ლელა ქებურია: „დეპუტატის მანდატი დავით ბაქრაძისაა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი მის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დასავლეთის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტს ოპოზიციის მხრიდან ხელი მოაწერეს ზურაბ ჯარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ, სალომე სამადაშვილმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალეკო ელისაშვილმა. მმართველი ძალიდან კი არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. ამ ეტაპზე შეთანხმებას ხელს არ აწეს ენმ , ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია. დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. ვინაიდან ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია დოკუმენტს ხელს არ აწერს, „ვერსია“ დაინტერესდა, რა მანდატით ესწრებოდა შეხვედრას დავით ბაქრაძე, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა, ამასთან, ევროპული საქართველოს რომელ ლიდერებს აქვთ მოპოვებული დეპუტატის მანდატი და ვინ აპირებს პარტიის საწინააღმდეგოდ წასვლას ანუ პარლამენტში შესვლას? - ამ კითხვებით ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრს, ლელა ქებურიას მივმართეთ:

- მოლაპარაკების პროცესში იმიტომ იყო, რომ ევროპული საქართველოდან პარლამენტში შესულ დეპუტატთა სიაში დათო ბაქრაძე პირველია და დატოვებს თუ არა ამ პარტიას, მანდატი მისია. შემდეგი ნაბიჯი მის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ისარგებლებს ამ მანდატით, თორემ კანონმდებლობის მიხედვით, მანდატი მისია.

- ისე, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკურად ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ევროპული საქართველოდან წასვლის შემდეგ, მანდატის გამოყენებას არ აპირებს. ქალბატონო ლელა, ევროპული საქართველოს საპარლამენტო სია განსხვავებულად შედგა და იქნებ აგვიხსნათ, თქვენი პარტიიდან ვის აქვს მიღებული საპარლამენტო მანდატი?

- ფიქტიური სია იყო წარდგენილი, რომელიც ნორმალურ ვითარებაში, იმის მიხედვით დაკორექტირდებოდა, თუ ვინ რა შედეგი დადო. ამ მომენტისთვის, იმ ფიქტიური სიის მიხედვით, სიაში პირველია დათო ბაქრაძე, შემდეგ - შალვა შავგულიძე, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი და ტარიელ ნაკაიძე.

-და თუ ელენე ხოშტარიამ არ გამოიყენა, სიის მიხედვით, ვის ეკუთვნის მანდატი?

- ხათუნა გოგორიშვილს, ფიქტიური სიითაც და შედეგითაც.

- გამოდის, რომ გიგა ბოკერიას საპარლამენტო მანდატი არ აქვს.

- დიახ, მაგრამ ეს სია როცა დაიწერა, გიგა ბოკერიას თავისუფლად შეეძლო, სიაში მეორე ჩაეწერა საკუთარი თავი. როდესაც საუბრობს იმაზე, რომ ხელს არ აწერს, ეს ნიშნავს პარტიის პოზიციას. მიგვაჩნია, რომ უფრო პრინციპული პოზიციის გამოჩენის შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან შესაძლებელი იყო მეტის მიღწევა და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა. არც მიღებული დოკუმენტის გაფერმკრთალებას ვცდილობთ, რაც მოხდა, ცალსახად არც „ოცნების“ გამარჯვებაა, უბრალოდ, ოპოზიციას შეეძლო, მეტი გამარჯვება მოეპოვებინა ამ მიმართულებით და ჩვენ რაც გვქონდა თავიდანვე გაცხადებული, იმ გზას მივუყვებით. დიახ, კომპრომისზეც თანახმა ვიყავით, ოღონდ პლებისციტი იყო ეს კომპრომისი. 43% კი ვერანაირად ამართლებს იმ 48%-ს, თან თვისობრივად განსხვავებულ არჩევნებზე. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მეტის მიღწევა იყო შესაძლებელი. ვართ იმ პრინციპების თანმიმდევრული, რასაც მივუყვებოდით და გიგა ბოკერიას პოზიცია, რომ ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის დასტური იმისა, რომ ამ პრინციპების ერთგული რჩება.

-შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი თუ პარლამენტში შევიდნენ, ეს ევროპული საქართველოს სახელით არ მოხდება?

- ეს ადამიანები ისედაც არ იყვნენ პარტიის წევრები, ჩვენი პოლიტიკური მოკავშირეები იყვნენ და მათ სრული უფლება აქვთ, თავიაანთი მანდატი გამოიყენონ, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა.

- თქვენი ინფორმაციით, გამსვლელი სიის დანარჩენი დეპუტატები პარლამენტში შესვლას გეგმავენ თუ არა?

- ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი, ტარიელ ნაკაიძე ეთანხმება ევროპული საქართველოს პოზიციას და რამე თუ შეიცვალა, არ ვიცი. სამწუხაროდ, ხათუნა გოგორიშვილის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან ცუდი იქნება, თუ პარტიის წევრები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ ახმოვანებს პარტიის პოზიციას და ესეც შეიძლება, მინუსში დაგვიწეროთ, როგორც პარტიას (იცინის).

- მოკლედ, თუ რომელიმე მათგანი პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს, ევროპული საქართველოს დატოვება მოუწევს?

- ამ გადაწყვეტილებას ან თვითონ მიიღებენ, ან პოლიტსაბჭო მიიღებს, რაც ფორმალური საკითხია.