სახე დაინახა...