60 ახალი სტატია

„სანაიას მკვლელობა საჯაიას ინტერესში შედიოდა“ - 26 ივლისის საიდუმლო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ დაემუქრა ედუარდ შევარდნაძე და ვინ უპირებდა შენობიდან გადმოგდებას - ეროსი კიწმარიშვილის სკანდალური მოგონება

 20 წლის წინ, საქართველოში სისხლიანი ივლისი იდგა - 2001 წლის 26 ივლისს, საღამოს, იმხანად ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის ეთერში, სამსიტყვიანი წარწერა გაჩნდა: „გიორგი სანია დაიღუპა!“ გიორგი მაშინდელ საქართველოში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი იყო, ჟურნალისტი, რომელსაც ყველა ენდობოდა. შესაბამისად, მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

 ჰო, იმ საღამოს, 18.00 საათზე, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გავიდა. ეკრანზე დიდხანს, ძალიან დიდხანს იყო წარწერა - „გიორგი სანია დაიღუპა!“

რა მოხდა? - ეს იყო კითხვა, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს ავალებდა.

მახსოვს, შეურაცხადივით ვრეკავდი კოლეგებთან და ვცდილობდი, გამეგო, რა შეემთხვა გიორგის, მაგრამ... არავინ არაფერი იცოდა.

მერე, როცა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება ეთერში გავიდა, გავიგეთ, რომ გიორგი მოკლეს!

რატომ?

ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია.

და მაინც, რა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს, რატომ გაასაღა იმდროინდელმა მმართველმა ელიტამ გავლენიანი ჟურნალისტის სიკვდილი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად და რატომ არ გამოიძიეს შევარდნაძის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებებმა 26 ივლისის ტრაგედია? - ალბათ, მოვა დრო და ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. ალბათ, ის დროც მოვა, როცა გავიგებთ, გრიგოლ ხურცილავა, იგივე „გრიცკო“, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობისთვის დააკავეს, ამ საქმეში ჩათრეული როგორ აღმოჩნდა. ისე, „გრიცკო“ საპატიმროდან 2013 წელს, სასჯელის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, ამნისტიით გათავისუფლდა.

იმის, რომ ჟურნალისტი ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის მსხვერპლი გახდა, საქართველოში არავის სჯერა. ვინ რა მოიგო გიორგი სანაიას მკვლელობით? - ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხი არ არსებობს, თუმცა ფაქტია: გიორგის მკვლელობის შემდეგ, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შემდეგ, „რუსთავი 2“-ში უშიშროების სამსახური შევიდა, რის გამოც საპროტესტო ტალღა განახლდა და 2001 წლის ნოემბერში, მინი-რევოლუცია ვიხილეთ: ზურაბ ჟვანიამ, შს მაშინდელ მინისტრ კახა თარგამაძეს ულტიმატუმი წაუყენა, თუ გადადგები, თანამდებობას მეც დავტოვებო. თარგამაძემ გამოწვევა მიიღო და... პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ჟვანიამაც დატოვა.

ზოგიერთი კონსპიროლოგიის თანახმად, თარგამაძე შევარდნაძის ყველაზე ერთგული დასაყრდენი იყო. შესაბამისად, მისი მოშორებით, ცხონებული ამბროსოვიჩი, ერთგვარი ჯავშნის გარეშე დარჩა, მით უმეტეს, რომ მალევე, სიცოცხლე თვითმკვლელობით უშიშროების საბჭოს მდივანმაც დაასრულა. ნუგზარ საჯაია კი შევარდნაძისთვის ნამდვილი „რუხი კარდინალი“ იყო, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა.

მოკლედ, თარგამაძის გადადგომისა და საჯაიას თვითმკვლელობის შემდეგ, მოვლენები ისე განვითარდა, როგორც განვითარდა ანუ 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ, ესე იგი, „ექსმოქკავშირელებმა“ გაყალბებულად გამოაცხადეს და გამოსვლები დაიწყეს. ყველაფერ ამის ავანგარდში მიხეილ სააკაშვილი, აწ განსვენებული ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე იდგნენ.

ერთი სიტყვით, სანაიას მკვლელობის კულმინაციად, შესაძლოა, ის ჩაითვალოს, რომ შევარდნაძე „სახლში წავიდა“.

ამ თემაზე საინტერესო პასაჟები „რუსთავი 2“-ის ყოფილი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებშია. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ კიწმარიშვილმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოგონებებში ეროსი წერს:

„ჩვენს ირგვლივ, რაღაცა მზადდებოდა. 2001 წლის ივლისის დასაწყისისთვის, ერთი მხრივ, ბადრის (პატარკაციშვილი, - რედ.)მხრიდან აქტივობამ პიკს მიაღწია, მეორე მხრივ კი შევარდნაძემ შემოგვიტია. ჩვენს წინააღმდეგ მრავალი კამპანია დაიწყო. გაზაფხულზე საგადასახადო შემოსავლების მინისტრის, მიშა მაჭავარიანის ინიციატივით, ჩვენი ეთერის სარეკლამო ქრონომეტრაჟის მონიტორინგი დაიწყეს: სატელევიზიო რეკლამები უნდა დაეთვალათ და თუ რამე დარღვევას აღმოგვიჩენდნენ, ეკონომიკური სანქციები განეხორციელებინათ. ამის თაობაზე გია არსენიშვილმა მითხრა, რომელიც სახელმწიფო მინისტრი იყო და ძალიან არ მოეწონა, როცა „რუსთავი 2“-ს ასეთი ფორმით შეეხნენ.

იქ კახა თარგამაძე გააქტიურდა. იქ პროკურატურამ დაიწყო „60 წუთის“ წინააღმდეგ გალაშქრება. მანამდე კი უზარმაზარი სკანდალი გადავიტანეთ, კბილებით მოგვიწია გენერალური პროკურორის, ბაბილაშვილისა და მისი მოადგილის, ბალუაშვილის მოგერიება. ბალუაშვილი „60 წუთის“ წამყვანს, აკაკი გოგიჩაიშვილს ქვეყნიდან გაქცევას აიძულებდა და კაკო რამდენიმე დღე-ღამეს ტელეკომპანიის ოფისში ათენებდა.

ყველაფერი ეს აშკარად კამპანიის ხასიათს ატარებდა, საბოლოო მიზნით, ტელევიზია უნდა გაგვეყიდა. კომპანიის დამფუძნებლებმა - მე და დვალმა საფრთხე ვიგრძენით. ერთი მხრივ, იყო პერსპექტივა იმისა, რომ ყველაფერს დავკარგავდით, მეორე მხრივ კი - გაყიდვის შემთხვევაში, არ იყო არანაირი გარანტია, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვა სქემით არ იმუშავებდნენ. არ გვქონდა გარანტია, რომ მშვიდად ცხოვრების საშუალებას მოგვცემდნენ - ჩვენ წინააღმდეგ აშკარად აგროვდებდნენ, ვითომდა კომპრომატებს და ერთ მშვენიერ დღეს, მათ გამოყენებასაც შეეცდებოდნენ.

სანამ ამაზე ვმსჯელობდით, ბადრის ნდობით აღჭურვილი პირი, ვალოდია ვორონოვი თბილისში ჩამოვიდა და შემოგვთავაზა: მოდით, გავაკეთოთ რაღაც პრე-პრე-შეთანხმება ანუ მოვაწეროთ ხელი ქაღალდს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ჩვენ გვაქვს წინასწარი შეთანხმება ტელევიზიის ყიდვა-გაყიდვაზე და ვიღებთ ვალდებულებას, რომ დისკუსიას გავაგრძელებთ, რათა ჩვენი მოლაპარაკებები უპერსპექტივო არ გამხდარიყო. მე და ჩემი პარტნიორი, დიდი კამათისა და ჩხუბის შემდეგ მოვრიგდით, რომ ვორონოვს დავთანხმებოდით. დვალი ამერიკაში, ძმასთან გაემგზავრა და მე მარტო დავრჩი. მეორე დღეს, საღამოს რვის ნახევარზე, ვაკეში, ბადრისთან უნდა მივსულიყავი და მე და მას, ამ წინასწარ შეთანხმებაზე ხელი მოგვეწერა.

ამ პერიოდში, ვაჟა ფშაველაზე ვცხოვრობდი, მესამე თუ მეოთხე კვარტალში. მახსოვს, საღამოს ექვსი საათი იყო, სახლიდან გასასვლელად ვემზადებოდი -  ვორონოვი უკვე მელოდებოდა, მას უნდა შევხვედროდი და უცებ: „რუსთავი 2“-ზე, ჰედლაინის ბადე ირთვება და პაუზის მერე გვეუბნებიან, რომ დღეს, 2001 წლის 26 ივლისს, საკუთარ სახლში მოკლული გიორგი სანაია იპოვეს.

მე სასწრაფოდ დავურეკე ბადრის, ვუთხარი, რომ სანამ არ გაირკვევა, რა მოხდა რეალურად და სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა - რის გამო ან ვინ მოკლა სანაია - მანამდე მოლაპარაკება უნდა შევწყვიტოთ. ბადრი უყოყმანოდ დამეთანხმა. ტელევიზიისკენ დავიძარი, გზად დავრეკე - რა ხდება? ტელევიზიაში სრული ისტერიკაა, ჟურნალისტები ტირიან. ვიღაცა მანქანაში ჩავისვი და დავიძარით სანზონისკენ, სადაც გიორგი სანაია ცხოვრობდა.

ჩემთვის გიორგი სანაიას მკვლელობა დღემდე ბურუსით მოცული საკითხია. გიორგი ჩვენთან 1999 წლის ბოლოს გადმოვიდა. მანამდე, მას გაზეთ „რეზონანსიდან“ ვიცნობდი, სადაც კარგ წერილებს აქვეყნებდა. მისი გადმოყვანის სურვილი მეც მქონდა, რადგან ჟურნალისტიკაში ბიჭების ნაკლებობა იყო და მას წარმატებული სატელევიზიო კარიერისთვის ბევრი მონაცემი ჰქონდა: იყო ნიჭიერი და სიმპატიური ახალგაზრდა, ჰქონდა ხმის კარგი ტემბრი, საკმარისი ჟურნალისტური გამოცდილება. თავდაპირველად, სანაია კორესპოდენტად მუშაობდა, შემდეგ მიჰყავდა „ღამის კურიერი“, რომელიც ლეგენდარული გადაცემა გახდა.

მისი მკვლელობა უცნაურად დაემთხვა იმ დღეს, როცა მე ტელევიზიის გაყიდვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება უნდა გამეფორმებინა. ბუნებრივია, მაშინვე გავიფიქრე, რომ სანაია ამ ხელშეკრულების ჩასაშლელად მოკლეს

დანარჩენი  სულ ბოდვითი თეორიები იყო; მათ შორის, ელენე თევდორაძე აქტიურად ავრცელებდა ზღაპარს, თითქოსდა, სანაიას რაღაც ექსკლუზიური ვიდეომასალა ჩაუვარდა ხელში, რის გამოც ის მოკლეს.

საქმე ის არის, რომ სანაია არ იყო იმ ტიპის ჟურნალისტი, რომელსაც შეიძლებოდა, რაიმე ექსკლუზიური „ბომბა“ მასალა მოეპოვებინა. მას სტუდიიდან ტელე-დებატები მიჰყავდა და მის მოვალეობაშიც არც შედიოდა ასეთი ტიპის მასალის მოძიება. მით უმეტეს, სანაია არასოდეს ყოფილა რაიმე რეპორტაჟის მოსამზადებლად პანკისის ხეობაში, სადაც ვითომდა მას ეს კასეტა გადასცეს.

მის მკვლელობასთან დაკავშირებით, ჩემთვის ბევრი რამ უცნობი და გაურკვეველია. ახლაც მხოლოდ აზრს გამოვთქვამ, რომ შესაძლოა, ამ მკვლელობის მიზანი ის იყო, რომ მე „რუსთავი 2“ ბადრი პატარკაციშვილისთვის არ მიმეყიდა. უკვე ვთქვი, რომ საათებიღა რჩებოდა ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე, როცა ტელევიზიით შევიტყვე, რომ გიორგი საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნეს.

იმ პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომელიც ამ შეთანხმების შემდეგ მნიშვნელოვნად დასუსტდებოდა, საჯაიას გუნდი იყო, ხოლო გაძლიერებით ბადრი და მისი მეგობრები - თარგამაძე, ჩხარტიშვილი და ლორთქიფანიძე ძლიერდებოდნენ.

ცნობილია, რომ შევარდნაძე მუდმივად ბალანსირების პოლიტიკას ატარებდა. ამ პერიოდში, ერთი ყურით უშიშროების საბჭოს მდივანს, ნუგზარ საჯაიას უსმენდა, მეორეთი - შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძეს და  ორივე ჯგუფზე ამომწურავ ინფორმაციას ფლობდა.

„რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდებით, ბადრის ჯგუფი მის ნება-სურვილზე წარმართავდა ქვეყნის მომავალს. თუ გავითვალისწინებთ მის გავლენებს, ფინანსურ შესაძლებლობებს და ასევე, მის გავლენიან მოკავშირეებს - ეს ძალიან რეალური პერსპექტივა გახლდათ, რომელსაც საჯაიას დაპირისპირებული ჯგუფი ვერანაირ წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევდა.

მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ სანაიას მკვლელობა საჯაიას ინტერესში შედიოდა. მან მოწინააღმდეგის კიდევ მეტად გაძლიერება შეაფერხა.

სანაიას მკვლელობის დღეს, ტელევიზია ისტერიკამ მოიცვა. მე რომელიღაც თანამშრომელი მანქანაში ჩავისვი და გიორგის სახლისკენ წავედით. სახლი, სადარბაზო სავსე იყო რიგითი მოქალაქეებით, ჩვენი თანამშრომლებით, იქით პოლიცია და პროკურატურა რაღაცას ფაციფუცობდა და მახსოვს, არავის სჯეროდა, რომ მათი ძალისხმევით, გიორგის მკვლელს დააპატიმრებდნენ. უმრავლესობის აზრით, ისინი პროცესუალურ ვალდებულებებს, ვალის მოხდის მიზნით ახორციელებდნენ. ეს ამაზრზენი მოსასმენია და ამასთან, დამთრგუნველიც, როცა აცნობიერებ, თუ როგორი დაუცველები ვიყავით. ამასთან, არ არსებობდა არანაირი გარანტია იმისა, რომ სანაიას მკვლელობის შემდეგ, ყველაფერი დასრულდა და სხვებს აღარ შეეხებოდნენ.

რამდენიმე ხნის შემდეგ, შევარდნაძეს შევხვდი. პრეზიდენტი შვებულებაში გადიოდა და სანამ ლიკანში გაემგზავრებოდა, მისმა პრეს-სამსახურის უფროსმა, ვატო აბაშიძემ მასთან შეხვედრა მომიწყო. ამ შეხვედრაზე შევარდნაძეს უნდა დავერწმუნებინე, რომ იგი არაფერს მერჩოდა და სანაიას მკვლელებსა თუ მკვლელს აუცილებლად იპოვნიდნენ, დასჯიდნენ.

შეხვედრის ბოლოს გადავწყვიტე, გამერკვია, იყო თუ არა მის ინტერესში „რუსთავი 2“- ის ბადრისთვის მიყიდვა და ამ შემთხვევაში, რამდენად ვიქნებოდი დაცული.

- ბატონო ედუარდ, 1999 წელს რომ მკითხეთ, რომ შემეძლო თუ არა რუსი ოლიგარქისთვის ტელევიზია მიმეყიდა, აი, ბადრი პატარკაციშვილი მთავაზობს, რომ ტელეკომპანია მას მივყიდო. მეც ვფიქრობ, რომ გავყიდო, მგონი, ასე აჯობებს

შევარდნაძემ გაკვირვებულმა შემომხედა და  მკითხა: ტელევიზიას რომ გაყიდი, მერე რას აპირებო?

- ვხედავ, რომ საქართველოში ჩემი ყოფნა არავის უნდა. ჩემი საქმიანობით ბევრს ვაღიზიანებ, საზღვარგარეთ წავალ, ამ პრობლემებს გავერიდები და მიღებული ფულით, რაიმე ახალ საქმეს დავიწყებ.

- არა, შენ ტელევიზიას გაყიდი და ვერსადაც ვერ წახვალ და ფულსაც აქ დატოვებ! -მეუბნება შევარდნაძე.

- რა ბრძანებთ, ბატონო ედუარდ? - ხომ არ მომესმა-მეთქი, გაკვირვებულმა ვკითხე.

- ჰოო, ჰოო, ვერსადაც ვერ წახვალ და ფულსაც აქ დატოვებ, - გამიმეორა პრეზიდენტმა.

უცებ წამოვდექი. კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი, ცივად ვუთხარი და კარისკენ წამოვედი.

- ცხენი გყაავს? - მეძახის.

- რა ბრძანეთ? - მოვტრიალდი და ვკითხე.

- ცხენი გყაავს შეკაზმული, რომ გამასწრო? - კითხვას მიმეორებს.

- ყველაფერი გასაგებია, ნახვამდის. ვეუბნები და კაბინეტიდან გამოვდივარ. გაბრაზებული ვატო აბაშიძესთან ჩავდივარ. ეგეც, ბერლინის კედლის დამანგრეველი, დიდი დემოკრატი, თეთრი მელა, მემუქრება, რომ ცარიელ-ტარიელს აქ დამტოვებს. ალბათ, დამაპატიმრებს, სხვანაირად ქვეყნიდან როგორ არ უნდა გამიშვას, ვერ წარმომიდგენია. გაცხარებული ვატოს მივეჭერი: შევარდნაძეს გადაეცი, რომ არაფერსაც არ ვყიდი, ბოლომდე ვეომები და არაფერს დავუთმობ - ვეუბნები ფერდაკარგულ აბაშიძეს, რომელიც ჩემს დაწყნარებას ცდილობდა.

ორი დღის შემდეგ, პრეზიდენტის ასევე ლეგენდარულმა დაცვის უფროსმა, სულხან პაპაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ პრეზიდენტს ჩემთან საუბარი სურდა.

-  როგორა ხარ? - მეკითხება შევარდნაძე.

-  რა ვიცი, ნელ-ნელა, - ვპასუხობ.

- აი, ახლა ლიკანში ვარ და გიგზავნი ორ ვედრო ოზონს - მეუბნება და ცდილობს დამამშვიდოს, ვითომ არაფერი მომხდარა. მიხვდა, რომ ძალიან დავიძაბე.

მე მტკიცედ გადავწყვიტე ტელევიზია აღარ გამეყიდა, რამაც შინაგან საქმეთა მინისტრი ძალიან გააღიზიანა და ვანო ჩხარტიშვილის აგარაკზე დაიქადნა და მერე შემომითვალა, რომ სანაიას მკვლელობის იარაღს ვიპოვნი და ზედ შენი თითის ანაბეჭდები იქნებაო.

პროკურატურის დაფინანსებულ გაზეთებში შეკვეთილი წერილები იბეჭდებოდა, რომ თითქოსდა სანაიამ ტელევიზიის რაღაც ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა და ამის გამო, ის მე მოვკალი. პარალელურად, თარგამაზე მპირდებოდა, რომ მკვლელობისთვის დამაპატიმრებდა. ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული, მთელი სახელმწიფო ჩემს წინააღმდეგ მოიმართა. მაიძულებენ, რომ „რუსთავი 2“ აუცილებლად გავყიდო და შემდეგ კიდევ ბუნდოვან მომავალზე დავთანხმდე. მე, რა თქმა უნდა, ამ პერსპექტივას აღარ ვთანხმდები. 29 ოქტომბერს, ტელეკომპანიაში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები შემოიჭრნენ. ცხადია, თარგამაძემ ჩრდილში დარჩენა ამჯობინა.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ტელევიზიაში უშიშროების შემოჭრის უმთავრესი მიზანი ჩემი ლიკვიდაცია იყო. მე ჩემი კაბინეტის ფანჯრიდან უნდა გადმოვეგდე, რასაც თვითმკვლელობად გაასაღებდნენ, თითქოსდა, ფინანსური პრობლემების გამო დაპატიმრებას, მეთოთხმეტე სართულიდან გადმოხტომა ვამჯობინე.

საზოგადოების მხრიდან დიდმა მხარდაჭერამ, უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებს გეგმები აურია. საზოგადოებამ შიშველი ხელებით დაიცვა „რუსთავი 2“ და საპროტესტო ტალღამ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

საპროტესტო ტალღის მამოძრავებელი ძალა სტუდენტობა აღმოჩნდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ვინაიდან ასეთი დარაზმული სტუდენტობა, ეროვნული მოძრაობის შემდეგ, პირველად და ჯერჯერობით, უკანასკნელად გამოვიდა ასპარეზზე.

ხალხის საპროტესტო ტალღამ მოვლენების ესკალაცია გამოიწვია და ხელისუფლება კინაღამ დავამხეთ, რისი სურვილიც ნამდვილად არ მქონია“.

 ***

გიორგი სანაიას მკვლელობიდან 20 წელი გავიდა, მაგრამ... 26 ივლისის ტრაგედია ისევ ბურუსითაა მოცული...

ავტორი - ნინო დოლიძე