რატომ ვერ მოხვდა „სტრატეგია აღმაშენებელი“ ნიკა მელიას კოალიციურ გუნდში და რატომ აღარ ჩანს არჩევნების შემდეგ გიორგი ვაშაძე პრესასთან - ინტერვიუ სერგო ჩიხლაძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

თათია გოჩაძე

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური კანდიდატები კი ამომრჩეველს საკუთარი ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობას აცნობენ. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის კოალიციური შემადგენლობა უკვე წარადგინა, სადაც ვერ მოხვდა „სტრატეგია აღმაშენებელი“. რა გახდა ამის მიზეზი? - საკითხის გასარკვევად პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, სერგო ჩიხლაძეს დავუკავშირდით:

 _ ბატონო სერგო, მელიას მიერ დაკოპლექტებულ კოალიციურ ჩრდილოვან კაბინეტში წარმოდგენილი არ ხართ. რატომ? ეს არ იყო თქვენი სურვილი თუ მათგან არ მიიღეთ შემოთავაზება?

_ ზოგადად, რა თქმა უნდა, კოალიციური მთავრობები იქნება და ერთპიროვნული მმართველობები დასრულებულია, უბრალოდ, ასე განაწილდა როლები, რომ ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით ოპოზიციას მეორე ტურში გამარჯვებისთვის საარჩევნო კომისიის წევრებით, ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზებით და ა.შ. ვთანამშრომლობთ, მაგრამ არაფერი ამაში გასაკვირი არაა. ყველამ გაინაწილა საკუთარი როლი და ფუნქცია. საბოლოო ჯამში, პირდაპირ გეტყვით, რომ დედაქალაქში კი არა, მთელ ქვეყანაში იქნება კოალიციური მმართველობა და ჩვენც ვიქნებით მისი წევრი. კონსულტაციები მუდმივად გვაქვს ნიკა მელიასთან, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მთავარი ამოცანაა მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება.

_ როდესაც კოალიციურ მმართველობაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ყველა პარტიას, რომელსაც არსებულ პოლიტიკურ პროცესებში სიტყვა ეთქმის, იყოს წარმოდგენილი მმართველ პოზიციებზე? გასაგებია, რომ თანამშრომლობთ, მაგრამ თითქოს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აღარ ჩანს და პასიურობს, რა არის ამის მიზეზი?

_ არ ვპასიურობთ, პირიქით, ძალიან აქტიურად ვართ რეგიონებში, სხვადასხვა ადგილას... ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს მოწოდების, კოორდინაცის, ტელევიზიაში გამოჩენის დონეზე... ვფიქრობ, რომ საკმაოდ აქტიურად ვჩანვართ, ჩვენს ფუნქციებს ვასრულებთ და პროცესში ჩართული ვართ ყველანაირი რესურსით.

_ კი, მაგრამ არჩევნების შემდეგ თქვენი პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პრესაში აღარ ჩანს. რა არის ამის მიზეზი?

_ გიორგი ვაშაძე საზღვარგარეთაა და კვირის ბოლოს ჩამოვა. შესაბამისად, საზღვარგარეთიდან ვერ იაქტიურებს და სხვათა შორის, ძალიან აქტიურად ურთიერთობს დიპლომატიურ კორპუსთან და ძალიან აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება.

_ გასაგებია. ბატონო სერგო, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „ვინც არეულობას შეეცდება, ყურებს დავაჭრით სუყველას“-ო... ახლა რა პოოზიცია აქვს თქვენს პარტიას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით?

_ სააკაშვილის დაკავების პირველივე დღესვე გააკეთა განცხადება გიორგი ვაშაძემ და ჩვენი პარტიის პოზიციააა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს.

მე, როგორც ჯანდაცვის სფეროდან მოსული ადამიანი, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ყველაფერს ვაკეთებთ სამედიცინო წრის წარმომადგენლები, რომ მას გაეწიოს სათანადო მონიტორინგი, მეთვალყურეობა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, რაზეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება.

_ „სტრატეგია აღმაშენებელი“ რატომ არ შეუერთდა ენმ-ის მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას?

_ მე ვიყავი ამ აქციაზე, ასევე ბევრი ჩვენი თანამებრძოლი იყო ჩვენი პარტიიდან. პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება იყო, რომ არ ვიყავით ამ აქციის თანაორგანიზატორი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველას ინდივიდუალურად გადაწყვეტდა, მივიდოდით თუ არა ამ აქციაზე და ჩვენი პარტიიდან ვიყავით წარმოდგენილი, რადგან სრულად ვიზიარებთ პათოსს, რასაც ჰქვია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ამ ქვეყანაში, სამართლიანი სასამართლო და პოლიტიკური პატიმრის, ამ შემთხვევაში, სააკაშვილის გათავისუფლება.

_ მეორე ტურამდე მნიშვნელოვანია არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაანალიზებაც, სადაც თქვენმა პარტიამ კარგი შედეგი ნამდვილად ვერ აჩვენა მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ამომრჩევლის წინაშე „მესამე ძალის“ სახელით წარსდექით. როგორ ფიქრობთ, გახარიამ ჩაანაცვლა ის ადგილი, რაც გინდოდათ დაგეკავებინათ?

_ არ ვფიქრობ, რომ გახარიამ ჩაანაცვლა. რა თქმა უნდა, დაგეთანხმებით, რომ კარგი შედეგი არ იყო, ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი, თუმცა 8 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოვიპოვეთ ზოგგან 1, ზოგგან კი 2 ადგილი. თბილისის საკრებულოში ადგილები არ მოგვიპოვებია. ზოგადად, მთლიანობაში საკმაოდ ცუდი შედეგი დადგა და ამას, რა თქმა უნდა, თვითკრიტიკულად უნდა შევხედოთ, მაგრამ ეს ბევრი მიზეზითაა განპირობებული. ეს არის გარეფაქტორები, რაც ყველა პარტიას შეეხო, როგორიცაა ის ძალადობრივი გარემო, სიძულვილის ენა, რასაც ხელისუფლება აჟღერებდა, ზეწოლა პარტიის წევრებზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ამან თავის როლი ითამაშა, მაგრამ აქვე დავძენ, რომ მე პირადად საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ და შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია, ტაქტიკა გადასახედია და ამის ანალიზი მიმდინარეობს პარტიაში და შესაბამის დასკვნებსაც გამოვიტანთ. ფაქტია, რომ შემდეგი არჩევნებისთვის უკეთესი მომზადებით, სტრატეგიითა და განახლებული ხედვებით უნდა წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე.

_ მეორე ტურში თქვენი პარტია მხარდაჭერას უცხადებს ოპოზიციურ კანდიდატებს?

_ კი, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ყველა ადგილას მეორე ტურში მხარდაჭერას ვუცხადებთ ოპოზიციურ კანდიდატს და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი რესურსებით, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვებაში შევიტანოთ წვლილი. მთავარია მეორე ტურში გამარჯვება და ჩვენი მიზანია, დაიწყოს „ქართული ოცნების“, როგორც ხელისუფლების, დემონტაჟი ამ ქვეყანაში.