როგორ მოქმედებს „ჰამასი“ ფსიქოლოგიურად ისრაელზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელი-პალესტინის ომზე „ვერსია“ სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ  მაისაიას ესაუბრა:

- საერთაშორისო უსაფრთხოების დონეზე ხორციელდება კლასიკური ჰიბრიდული ომი, რომელსაც აწარმოებს ისრაელი და პალესტინის ჯიჰადისტური დაჯგუფებები. უშუალოდ ვარ ჰიბრიდული ომის სპეციალისტი, ჩემი წიგნით, საქართველოში ისწავლება ჰიბრიდული ომი, ასე რომ, როგორც ამ დარგის სპეციალისტმა, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს ომი მიმდინარეობს ორ, შედარებით არათანასწორ ძალას შორის. ისრაელი არის სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია საკმაოდ ძლიერი სამხედრო პოტენციალი, რომელშიც შედის შეიარაღებული ძალების მომზადების დონე; სამხედრო სამრეწველო კომპლექსის დონე; სამხედრო კადრები სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით და სამხედრო შეიარაღების ფლობა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება.

როცა არათანაბარ ძალებზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ ერთ მხარეს არიან არასახელმწიფოებრივი აგრესიული აქტორები - ისლამური ჯიჰადი და „ჰამასი“, „ჰესბოლა“, მეორე მხარეს კი არის სახელმწიფო ისრაელი, თუმცაღა ჰიბრიდული ომის კომპონენტი ისაა, რომ ვითარდება ხუთ სივრცეში: სამხედრო, საინფორმაციო/ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კიბერსივრცე.

ამ ჰიბრიდული ომის ხუთივე სივრცე არის მოცული. აქ გამოყენებულია პოლიტიკური ელემენტები, მაგალითად, ყურადღების გადატანა ერთი გეოსტრატეგიული ამბიდან მეორეზე. ასევე, პოლიტიკური იმიჯის მოსპობა, „ჰამასს“ ჰქონდა პოლიტიკური მისია, რომ დაეკნინებინა ისრაელის, როგორც სახელმწიფოს ძლიერების კომპონენტი და გადაეყვანა სუსტი სახელმწიფოს სტატუსის მქონეთა რიგებში.

ეკონომიკური ასპექტია ის, რომ გარკვეული ქვეყნები, რომლებიც ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ, ცდილობენ, მოწინააღმდეგე მხარე დააკნინონ. აქ საუბარია მოწინააღმდეგის მორალური და ეკონომიკური მდგომარეობის დასუსტებაზე და იძულებაზე, რომ თავს მოხვეული იქნას ის პოლიტიკური მიმართულება, რაც სურს მოწინააღმდეგეს. ამიტომ განსხვავდება ჰიბრიდული ომი სხვა თაობების ომებისგან...

ჰიბრიდული ომი გამოიხატება, ასევე, იმაში, რომ ფსიქოლოგიური ოპერაციების მთელი წყება ხორციელდება ორივე მხრიდან. მაგალითად, „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიის სიღრმეში შეიჭრა, მძევლები გადმოიყვანა თავის ტერიტორიაზე და ამით, გარკვეულწილად, შეეცადა ისრაელში პოლიტიკური სიტუაციის აღრევას და სამწუხაროდ, „ჰამასმა“ ამას ნაწილობრივ მიაღწია.

- რას გულისხმობთ?

- თუ ისარელის ამჟამინდელი ხელისუფლება აპირებდა, განეხორციელებინა მასობრივი შეტევა ღაზას სექტორზე, ამ ფსიქოლოგიური ბრძოლის ელემენტმა, რომელიც „ჰამასმა“ განახორციელა... „ჰამასის“ უკან დგანან დიდი სახელმწიფოები და ეს დასამალი არაა, ესენია, თუნდაც, რუსეთი, ირანი და სირია, რომლებიც, სხვათა შორის, საქართველოს მტრებიც არიან. ირანზე შეიძლება არ ვთქვა ეს, მაგრამ სირიისა და რუსეთის დღევანდელი რეჟიმები რომ ჩვენი მტრები არიან, ეს გასაგებია. ირანთან გვაქვს, გარკვეულწილად, თანაბარი, მეზობლური ურთიერთობები, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი არიან ჩვენი მტრების გვერდით ამ ჰიბრიდულ ომში, ამიტომ ეს ნაწილობრივ ყურადსაღებია ჩვენთვის.

ისრაელის ამ ახალმა, დროებითმა მთავრობამ შეიკავა თავი მასობრივი სახმელეთო ოპერაციის განხორციელებისგან  ღაზას სექტორზე და როდის განახორციელებენ ამას, არავინ იცის. მძევლების რაოდენობა გაიზარდა 200-მდე, რაც ისრაელზე მოქმედებს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

„ჰამასი“ ცდილობს, ჰიბრიდულ ომში ჩაითრიოს ისრაელი, ურბანისტული ბრძოლების სქემაში და მეორე მხრივ, აიძულებს ისრაელს, განახორციელოს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა ანუ ფაქტობრივად, „ჰამასი“ თავისსავე მოქალაქეებს იყენებს ფსიქოლოგიური ომის მეთოდებისთვის, რომ ისრაელმა განახორციელოს დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომ მერე ამას მიეცეს პოლიტიკური მხარდაჭერა „ჰამასის“ მხარეს. კიბერომი კი იმაში გამოიხატება, რომ რუსულმა კერძო სამხედრო კიბერკომპანიამ განახორციელა პირდაპირი დარტყმა ისრაელის სახელმწიფოს სტრუქტურებზე და მოახდინა მისი პარალიზება.

ზოგადად, სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში, რადგანაც ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ნავთობის ფასმა აიწია, უკრაინის ეკონომიკური დახმარების კუთხით, აშშ-ს შეექმნა პრობლემები, რადგან ისრაელზე კიდევ ეკონომიკური დახმარების გამოყოფა აშშ-ის ეკონომიკას, შეიძლება, საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვეს.

ისრაელსა და აშშ-ს შორის არსებობს ოთხი მნიშვნელოვანი შეთანხმება. განსაკუთრებით გამოვყოფდი 1952 წელს გაფორმებულ ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას, რომლითაც ისრაელს ენიჭება არანატო-ს სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე, ისრაელი აშშ-სგან იღებს 3 მილიარდ დოლარს თავდაცვის ბიუჯეტის გაუმჯობესების მიზნით. ისრაელს, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარი აქვს ბიუჯეტი და ამას ემატება აშშ-სგან მიღებული 3 მილიარდი, რაც საკმაოდ სერიოზული აკუმულირებული ძალაა. ამერიკული ბიუჯეტი როგორ გაუძლებს ამდენ დახმარებას, ეს კიდევ ცალკე თემაა.

სამხედრო თვალსაზრისით, ახალი ელემენტები იქნა გამოყენებული, როგორიცაა თუნდაც აერომობილური ოპერაციების ახალი სახე, დელტაპლანების სახით. პირველად განხორციელდა აერომობილური ოპერაცია სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მიმართულებით... „ჰამასმა“ გამოიყენა საბრძოლო მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს ძველი მეთოდების გამოყენებას ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მაგალითად, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს, როგორც „ალ ქაიდამ“ გამოიყენა სამგზავრო თვითმფრინავი, როგორც საბრძოლო პილოტირებული თვითმფრინავი და განახორციელა დარტყმა აშშ-ის სტრატეგიულ ობიექტებზე.

ასეთი მეთოდით გაანადგურა „ტყუპების“ შენობები და დაარტყა სტრატეგიული მართვის ცენტრს - პენტაგონს და ა.შ. დაახლოებით, ასეთი ელემენტებია გამოყენებული „ჰამასის“ მიერ, ისრაელის წინააღმდეგ.

- სხვათა შორის, აშშ-ის ერთ-ერთმა გადამდგარმა გენერალმა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმა, სწორედ 11 სექტემბრის ტერაქტს შეადარა და განაცხადა, რომ ახლაც მსგავსი მასშტაბის ტერორისტული აქტია მოხდა...

- კი, 11 სექტემბრის მოვლენა არ იყო ტერაქტი, ეს იყო კარგად ორგანიზებული სამხედრო თავდასხმა, სამხედრო აქცია, რადგან ის მოიცავდა რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომლის მეშვეობითაც აშშ-მა პირველად აამოქმედა მე-5 მუხლით გათვალისწუნებული პრინციპი. მის ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა არასახელმწიფოებრივი აქტორის მიერ. მოკლედ, ეს იყო სამხედრო აგრესია. ფაქტობრივად, იგივე განახორციელა „ჰამასმა“ - ისლამურმა ჯიჰადისტურმა ტერორისტულმა გაერთიანებამ, რომელსაც გააჩნია სამხედრო ფორმირებები. მათ გაიარეს სპეციალური მომზადება ღაზას სექტორში და მის ფარგლებს გარეთ, სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს ლიბია. არ გამოვრიცხავ, რომ ავღანეთის ტერიტორიაზეც მომხდარიყო მათი მომზადება, რადგან თალიბანის განცხადებები და დეკლამაციები ამ სავარაუდო სცენარზე მიუთითებს.

- მოვლენების როგორ განვითარებას პროგნოზირებთ... ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიაწყდა ეგვიპტის საზღვრებს... ევროკავშირის სამიტი ჩაინიშნა და ევროპის ქვეყნები ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ მშვიდობიან მოქალაქეებს... საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ ვითარებაში?

- საქართველოს პოზიცია არის აბსოლუტურად ადეკვატური და სწორი, რადგან „ჰამასის“ უკან დგანან ის ძალები, რომლებიც არიან ჩვენი მტრები - სირია და რუსეთის ფედერაცია, რომლებიც ეხმარებიან ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედ სეპარატისტებს და ჩვენ წინააღმდეგ აქეზებენ, რბილად რომ ვთქვათ.

ისრაელი არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, იქ არის ჩვენი ქართული „ალიას“ დიდი დიასპორა.... ისრაელიდან დამიკავშირდნენ ქართველი-ებრაელები და მთხოვეს კონსულტაციები... ამიტომ, ეს ფაქტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისრაელმა, თავის დროზე, დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალის განვითარებაში, მათ წვრთნასა და აღჭურვაში. ისრაელი ჩვენი ერთგული მოკავშირეა. ისრაელის სტრატეგიული მოკავშირეა აშშ, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეცაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია სავსებით სწორი და ადეკვატურია, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ეს საკმაოდ რთული სათქმელია. პირველად მიჭირს რამე პროგნოზის გაკეთება.

ისრაელი დგას უსაფრთხოების დილემის წინაშე ანუ მის წინაშე განხორციელდა სერიოზული სამხედრო თავდასხმა, რომლის გატარება არ შეიძლება და ისრაელის ხელისუფლებამ სწორად აიღო გეზი, რომ მოახდინოს „ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის სრული განადგურება. მეორე მხრივ კი, ამ დაჯგუფებების უკან დგანან საკმაოდ სერიოზული ძალები ანუ რუსეთი, ირანი და სირია. რუსეთი ყველაფერს იზამს, რომ გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის... მან მოახერხა ამით, რომ საინფორმაციო ველი გადაეფარა უკრაინის საკითხზე. ასევე, რუსეთი ეცდება, გადაუკეტოს საფინანსო, სამხედრო დახმარება აშშ-ისა და დასავლეთისგან უკრაინას, რათა უკრაინა აღმოჩნდეს ბლოკადაში და მერე, ეტაპობრივად დაიკავოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლისკენაც რუსეთი ისწრაფვის.

ავტორი: თათია გოჩაძე