26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ 5 ქალაქში გაიმართება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ფიცის დადების ცერემონიასთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, რომლის თემაც იქნება „ევროპისკენ“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ღონისძიების ორგანიზატორმა თათა სვანაძემ განუცხადა, რუსთაველის გამზირზე ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფიცის დადების ცერემონია 12:00 საათზე თბილისსა და კიდევ 5 ქალაქში გაიმართება.

„26 მაისი, წინა წლებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კონცეფციის მატარებელია, წელს საქართველოს განაცხადი ნათელი და მკაფიოა, რომ ჩვენ გვინდა და ვთანხმდებით ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე, ჩვენი ისტორიით, ფასეულობებითა და ღირებულებებით, წლევანდელი თემა იქნება „ევროპისკენ“. ამ თემის გარშემო იქნება 11:00 საათიდან რუსთაველის გარშემო სხვადასხვა აქტივობა, როგორც შემეცნებითი, ისტორიული, საგამოფენო სტენდები, სივრცეები, ასევე საბავშვო ზონები და ა.შ. ხოლო 17:10 საათზე, უკვე ტრადიციად ქცეულ დროს გაისმება საქართველოს ჰიმნი. ეს არის დრო, როცა ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

რაც შეეხება ფიცის დადების ცერემონიას, 12:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, დაიწყება ფიცის დადების საზეიმო ცერემონია, რომელიც თბილისის გარდა, პირდაპირი ეთერით 5 სხვადასხვა ქალაქიდან გადმოიცემა. ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 20:30 საათზე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომლის თემაც ასევე იქნება „ევროპისკენ“,- განაცხადა თათა სვანაძემ.