104 ახალი სტატია

„ზოგი აგენტია და ზოგი მამაძაღლი!“- გიორგი გუგავა პარლამენტში შესულ ოპოზიციას უპირისპირდება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

8 ივნისს პარლამენტში ენმ-ც შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შვიდთვიანი ბოიკოტი დასრულებულია და „ლეიბორისტების“ გარდა, ყველა ოპოზიციური პარტია საკანონმდებლო ორგანოშია. ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე იმიტომ, რომ მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ...“ -მართალია, ეს სიტყვები გუბაზ სანიკიძეს  ეკუთვნის, რომელიც, სხვათა შორის, კოლეგებთან ერთად პარლამენტში შევიდა, მაგრამ შალვა ნათელაშვილს უფრო მოერგებოდა იმიტომ, რომ ის ერთადერთი დეპუტატია, რომელიც პირვანდელ სიტყვას არ ცვლის და პარლამენტში კატეგორიულად არ შედის. „ვერსია“ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას ესაუბრა:

- როდესაც გაურიგდები ოლიგარქს, სიტყვას გატეხ, გადააგდებ შენს გულმხურვალე მებრძოლ ამომრჩეველს... როცა კეთილდღეობაზე გაცვლი ხალხის ინტერესებს, შენც თანამონაწილე ხდები დანაშაულებრივი რეჟიმისა. ოლიგაქრთან ბრძოლა შეიძლება, მოიგოს მხოლოდ იდეამ და არა - მასთან ვაჭრობამ. სამწუხაროდ, ჩვენ ერთადერთი აღმოვჩდნით ამ ბრძოლაში, რომელმაც დაიცვა საკუთარი სიტყვა და არ გაცვალა არანაირ პრივილეგიაზე საკუთარი პრინციპი და თუ ამ პრონციპების ერთგული არ ვიქნებით, ხალხი არ დაგვიჯერებს, არ გამოგვყვება და ამ ბრძოლასაც ვერ მოვიგებთ. ოლიგარქმა იცოდა ამათი სულსწრაფობის, სულგაყიდულობის, გადამგდებობის შესახებ და იმიტომაც მოიქცა ასე, მაგრამ ამას ეწირება ქვეყნის და ხალხის ინტერესი, ეს კი იწვევს იმედგაცრუებას და გულგატეხილობას ამომრჩეველში და ძნელია, ახლიდან გაჩნდეს ბრძოლის მუხტი, რომელიც დაუპირისპირდება ამ რეჟიმს.

- ახლა, როცა ყველა თქვენი კოლეგა პარლამენტშია, შალვა ნათელაშვილი ხომ არ ნანობს, რომ დეპუტატის მანდატზე უარი მხოლოდ მან თქვა და პარლამენტსგარეთ აღმოჩნდა?

- არ შეიძლება, ინანო პრინციპული პოზიცია, გულწრფელი ბრძოლა. გარეთ დარჩა გულგატეხილი ხალხი და შენ რით ხარ პრივილეგირებული, რომ მოირგო სავარძელი?! მეტსაც გეტყვით, ახლა განიხილავენ კანონპროექტს იმის შესახებ, რომ პარტიას, რომელიც პარლამენტში არ შევა, ართმევენ კომისიის წევრებს, სატელევიზიო დროს, დაფინანსებას და ა.შ. ამ ყველაფერს „ლეიბორისტულ პარტიას“ უკეთებენ და მიუხედავად ამისა, თავგანწირვაზე მივდივართ იმიტომ, რომ როცა სასწორზე შენი ხალხის ინტერესია, არ იცვლება ასეთი რაღაცები.

- მოკლედ, გამორიცხავთ „ლეიბორისტების“ პარლამენტში შესვლას?

- რა თქმა უნდა, გავაკეთეთ ამის შესახებ განცხადებები და არ გვჩვევია სიტყვის უკან წაღება. მათ კი ამ ბრძოლას უღალატეს, ზოგმა ფულის გამო, ზოგმა მდგომარეობის გამო და ზოგმა კი შიშით... შევიდნენ ივანიშვილის „ბუტკაში“, ითამაშეს მისი თამაში და არაფრით არ განსხვავდებიან  მისი მარიონეტებისგან.

- ისე, სწორედ თქვენს ოფისში იკრიბებოდა ბოიკოტის დროს ოპოზიცია და „ფანჩატურიც“ კი შეარქვეს ამის გამო თქვენს პარტიას, როგორ აპირებთ ოპოზიციასთან ურთიერთობის გაგრძელებას?

- შეუძლებელია... დეტალებიც ვიცი, რომელიც არც პოლიტიკაში მოსულა, არც ადამიანობაში, არც კაცობაში, რაც ზოგმა იკადრა.

- რას გულისხმობთ, ბატონო გიორგი, რა იკადრეს ასეთი?

- იმის გამო, რომ გაგვეერთიანებინა ოპოზიცია, ბევრი საყვედურიც მივიღეთ საზოგადოების მხრიდან, მათთან რატომ ზიხართო... ამ ფორმატმა ბევრი ციხიდან დაიხსნა, ბევრი კი ციხეს გადაარჩინა და ერთი სიტყვაც არ თქვეს, როცა გარბოდნენ ხელის მოსაწერად. ეს რამე ურთიერთობაში, ადამიანობაში ჯდება?! მეტსაც გეტყვით, რიყეზე რომ შევიკრიბეთ და ხალხს მოვუწოდეთ, 15 მაისს გამოსულიყვნენ რეჟიმის წინააღმდეგ, იქ გამოდიოდნენ გულმხურვალე სიტყვით და საღამოს ვხედავდით, რომ ერთმანეთს ასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში შესვლას, რომ ხელი მოეწერათ იმ დოკუმენტზე! ასეთები უნდა ჩარეცხოს დრომ! ხალხმა აქცენტი უნდა გააკეთოს უფრო პრინციპულ, შეუვალ მებრძოლებზე. ისტორიას რომ გადავხედოთ, ვაჭრუკანებს, მსტოვრებს და კარიერისტებს არასდროს შეუქმნიათ სახელმწიფო, ეს ჩვენი პირველი პრეზიდენტის სიტყვებია. ესენი ჩვეულებრივი კარიერისტები, ფულისტები არიან, ზოგი აგენტია და ზოგი მამაძაღლი!

- როგორც ვხედავ, გულდაწყვეტილი ხართ...

- რა თქმა უნდა, პიროვნული გულისწყვეტაცაა, ეს საკუთარი ხალხის ბრძოლაში მიტოვებას ნიშნავს. როცა გადააგდებ, მოატყუებ და დატოვებ ქუჩაში, რა ნამუსით შედიხარ პარლამენტში?! შემირცხვენია ასეთი პოლიტიკაც, თანამდებობაც და პრივილეგიებიც, მიმიფურთხებია ამ ყველაფრისთვის, თუ უპირველესყოვლისა ადამიანად არ დარჩები! როცა ასეთი უზნეო ადამიანები ქმნიან პოლიტიკას, ამიტომაც ვართ ასეთ მდგომარეობაში.