„თუ სალომე ზურაბიშვილი გადადგება, შეუძლია, შექმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება!“-ვახტანგ ძაბირაძე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე „ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

 - ვფიქრობ, როცა შეხედა „ქართულმა ოცნებამ“, რომ იმ ვოიაჟების შემდეგ, რომელიც განახორციელა პრეზიდენტმა, მისი რეიტინგი იზრდებოდა, გადაწყვიტა, დროზე მოეშორებინა სავარაუდო კონკურენტი, რადგან ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი პარტნიორებიდან - ევროკავშირიდან უპირობო მხარდაჭერა აქვს და ამაში ერთსულოვანია ყველა. ამიტომ, ხელისუფლებამ მოიფიქრა სავარაუდო ვარიანტი, თუ როგორ განეხორციელებინა პროპაგანდისტული შეტევა პრეზიდენტზე. თავიდანვე, თავადაც აღნიშნეს, რომ 100 ხმა არ ჰქონდათ და გულწრფელად გითხრათ, დარწმუნებული ვარ, დიდი მცდელობაც არ ჰქონიათ, რომ 100 ხმა მოეგროვებინათ, მაგრამ იფიქრეს, სანამ პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, ეს პროცედურული ომი დაეწყოთ, ძირითადად, პრეზიდენტის ინსტიტუტთან, რადგან ზურაბიშვილი წავა, სხვა მოვა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი იყო ფაქტორი, რის გამოც ეს გაკეთდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტზე იყო შეტევა.

ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ იმით იხელმძღვანელა, რომ ხელისუფლებაში არაერთხელ აღნიშნეს, მას რეიტინგი არ ჰქონდა და „ქართული ოცნების“ დახმარებით გახდა პრეზიდენტიო, რაც სიმართლეა. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილს არ ჰქონდა ისეთი რეიტინგი, რომ დამოუკიდებლად გარანტირებული ჰქონოდა პრეზიდენტობა, მეორე ტურში გამარჯვება და კი, „ქართული ოცნება“ ამაში დაეხმარა… მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა იყო, არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ზურაბიშვილსა და ვაშაძეს შორის. შესაბამისად, ხელისუფლება თვლიდა, რომ ეს პროცესი მომგებიანი იქნებოდა „ქართული ოცნებისთვის“ და არა - ზურაბიშვილისთვის. ჩემი აზრით, პირიქით მოხდა, რადგან საზოგადოების 2/3 არ იღებს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, დღეს რომ რეიტინგები გაიზომოს, ზურაბიშვილი პირველ სამეულში იქნება. ლიდერად ჩამოაყალიბეს ზურაბიშვილი. ივანიშვილი, სააკაშვილი და ზურაბიშვილი - დღეს ეს სამი ლიდერია პოლიტიკურ ველზე. ვინ მოგვწონს და ვინ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ რეალობა ასეთია.

- თქვენი აზრით, ხელისუფლებამ ეს გაუცნობიერებლად გააკეთა, თუ შესაძლებელია, გარკვეული ქვეგეგმა არსებობზურაბიშვილის გალიდერებასთან დაკავშირებით?..

- არ მგონია, ასეთ ამბებს ძალიან მარტივად ვუყურებ. ის, რასაც ზურაბიშვილი აკეთებდა, ქვეყნისთვის სასარგებლოა. თუ ეს გათვლილი აქვს „ქართულ ოცნებას“, ძალიანაც კარგი… არ ვარ დარწმუნებული, რომ „ოცნებას“ დღეს ასეთი რთული პოლიტიკური თამაში შეუძლია, მაგრამ თუ შეუძლია, ღმერთმა ხელი მოუმართოს, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნისთვის სასიკეთოდ ვინ გააკეთებს საქმეს… ამიტომ, ვაფასებ იმას, რაც ფაქტია.

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ შესაძლებელია, ზურაბიშვილი ოპოზიციისთვის გამაერთიანებელ ფაქტორად იქცეს?

- პრეზიდენტს არ აქვს უფლება, იყოს პარტიის წევრი, კონსტიტუციის მიხედვით. ამიტომ, თუ ის აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, მაშინ უნდა გადადგეს.

თავიდანვე ის ვთქვი, რომ პრეზიდენტის რეიტინგი იზრდებოდა და სახიფათო კონკურენტად შეიძლება გამხდარიყო „ქართული ოცნებისთვის“… „ქართულ ოცნებას“ და ნაციონალურ მოძრაობას მესამე ძალის გაჩენა ამ ქვეყანაში ხელს არ აძლევს, რადგან ურჩევნიათ, ასე იყვნენ - ერთი ხელისუფლებაში და მეორე ოპოზიციაში. კატასტროფა იქნება, თუ „ოცნება“ ისევ უმრავლესობით მოვა, პირველ რიგში, მისთვის, რადგან უკვე ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში შექმნილი,  მაგრამ ამის მიუხედავად, არც ერთი და არც მეორე არ ფიქრობს, რომ მესამე ძალა გაჩნდეს.

ზურაბიშვილის ფაქტორი იმითაა გამორჩეული, რომ მას შეუძლია, პოლიტიკურ ველში დარჩეს და თუ გადადგება პრეზიდენტობიდან და აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკაში, შეუძლია, შექმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება.

ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ თუ „ქართული ოცნება“ წავა, ვიღაც მეორე უნდა მოვიდეს უმრავლესობით, დღეს პოლიტიკური ვითარება სხვაგვარია, რადგან არ არსებობს ვარიანტი, დავუშვათ, „ქართულმა ოცნებამ“, ან ნაციონალურმა მოძრაობამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს. შესაბამისად, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტისა და მთლიანად საზოგადოების ამოცანაა, შეიქმნას მესამე ძალა, რათა ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ.

კომუნისტებიდან მოყოლებული, ერთპარტიული მმართველობა ვერ დავასრულეთ, ამიტომ ეს უნდა დასრულდეს და ამისთვის საჭიროა, რომ 5%-იანი ბარიერი დაძლიოს ერთმა, ან რამდენიმე ძალამ, „ქართული ოცნებისა“  და ნაციონალური მოძრაობის გარდა - ეს არის დღეს ქვეყნის ამოცანა.

ამიტომ ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ისეთი რეიტინგი აქვს, რომ ამ  ბარიერის დაძლევას შეძლებს, თუნდაც გახარიასა და ლელოს გარეშე.

- ეს მოხდება მას შემდეგ, რაც დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას? თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს…

- იცით, რა… ასე არ გამოვა, საპარლამენტო არჩევნები უფრო ადრეა, ვიდრე საპრეზიდენტო და ამიტომ, თუ სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ უნდა, პოლიტიკაში დარჩეს, მაშინ უნდა გადადგეს. ამას კიდევ ცალკე პრობლემები აქვს, რადგან საზოგადოების თვალში გამართლებული უნდა იყოს გადადგომა.

- ესე იგი, მიიჩნევთ, რომ სალომე ზურაბიშვილი, გადადგომის შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს, სერიოზულ შედეგს დადებს?

- 5%-იან ბარიერს ნამდვილად დაძლევს.

- თუ პრეზიდენტი არ გადადგა, ასეთი ოპონირება მნიშვნელოვან ინსტიტუტებს შორის, ქვეყნის ინტერესებს არ დააზიანებს?

- მსოფლიოში უარესი რამ მომხდარა. თავის დროზე, საფრანგეთში, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ისეთი დაძაბულობა იყო, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე, ორივე ერთად გაფრინდა და ორივე ამბობდა, მე ვარ ქვეყნის პირველი მმართველიო. არცთუ  დიდი ხნის წინ, ანალოგიური პროცესი იყო პოლონეთში. ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ ასეთი კაზუსები არის და ახალი არაა. ამის შემდეგ, ბუნებრივია, იწყება კანონმდებლობის დაზუსტება და ა.შ. ასეთი რამ ხდება, მაგრამ ეს ქვეყნის იმიჯსა და სტატუსის მონიჭების საკითხზე ვერ იმოქმედებს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა პარტნიორებმა და ვფიქრობ, დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.  

 ავტორი-თათია გოჩაძე