ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მმართველობა რუს ექსპერტებს, რომლებიც აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე ისაუბრებენ, აფხაზეთში შესვლას აუკრძალავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთის დეფაქტო მმართველობა ემუქრება იმ რუს ექსპერტებს, რომელთაც „რესპუბლიკის დამოუკიდებელი სტატუსის შეცვლა სურთ“. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა, ასეთი იდეის მქონე ყველა პოლიტოლოგი არასასურველ პირად – „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადოს. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთში შესვლის აკრძალვასაც გულისხმობს.

დეფაქტო ოფიციალურმა სოხუმმა ძალიან მტკივნეულად მიიღო აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების იდეა, რომელიც რუსეთის ზოგიერთ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეში გაჩნდა.

აფხაზეთის უარს, გაჰყოლოდა ცხინვალის გზას, რომლის დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა, ზოგი რუსი პოლიტოლოგის მხრიდან ბრალდებების ნიაღვარი მოჰყვა. ისინი აფხაზების „უმადურობასა“ და საკითხის მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
აფხაზეთის დეფაქტო მმართველების - პრეზიდენტის ასლან ბჟანიას, პარლამენტის თავმჯდომარის ვალერი კვარჩიასა და აფხაზეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის სერგეი შამბას მსგავსი განცხადებები, რომ აფხაზეთი დიდი ხანია, თვითგამორკვეულია და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ გეგმავს, მოსკოვში ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გაიგო, მაგრამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

”ჩვენ ნაკლებად უნდა ვრეაგირებდეთ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებზე – მენტორული ტონით შეაფასა ვითარება რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მარია ბუტინამ, – თუ რეფერენდუმის ჩატარება გადაწყდება და ხალხის უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღება“.
ამავდროულად, აფხაზეთის დეფაქტო კანონმდებლობის მიხედვით, „დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი“ არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება. ამისათვის, მთელი რიგი დამცავი სამართლებრივი მექანიზმები არსებობს.

ახალი კონსტიტუციის მიღების შემთხვევაშიც კი, დეფაქტო კანონის მუხლი, რომელიც „სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსს“ ეხება, უცვლელი დარჩება.

უფრო მეტიც, აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს მთელ რიგ სასჯელებს, „დამოუკიდებელი სტატუსის“ გადასინჯვის საჯარო მოწოდებისთვისაც კი. ანუ აფხაზ პოლიტიკოსს, რომელიც, მაგალითად, აფხაზეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე განაცხადებს, შეიძლება 15 წლით პატიმრობა მიესაჯოს.

„ჩვენ მივაქციეთ ყურადღება სხვადასხვა პოლიტოლოგის განცხადებებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ აფხაზეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი უდავოა და არ შეიძლება გახდეს განხილვის საგანი. ასეთი პუბლიკაციები ისახავს უპერსპექტივო მიზანს, შექმნას ნეგატიური ფონი აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებში“, – ნათქვამია აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალური სოხუმი დაიმუქრა, რომ „ქვეყნის გარშემო უარყოფითი საინფორმაციო ფონის შექმნის მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას მიკერძოებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების მექანიზმი გამოიყენოს”.

წყარო: „ჯემნიუსი“