სასამართლო რეფორმით უკმაყოფილებამ სამთავრობო კრიზისი გამოიწვია - რა ხდება ისრაელში

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელში სამი თვეა მიმდინარეობს მრავალათასიანი საპროტესტო აქციები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, ითვალისწინებს პარლამენტის და მთავრობის გადაწყვეტილებებზე სასამართლოს კონტროლის შეზღუდვას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების გაფართოებას.

ისრაელის მოქმედი კანონმდებლობით, უზენაეს სასამართლოს შეუძლია დაბლოკოს კანონები, რომლებსაც არასამართლებრივად ჩათვლის. ახალი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს სასამართლოს ვეტოს დაძლევის უფლებას. ამ ცვლილების მოწინააღმდგეები აცხადებენ, რომ არადემოკრატიული კანონის მიღება ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ არადემოკრატიულს უწოდებს დღევანდელ ვითარებას, როცა უზენაეს სასამართლოს შეუძლია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა შეზღუდოს.

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქვეყნის მთავრობას და პარლამენტს მიმართა, დაყოვნებლივ შეწყვიტონ სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესი. ჰერცოგმა დღეს ტვიტერზე დაწერა, რომ ლიდერობის და პასუხისმგებლობის დროა. ისრაელის პრეზიდენტი პარლამენტის ყველა ფრაქციას მოუწოდებს, ყველაფერზე მაღლა ქვეყნის მოქალაქეები დააყენონ და შესაბამისი პასუხისმგებლობით იმოქმედონ. 

26 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა იოავ გალანტი, რომელმაც 25 მარტს მთავრობას მოუწოდა, შეაჩეროს სასამართლო რეფორმის განხორციელება, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. მის გათავისუფლებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ისრაელის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა ათეულობით ათასი ადამიანი. თელ-ავივში დემონსტრანტებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მცირე ხნით შეძლეს უსაფრთხოების ძალების კორდონის გარღვევა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. 

სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ზედიზედ მეთორმეტე კვირა გრძელდება. მათი ორგანიზატორების თქმით, გუშინ ქუჩებში გამოვიდა 600 ათასზე მეტი დემონსტრანტი. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო. ისრაელის მოსახლეობა 8 მილიონზე ოდნავ მეტია.

ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ შეთავაზებული სასამართლო რეფორმა გულისხმობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას, თავად სასამართლო კი დაკარგავს მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმების უფლებას. პარლამენტმა მომავალ კვირაში უნდა გამოიტანოს რეფორმა კენჭისყრაზე. დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ ეს სასამართლოების დამოუკიდებლობის დაკარგვას მოასწავებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც კვლა იქნა არჩეული გასული წლის დეკემბერში, მიიჩნევს, რომ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მიზანია ხელისუფლებიდან მისი გადაყენება. ზოგიერთი დემონსტრანტი მართლაც გამოდის ასეთი მოწოდებებით. თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ნეთანიაჰუმ უკვე მერვედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ამჟამად მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული კორუფციის ბრალდებით. თავად ნეთანიაჰუ უარყოფს ბრალდებებს.

მომზადებულია “რადიო თავისუფლების” მასალებზე დაყრდნობით