ბლოგი პრეზიდენტზე, რომელიც ჯერ გააღმერთეს, შემდეგ კი სასიკვდილოდ გაწირეს - 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების ქრონიკა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რამდენიმე დღეში საქართველოს დიდ ქალაქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება და მთელი ქვეყანა ისევ პოლიტიკურ ისტერიას აქვს მოცული... მე კი 1990 წლის 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე დავწერ და ვეცდები, თქვენთან ერთად, საქართველოს უახლესი ისტორიის ის გარდამტეხი ეპოქა განვიხილო, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს ყველაზე ძვირფასი - თავისუფლება გვაჩუქა. აი, ის თავისუფლება, ახლა რომ ადვილად ხელწამოსაკრავი სიტყვა გვგონია და უმისამართოდ გავყვირით, თავისუფლება გვინდაო... განა, რუსული ჩექმისგან განთავისუფლებაზე უკეთესი თავისუფლება შეიძლება, არსებობდეს? თურმე, არსებობს და ჩვენც დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტებისკენ მივიზლაზნებით აუჩქარებლად, თუმცა დამაჯერებლად...

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები პირველი და ერთადერთი მრავალპარტიული, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები აღმოჩნდა. სწორედ უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა.

პოლიტიკურმა ძალამ, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით -"მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" - ხმების  54% მოიპოვა, სსრ-ის კომუნისტურმა პარტიამ კი - 29.6% და რა გასაკვირია, რომ პირველივე სესიაზე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ზვიად გამსახურდია.

ზვიად გამსახურდია - ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი... და მაინც, ზვიად გამსახურდია, როგორც საქართველოს ეროვნული გმირი, თუ გამოუცდელი პოლიტიკოსი, რომელმაც ახლადმოპოვებული თავისუფლების პირობებში მყიფე დემოკრატია ვერ შეაკავა? - სხვისი არ ვიცი და, ჩემთვის ზვიადი ეროვნული გმირია, რა თქმა უნდა, მერაბ კოსტავასთან ერთად...

 სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სწორედ მაშინ დავიბადე, როცა სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანები რუსთაველის გამზირზე ტანკებსა და რკინის ჯალათებს შიშველი ხელებით ეგებებოდნენ... დიახ, 1989 წლის მაისში დავიბადე, როცა 9 აპრილს დაღვრილი სისხლი საქართველოს ჯერ კიდევ აჩნდა... ჰოდა, სულ ვფიქრობ, რომ ჩემი თაობა განსაკუთრებულია, რადგან არ შეიძლება, იმ წლებში დაგროვებული პატრიოტიზმისა და განთავისუფლების ჟინი თითოეულ ჩვენგანზე არ ასახულიყო და ამიტომაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირმშო თაობის წარმომადგენლად ვითვლები... ჰოდა, იმის მიუხედავად, რომ თავად არ ვცხოვრობდი ზვიადის ეპოქაში, ისტორიის ფურცლებში ხშირად ვიქექები, ჩემზე უფროს თაობებს ბევრს ვეკითხები და რაციონალური დასკვნის გამოტანაც ამიტომ არ მიჭირს... ზვიად გამსახურდია ეროვნულ გმირად მიმაჩნია, რომელიც ქართველმა ერმა გააღმერთა და შემდეგ მიწაზე მწარედ დაანარცხა... პრეზიდენტი, რომლის ძალა-უფლება  და ხალხის მხარდაჭერა განუზომელი იყო, ჯერ მოღალატედ შერაცხეს, პოლიტიკურ დევნილად აქციეს, შემდეგ კი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა... თავი მოიკლა თუ მოკლეს? - ეს დღემდე გაურკვეველია და ჯერ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ამ ავბედითი საქმის თაროდან ჩამოღება...

ამრიგად, პირველი პრეზიდენტის, ეროვნული, გულანთებული ლიდერის გარდაცვალება ქართველებმა ისე გააბაიბურეს, ვითომ არაფერი მოხდა და ბურუსით მოცულ ვითარებაში ხელისუფლებაში მოსული ედუარდ შევარდნაძეც წლების განმავლობაში ქვეყნის პირველ პირად ეჯდათ ისე, რომ ალბათ, არჩევნების მნიშვნელოვნად გაყალბება არც სჭირდებოდა... ჰოდა, დიახ, დღეს იმას ვიმკით, რაც დავთესეთ... იმას ვიღებთ, რაც დავიმსახურეთ და ნურავის უკვირს, თუ ჩვენი ქვეყანა ვერ გაბრწყინდა, ვერ გამთლიანდა, ვერ გაძლიერდა...

განა, რა დააშავა ზვიადმა ისეთი, რის გამოც ქვეყნის მტრად და მიღალატედ შერაცხეს? ალბათ, არაფერი, გარდა იმისა, რომ სათანადოდ ვერ შეაფასა იმ მონსტრის საცეცების მასშტაბი, რომელიც დღემდე საქართველოს განვითარებას აპაუზებს და უკან ხევს... ან შეაფასა კიდეც, მაგრამ იქ იდგა და სხვაგვარად არ ძალუძდა... ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა საქართველოსთვის გულწრფელად უანგარო გულშემატკივრები იყვნენ და ქვეყნის საბჭოთა მარწუხებიდან დახსნა ორივეს ძვირად დაუჯდა... მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს იმ თვითმყოფადობას, რითაც ახლა ყველა თავს ვიწონებთ, ევროპულ სახელმწიფოს ვქმნით და დასავლეთის ნაწილად თავს სრულიად ლეგიტიმურად მივიჩნევთ...

ზოგადად, ისტორია რომ აფასებს, ისეთი ფაქტების შეფასება უფრო ადვილი მგონია, ვიდრე აწმყოსი, როცა ურთიერთსაწინააღმდეგო განწყობების ბატალიების მსხვერპლი ხარ და ხშირად გიჭირს რაციონალური დასკვნის გამოტანა. თუმცა, არის საკითხები, რაზეც მტკიცე პოზიცია უნდა გამოიჩინო და "არ ირხეოდე, ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა..." დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმარია, შიმშილობს და როგორც მისი თანაპარტიელები აცხადებენ, ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ჰოდა, ყველაფერ პოლიტიკურს ცოტა ხნით თავი რომ დავანებო, უბრალოდ, მაინტერესებს, ასეთი ქართველმა ერმა რა დავაშავეთ? რატომ ვტრიალებთ ამ მოჯადოებულ წრეში და რატომ ვერ დავაღწიეთ თავი იმ უხილავ მარწუხებს, რომელიც დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებისკენ არ გვიშვებს? მიზეზი ბევრია, მათ შორის, ჩვენივე დათესილი, რასაც ვიმკით, მაგრამ მაინცდამაინც თუ ჩავეძიებით, ამ მიზეზის ყველაზე დიდი კვალი, ალბათ, მაინც ჩრდილოეთით წაგვიყვანს... კვალს თუ ბოლომდე მივყვებით, დავინახავთ,როგორ გადავიქეცით ერთმანეთის მჭამელ ერად და ძნელად გასაგები ისიც არ იქნება, რატომ ვერ ვიბრუნებთ დღემდე ჩვენს ულამაზეს აფხაზეთს და სამაჩაბლოს... რატომ ვებრძვით მუდამ ერთმანეთს და ამ ურთიერთჭიდილში უძვირფასესს, სამშობლოს აწმყოსა და მომავალს ვივიწყებთ...

ან როგორ შეიძლება, საქართველოს უკანდახევის პროცესში რუსეთის როლი არ ვახსენო, როცა 1924 წელს დახვრეტილი იუნკერის, დამოუკიდებლობისთვის აჯანყების მონაწილის, შვილთაშვილი ვარ და განუსაზღვრელად მეამაყება, რომ ცეცხლით და მახვილით შემოსულ წითელ არმიას ჩემი წინაპრის სიცოცხლე შეეწირა...

ამრიგად, "ზვიადისტობა" არ დამწამოთ და არც 90-იანი წლების რომანტიზებაში დამდოთ ბრალი...  არ მითხრათ, რომ ზვიადი გამოუცდელი პოლიტიკოსი იყო და ქვეყნის მართვა ვერ შეძლო... არც ის მითხრათ, რომ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დაიცავით... არც ის, რომ საქართველოს გამთლიანებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ... მაინც მგონია, რომ ყველა საუკუნე წარმოშობს ლიდერს საქართველოსთვის და თუ მაინც არ გვინდა, რომ ერთი ადამიანის გამღმერთებელი ერი ვიყოთ, მოდით, საკუთარ თავებში ვეძებოთ და წარმოვშვათ სამშობლოს გადამრჩენელი, გულანთებული ლიდერი, რომელსაც არა საკუთარი თავის, არამედ სახელმწიფოსთვის არსებობა უნდა ჰქონდეს ცხოვრების მთავარ ამოცანად...

ზვიადზე ბევრს დავწერდი, ბევრი ფიქრი ირევა და მაინც ვერ ამომიხსნია, ერთდროულად ღალატისა და თავგანწირვის ქვეყნად როგორ გადავიქეცით... დიახ, ქვეყნად, რადგან ჩვენი საზოგადების სახე მსიფლიოს თვალში ჩვენი ქვეყანაა, ხორცშესხმული და ალაპარაკებული... ქვეყანა, სადაც პოლიტიკის, პირადი გამორჩენის, პრივილეგიების გამო ერთმანეთს ისე წირავენ, რომ არც ფიქრდებიან... ამავე დროს, სულ რომ არ ელოდები, ისეთ ერთგულებას წააწყდები, დაგავიწყდება ყველაფერი ცუდი, რაც შენსავე საზოგადოებაზე გაგიფიქრია... ასეთი ორსახოვანი, გნებავთ, მრავალსახოვანი ქვეყანა გვაქვს... ქვეყანა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი გაწირეს, მესამე პრეზიდენტის შეწყალება კი ვერც ერთმა მისმა შემდეგმა პრეზიდენტმა გაბედა...   

 ავტორი: თათია გოჩაძე