გიორგი ხელაშვილი: „საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პოლიტიკა

 ავტორი: თათია გოჩაძე

 საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია. ევროკომისია მოსაზრებას ევროკავშირის კითხვარზე საქართველოს მიერ გაგზავნილი პასუხების საფუძველზე ამზადებს. საქართველომ ევროკომისიის 2 700-მდე შეკითხვას უპასუხა, თუმცა რა ჩაწერა დოკუმენტში, უცნობია.

24-25 ივნისის სამიტზე, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტლებას, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუს. რა მოლოდინი აქვთ მმართველ პარტიაში ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მინიჭებაზე? - „ვერსია“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გიორგი ხელაშვილს ესაუბრა:

 - მოლოდინი მაქვს, რომ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამისკენ ჩვენ არაერთი წელია, მივდივართ. წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი მთავარი ლოზუნგი და დაპირება იყო, რომ გავატარებდით ყველა საჭირო რეფორმას, რათა გვქონოდა საფუძველი, 2024 წელს, შეგვეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს პროცესი დაჩქარდა გეოპოლიტიკური ცვლილებების გამო, თუმცა აქამდე გატარებული რეფორმებიც უნდა იყოს საკმარისი, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მით უმეტეს, იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც ჩვენთან ერთად შეავსეს ეს განაცხადი. ამას ყველაზე კარგად მოწმობს კითხვარი, რომელიც საქართველოს გამოეგზავნა და როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ვიცით, ეს კითხვარი შევსებულია ძალიან მაღალ დონეზე, თუმცა საქმე ისაა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს ოთხი დიდი ფაქტორი...

- რას გულისხმობთ?

- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას, ევროკავშირის მხრიდან რეგიონში მიმდინარე ფართო გეოპოლიტიკური და ასევე, ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკური პროცესია. ადვილი არაა გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე, რადგან სამწუხაროდ, ისტორიის დინება ხელს ახალი წევრების შემატებას არ უწყობს, რადგან ევროპაში „დაღლილობაა გაფართოების მიმართ“. ეს გამოიხატება პოლიტიკურ წრეებში, მთავრობებსა და მოსახლეობაში, ვინაიდან წინა გაფართოებები უპრობლემო არ ყოფილა. ევროკავშირი უკმაყოფილოა მიღებული ქვეყნების ტრაექტორიით, როგორც რეფორმების, ასევე, პოლიტიკური წინააღმდეგობების თვალსაზირისით. რაც მეტი წევრია, მით უფრო უჭირთ მიაღწიონ თანხმობას. ეს კი ხელს უშლის ევროკავშირის მომგებიან ჩართულობას საერთაშორისო საკითხებში, ამიტომ ბუნებრივად გაჩნდა გარკვეული სკეპტიციზმი გაფართოების მიმართ.   

მეორე ფაქტორია არსებული გეოპოლიტიკური ვითარება - უკრაინის ომი, პანდემია, საერთაშორისო კონკურენციის ზრდა. უკრიანაში რუსეთის შეჭრა არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ მეორის დაპყრობა, არამედ, ამას ძალიან ფართო ეკნომიკური, პოლიტიკური და იდეოლოგიური შედეგი აქვს, რაც კიდევ უფრო ართულებს პროცესს ევროკავშირის გაფართოების შესახებ. არავის უნდა ომით, კონფლიქტებით, განუვითარებელი ეკონომიკით (უკრაინის შემთხვევაში, ამას ბევრი სხვა რამ ემატება, კორუფცია და ა.შ.) ასეთი ქვეყნის მიღება. ასე რომ, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვენი განაცხადი დაჩქარდა, მაგრამ მეორე მხრივ, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირება ამ პროცესში, არ არის გამორიცხული, რომ უფრო გვირთულებდეს საქმეს, ვინაიდან უკვე მოვყევით ამ დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ქარიშხლის შუაგულში. ეს საით წაგვიყვანს, ჯერ არ ვიცით. შეიძლება, დადებითი აღმოჩნდეს, შეიძლება - უარყოფითი.  

მესამე ფაქტორი კი ის რეფორმებია, რომელიც საქართველომ გაატარა და რაც ევროპული რეგულაციებითა და კრიტერიუმების მიხედვით, უნდა იყოს გადამწყვეტი. ამ მხრივ, ყველაზე მყარად ვდგავართ. პირველი ორი ფაქტორი თუ ჩვენი გავლენის მიღმაა, რაც შეგვეძლო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაგვეკეთებინა, საქართველოს მთავრობამ ბევრი სირთულის, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პანდემიის მიუხედავად, ძალიან კარგად შეასრულა.

აქამდე ევროპა ამას აღიარებდა, იყო ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და ყველაფერი მიდიოდა ლოგიკური დაგვირგვინების - განაცხადის შეტანისკენ, რაც დამოკიდებულია ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ჩვენი შეფასებით, 40-დან 45%-მდე უკვე შესრულებული გვაქვს. 2024 წლისთვის კი 2/3 უნდა გვქონდეს შესრულებული. ასე რომ, ის, რაც ჩვენი შესაძლებლობის ქვეშ იყო, შევასრულეთ კარგად.

მეოთხე ფაქტორი ყველაზე წინააღმდეგობრივია. ევროპის გაფართოების წინა ტალღებს თუ შევხედავთ, განსაკუთრებით აღმოსავლეთით, ხშირად არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ პოლიტიკური მომენტისთვის, რა მდგომარეობა იყო ახალ წევრ ქვეყნებში. როგორც ამბობენ, თუ ვარსკვლავები კარგად იყვნენ განლაგებულნი მათთვის, ბედი თუ გაუღიმებდათ, ისინი უფრო ადვილად შედიოდნენ. ეს მეოთხე ფაქტორი ყველაზე უფრო შემთხვევითია და არ ექვემდებარება ლოგიკას. ვფიქრობ, პირველი ორი ფაქტორი ჩვენ კონტროლს მიღმაა, მესამეში მყარად ვდგავართ, მეოთხე კი ყველაზე წინააღმდეგობრივია.

ეს მეოთხე ფაქტორი, ჩემი აზრით, უკავშირდება პოლიტიკურ პოლარიზაციას, რომელიც ქვეყანაშია. ამან მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს წევრობისთვის, სწორედ ჩვენს მიერ შესრულებულ შედეგებთან ერთად, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მიმდინარე პოლიტიკური მომენტის საკითხი. საწყენია, რომ არსებობს ძალიან მწვავე დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელშიც ჩართულნი არიან, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ლობისტები, მედია - ყველაფერი ეს, საქართველოს არცთუ დადებითად წარმოაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე და ევროპული მთავრობების თვალში.   

- ბატონო გიორგი, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მმართველი ძალისგან ვისმენთ, რომ ევროპარლამენტარებზე გავლენას საქართველოს ოპოზიცია ახდენს. აქ ჩნდება კითხვა - თუ ოპოზიციას აქვს იმხელა ძალა, რომ ასეთი მასშტაბური გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტზე, რატომ არ აქვს ამის ძალა საქართველოს ხელისუფლებას?

- ეს გამომდინარეობს ორი მიზეზიდან - ევროპა დღეს გაფართოების წინააღმდეგია. მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ ამ თვალსაზრისით, საქმის გაფუჭება გაცილებით ადვილია, ვიდრე საქმის გაკეთება. რომ გადახედოთ უკრაინისა და მოლდოვას ოპოზიციის ქმედებებს, ისინი ახლოსაც კი ვერ მოვლენ თავისი ნეგატიურობით იმასთან, რასაც აკეთებს საქართველოს ოპოზიცია, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე. არადა, ვითარება დემოკრატიულობის, განვითარების, პროგრესის თვალსაზირისით, გაცილებით უკეთესია საქართველოში, ვიდრე ამ ორ ქვეყანაში. ამაშია განსხვავება, რამდენად გაქვს სურვილი, რომ შენი ქვეყნის შიდა პრობლემები გახადო საერთაშორისო ზიანის საფუძველი. ამაში ქართული ოპოზიცია ჩემპიონია. უცხოელები არ იწყებენ პარტიების რეიტინგის გაზომვას და როცა ხედავენ, რომ თითქმის ყველა ოპოზიცია ერთხმად საუბრობს და აზვიადებს შიდაპოლიტიკურ პრობლემებს, იჯერებენ, რომ აქ რაღაც სასწაული ხდება...

- ამბობთ, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის კრიტერიუმები კარგად შეასრულა, თუმცა შეგახსენებთ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებას. წარმოვადგენ იმ სოციალურ ფენას, რომლისთვისაც კატასტროფულად გაძვირებული ფასების გამო, ფინანსური პრობლემები ყოველდღიურობად იქცა.  

- დიახ, ისევე, როგორც მე. არ ვარ მდიდარი ადამიანი...

- მაშინ ამიხსენით, რა მხრივ გადაიდგა წინ ნაბიჯები, რა გაკეთდა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით?

- რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ეს საერთაშორისო პრობლემაა. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ვაღიარებ, რომ ფასები ძალიან გაზრდილია, მაგრამ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მაჩვენებელს რომ შევხედოთ, ცუდი შედეგი არ გვაქვს წლიური ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჯერ პანდემიამ და შემდეგ უკრაინის ომმა ისეთი ცვლილებები გამოიწვია, რომ ჩვენი კალიბრის ზოგ ქვეყანაში გაცილებით ცუდი მდგომარეობა შეიქმნა. დღეს, ყველა მთავრობას მსოფლიოში, ეს პრობლემა აქვს. სუბიექტურად და ობიექტურადაც მიმაჩნია, რომ რეფორმები, რაც „ოცნებამ“ გაატარა ბოლო ათ წელიწადში, უკეთესობისკენაა მიმართული. „ქართული ოცნების“ ჩვენს თაობას, ბოლო ორი წლის განმავლობაში ვინც ვართ ხელისუფლებაში, ყველაზე უფრო ცუდი მემკვიდრეობა გვერგო რეგიონული, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, ვიდრე იყო მანამდე.

- ბატონო გიორგი, რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვეს. ამას რით ხსნით?

- რეზოლუციაში ჩაწერილი ეს საკითხი, ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კონიუნქტურის შედეგია და ამიტომ იურიდიული ძალა არ აქვს. ვამბობთ და ვიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ის ახლა კერძო მოქალაქეა და შესაბამისად, მის მიმართ დაწესებული სანქციები ქვეყანაზე პოლიტიკურად ვერ აისახება. არ მჯერა, რომ სადმე სანქციებზე სერიოზული საუბარია, მაგრამ თუ თეორიულად დავუშვებთ, ეს მხოლოდ დააზარალებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ქველმოქმედებასა და ბიზნესებს, რომლებიც საქართველოში, ფონდი „ქართუს“ ხელშეწყობით მოქმედებს და მთავრობისთვის მხოლოდ ამის გამო იქნება პრობლემა, რადგან ეს კიდევ უფრო მეტ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის, თორემ პირდაპირ მთავრობის წინააღმდეგ, ამას არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური შედეგები არ ექნება.