სანქცირებული მოსამართლეები 2040-იან წლებამდე - არის თუ არა უვადო მოსამართლე ხელშეუხებელი?

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვანი კორუფციის“ გამო სანქცირებული სამი მოქმედი მოსამართლიდან სამივე უვადოდ არის დანიშნული და თანამდებობაზე ყოფნა 65 წლის ასაკამდე შეუძლიათ. ლევან მურუსიძეს დრო 2040 წლამდე აქვს; მიხეილ ჩინჩალაძეს - 2043 წლამდე; ხოლო ირაკლი შენგელიას - 2041 წლამდე.

თუმცა, უვადოდ გამწესებული მოსამართლე ხელშეუხებელი არ არის. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კორუფცია ერთ-ერთი საფუძველია, რის გამოც მოსამართლე შესაძლოა თანამდებობიდან გათავისუფლდეს.

დღეს მოვლენათა ასეთი განვითარება თითქმის წარმოუდგენელია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას არ აპირებს. ხელისუფლება მიუთითებს, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას ცდილობს.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით კი, სწორედ ახლაა შესაბამისი დრო სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და კორუფციასთან რეალური ბრძოლისთვის.
"საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა“ და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის" გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 აპრილს, სავიზო შეზღუდვა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. სანქცია ვრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც.
რა შემთხვევაში შეიძლება გათავისუფლდეს მოსამართლე?

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის თანახმად, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, მათ შორის, შეიძლება გახდეს კორუფციული სამართალდარღვევა, დისციპლინური გადაცდომა და ასევე „მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა“. თუმცა ეს არ არის მარტივი ამბავი.
მოსამართლის გათავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადასაწყვეტია; ხოლო საბჭოს მიმართ სანდოობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და სადავო საკითხია.

„კი, მოსამართლის გათავისუფლება კანონის მიხედვით შესაძლებელია, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო და ეს არის ერთმანეთის თანამოაზრეებით დაკომპლექტებული შემადგენლობა... დღევანდელ პირობებში, მათგან მოსალოდნელია მხოლოდ იმ მოსამართლეების დევნა, რომლებიც მათ წრეში არ არიან და მათ არ ემორჩილებიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც, უკვე წლებია, სხვათა მსგავსად, სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზე ლაპარაკობს.

„კლანის“ ლიდერებად, ექსპერტები სწორედ სანქცირებულ მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ასახელებდნენ - რასაც ხელისუფლება ყოველთვის უსაფუძვლო ბრალდებებად თვლიდა.
სასამართლო სისტემის მმართველი ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს - ძირეული რეფორმირება აშშ-ისა და ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაციაა, რომელიც, უკვე წლებია, შეუსრულებლად რჩება. ეს მოთხოვნა კვლავ არის ხაზგასმული ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის ფარგლებში მომზადებულ კანონპროექტს უკავშირდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უდგას სათავეში, ფლობს კონსტიტუციით მინიჭებულ ბერკეტს, რომ დაკავებული მოსამართლის გათავისუფლებაც მოითხოვოს და ეს ორგანული კანონის მე-40 მუხლშიც არის გაწერილი.

კონსტიტუციის 63-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე ხელშეუხებელია და დაუშვებელია მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე (საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შემთხვევაში) და თუკი საბჭო „არ მისცემს თანხმობას, თავისუფლება შეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“.

ორგანულ კანონში მითითებულია, რომ "თანხმობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს".
როგორ (არ) იქცევიან პარტნიორები?

7 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, სწორედ ახლაა სათანადო დრო, რომ გადაიდგას რეალური ნაბიჯები სასამართლო რეფორმისა, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით, რაც პრიორიტეტულ საკითხებს წარმოადგენს.

ელჩის შეფასებით, მოსამართლეთა სანქცირებამ რეფორმების პროცესს უნდა შეუწყოს ხელი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, რადგან ეს არის შესაძლებლობა, რომ აღმოიფხვრას კორუფციის ბრალდებები სასამართლო სისტემაში, ეს არის შესაძლებლობა, რომ მოხდეს ხელისუფლების ნაბიჯების დემონსტრირება კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რათა ჩამოაყალიბოს ნამდვილად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა“, - აცხადებს კელი დეგნანი და გამოთქვამს იმედს, რომ „ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, რომ უპასუხოს კორუფციის ბრალდებებს და გადადგას ნიშანდობლივი ნაბიჯები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემისთვის“.
მოსამართლეთა სანქცირების კვალდაკვალ, ოპოზიცია ხელისუფლებისგან, უკვე ორი დღეა, სასამართლო სისტემაში კორუფციის ფაქტების გამოძიებას ითხოვს და პარალელურად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის გეგმებზე ლაპარაკობს.

გამოძიების საჭიროება 7 აპრილს ახსენა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც. "თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები - ეს იქნება სრული გამოძიება და თუ გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობისა ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა", - თქვა მან, შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ქართული ოცნება“ გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავს და მთელი ძალით უპირისპირდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას.

აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვერ მოისმინა ვერცერთი კონკრეტული მიზეზი, რის გამო დაუწესა ამერიკამ სავიზო სანქციები ქართველ მოსამართლეებს:

„ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია ძირითადად საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. ანუ არაფერი რაიმე დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ არსებობს.

არის ის, რაც არის პრესაში თუ სხვადასხვა კვლევაში, ის, რაც ყველამ ჩვენ ვიცით. თუმცა, სპეციფიკურად, რომელი ესა თუ ის ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია; ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან, ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება... მათთვის კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყის მიწებება, არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - თქვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ - „პარტნიორები ასე არ იქცევიან“.

მანამდე, აშშ-ის საელჩომ „სანდო“ უწოდა „სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის - ღია წყაროებიდან“ მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილებას. თუმცა ამერიკული მხარე არ აპირებს, რომ მიაწოდოს მოპოვებული მასალები საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებს, რადგან თვლის, რომ „კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა“.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „კორუფცია საჯარო სამსახურში“ მოიცავს: „საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენებას - უკანონო ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით და ასევე, მისთვის ამ სიკეთის გადაცემა, ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა”.

კორუფციის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევა ნეპოტიზმი, რაც გულისხმობს, მაგალითად, ოჯახის წევრებისა და ნათესავების საჯარო სამსახურში დასაქმებას ანდა დასაქმების ხელშეწყობას პრივილეგირებული მიდგომებით.

სხვადასხვა დროს, მათ შორის - ჟურნალისტური გამოძიებების ფარგლებში, არაერთხელ გასაჯაროვდა ფაქტები, რომლებიც სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებდა; თუმცა ისინი საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა რჩებოდა.