„არჩევნები ნამდვილად იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და ადმინისტრირებული“-ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არჩევნები ნამდვილად იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და ადმინისტრირებული. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო ცესკოს თავმჯდომარესა და თითოეულ თანამშრომელს უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დადგა დრო, რომ საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

„ჩვენ ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითარების პერიოდი და მინდა, მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო, რომ საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესები არ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, ჩვენი ხალხის ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე წარმატება უსურვა წალენჯიხის ახლადარჩეულ ოპოზიციონერ მერს და განაცხადა, რომ მთავრობა კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლებს მასთან. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა თავისი ნათქვამი, იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციონერის გამარჯვება მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის შემაფერხებელი იქნებოდა:

"მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა, განვუცხადო მას, რომ ჩვენ, მთელი ცენტრალური მთავრობამ ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში და რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერ მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.