„ჩემმა გადაწყვეტილებამ მგონი, ნათელი გახადა, რომ...“- ინტერვიუ თამარ კორძაიასთან, რომელმაც „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

თამარ კორძაიამ "რესპუბლიკური პარტია" დატოვა...

"გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6 წლიანი თანამშრომლობა "რესპუბლიკურ პარტიასთან" და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში.

ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა "რესპუბლიკური პარტიის" ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრიბუნიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით.

მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ.

პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი,"- წერს კორძაია.

საქმე ის გახლავთ, რომ თამარ კორძაიას უკვე ყოფილი თანაპარტიელი, ხათუნა სამნიძე გუშინ, 3 ივნისს, ახალ ფრაქციაში გაწევრიანდა. ფრაქციის წარმომადგენლების თქმით, "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" მიშელის შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე დაფუძნდა. ფრაქციაში გაერთიანებულია სამი პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები: 

"სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "რესპუბლიკური პარტია" და დამოუკიდებელი დეპუტატები - გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე

გიორგი ვაშაძის თქმით, ფრაქციას უხელმძღვანელებს ხათუნა სამნიძე, თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე, ფრაქციის აპარატს სერგო ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. 

„ვერსია“ დაინტერესდა, რა გახდა თამარ კორძაიას „რესპუბლიკური პარტიიდან“ წასვლის რეალური მიზეზი? გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკოსთან:

_ „რესპუბლიკური პარტია“ ჯერ კიდევ არის „ბლოკის“ წევრი, ჩვენ ვთანამშრომლობდით „ბლოკთან“ და ვთანამშრომლობდით ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. „რესპუბლიკურ პარტიას“ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება შეეძლო იმისთვის, რომ უფრო მკაცრი პოზიციონირება მოეხდინა, შესაბამისად, ორი „რესპუბლიკელი“ უფრაქციოდ ვიმუშავებდით პარლამენტში და თემატურად ვითანამშრომლებდით ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით. ეს იყო ჩემი აზრი, შეიძლება, მცდარი იყო, შეიძლება - არა, მაგრამ პარტიაში ეს აზრი აღმოჩნდა უმცირესობაში და ტექნიკური ფრაქცია აღმოჩნდა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი პოზიცია. ამიტომაც, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, უნდა მიმეღო ასეთი გადაწყვეტილება.

_ ქალბატონო თამარ, ფრაქციას არაერთი სიკეთე ახლავს თან საპარლამენტო ცხოვრებაში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, კვოტების განაწილების თვალსაზრისით და ა.შ. სამნიძის მსგავსად, თქვენ ყველაფერი ეს პრიორიტეტად რატომ არ მიიჩნიეთ?

_ იმიტომ, რომ ვფიქრობ, მხოლოდ ტექნიკური საკითხები არაა მნიშვნელოვანი. არსი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ამ შემთხვევაში „რესპუბლიკური პარტიის“, მისი საქმიანობის, პარტნიორებთან ურთიერთობის, ვისთან ერთადაც ვიბრძოდით არჩევნებში მოსაგებად და აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ ის ტექნიკური საკითხები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც უკვე ავხსენი.

_ პოლიტიკური თვალსაზრისით, თქვენთვის მიუღებელია ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებმაც გუშინ ფრაქცია ჩამოაყალიბეს?

_ ჩემი აზრით, პოლიტიკურად მანდ ერთმანეთთან თავსებადი არც ერთი პარტია არაა, თუმცა მათი გადასაწყვეტია, როგორ იმუშავებენ. მაგალითად, ჩემთვის მიუღებელია, როცა ხდება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მხარდაჭერა და ამიტომ ვფიქრობ, უნდა მივცე საკუთარ თავს თუნდაც ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში თავისუფლება, რათა ვილაპარაკო, რაც მინდა და როგორც მინდა.

_ მომავალი კვირიდან პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ შედის. მათთან ერთად ფრაქციაში გაწევრიანებას ხომ არ აპირებთ?

_ დღევანდელ განცხადებაში დავწერე, რომ ვიქნები უფრაქციო დეპუტატი.

_ ქალბატონო თამარ, თქვენთვის მისაღებია, რომ ფრაქციაში, სადაც თქვენი უკვე ყოფილი თანაპარტიელი, ხათუნა სამნიძე გაწევრიანდა, იქნება გრიგოლ ვაშაძეც, რომელიც ენმ-ის თავმჯდომარის პოსტი სკანდალურად დატოვა?

_ პერსონალურ შეფასებას არ ვაპირებ და ჩემმა გადაწყვეტილებამ მგონი, ნათელი გახადა... რომ წარმომედგინა, იქ ვიქნებოდი და ხედავთ, რომ არ ვარ იმ ფრაქციაში.