დავით ზურაბიშვილი: „სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც სურს რევანში!“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 „კარგია, რომ შეთანხმება შედგა და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი პარლამენტში შევა“

  დასავლეთის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკება მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“, ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში გაიმართა. დოკუმენტს ოპოზიციის მხრიდან ხელი მოაწერეს ზურაბ ჯარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ, სალომე სამადაშვილმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალეკო ელისაშვილმა. მმართველი ძალიდან კი - არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

ამ ეტაპზე, შეთანხმებას ხელს არ აწეს ენმ, ევროპული საქართველო და ლეიბორისტული პარტია. დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ისე მოაწერეს, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. სამადაშვილმა განმარტა, რომ პარლამენტში საქმიანობას ნაციონალური მოძრაობის სახელით აღარ აპირებს და პარტიიდან წასვლის ოფიციალურ გადაწყვეტილებას ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მიიღებს. 

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რაც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ამასთან, მიშელის წინადადების თანახმად, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

შეთანხმების მიღწევის შემდეგ, საქართველოში შარლ მიშელი ჩამოვიდა, მანამდე კი განაცხადა: „მადლობელი ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მისი ხედვისთვის და ასევე, თქვენი, პოლიტიკური ლიდერებისა და ოპოზიციური პარტიების არჩეული წევრების, თქვენი გამბედაობისა და თქვენი გამბედავი პოლიტიკური არჩევანისთვის... ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი, ეს არის საწყისი წერტილი თქვენი სამუშაოსთვის, რომელიც უნდა გასწიოთ საქართველოს დემოკრატიულობის კონსოლიდაციის გზაზე და თქვენი სამუშაოსთვის, რომელიც უნდა გასწიოთ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე“.

ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებაზე „ვერსია“ პოლიტიკის ექსპერტ დავით ზურაბიშვილს ესაუბრა:

 - მართალია, ყველა მხარეს არ მოუწერა ხელი, მაგრამ ეს შეთანხმება რომ შედგა და პარლამენტში შევა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, თავისთავად, კარგია. საერთოდ, პირველივე დღიდან ვიყავი ბოიკოტის კატეგორიული წინააღმდეგი. ზოგი ცდილობს, ბოიკოტის რეჟიმი იმით გაამართლოს, რომ ეს შეთანხმება და მნიშვნელოვანი დათმობა, რაზეც დასავლეთის ზეწოლით ხელისუფლება წავიდა, ბოიკოტმა მოიტანა, მაგრამ რეალურად, ეს ხელისუფლების ძალიან უხეშმა შეცდომებმა მოიტანა, როდესაც ბოიკოტის რეჟიმის დროს შეეცადნენ, რეპრესიებით „ჩაეწიხლათ“ ოპოზიცია და დაიჭირეს ნიკა მელია. ამან გამოიწვია დასავლეთის ძალიან სერიოზული შეშფოთება. სანამ მელიას დაიჭერდნენ, მანამდეც იყო ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ დასავლეთი ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციას აკრიტიკებდა და მოუწოდებდა პარლამენტში შესვლისკენ. როგორც კი მელია დაიჭირეს, სიტუაცია შეიცვალა და ეს არ იყო ძნელი მისახვედრი, ვისაც ოდნავ მაინც ესმის საერთაშორისო პოლიტიკის ანაბანა. ამ შეცდომამ გამოიწვია ძალიან სერიოზული შეშფოთება იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების აშკარა გამოხატულება იყო. პრინციპში, რაც მივიღეთ, ვფიქრობ, ბოიკოტის გარეშეც შეეძლო ოპოზიციას. კი, უნდა გამოეხატა პროტესტი არჩევნების მერე, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერით, ადრეც შეიძლებოდა რაღაცების მიღწევა. მელია არ იქნებოდა გამოსაშვები იმიტომ, რომ გარეთ იყო... საერთოდ, მთლიანობაში, დადებითად ვაფასებ ამ შედეგს.

- ბატონო დავით, როგორ ფოქრობთ, ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელმა მხარემ დათმო უფრო მეტი?

- ამას არ ვუყურებ, როგორც ორ მხარეს. საერთოდ, ვუყურებ მთელ პროცესს ისე, თუ რა არის ქვეყნისთვის ანუ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის სასარგებლო. ვფიქრობ, სასარგებლოა მეტი პლურალიზმი, მრავალფეროვნება, დემოკრატია და მეტი შანსი, რომ ერთპიროვნული მმართველობა არ იყოს ქვეყანაში. გადაწყვეტილები არ მიიღებოდეს ერთი ადამიანის ხუშტურებით და ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ აღმოვჩნდეთ. ამისკენ კი ეს პოზიტიური ნაბიჯია და ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველასთვის კარგია. ვიღაცას შეიძლება, არ მოწონს და თვითონ უნდა, რომ იჯდეს მთელი ცხოვრება ქვეყნის სათავეში, მისთვის ეს კარგი არაა.

- რამდენად მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, პარლამენტში ყოფნა?

- ამ პარტიის ძალაცა და სისუსტეც ერთი ადამიანია - მიხეილ სააკაშვილი. ესაა ნომერ პირველი პრობლემა ამ პარტიისთვის. არ ვამბობ, რომ მათი ამომრჩევლის 100% მარტო მიხეილ სააკაშვილის გამო აძლევს ხმას, მაგრამ ასეთი ძალიან ბევრია. თავად მიხეილ სააკაშვილს რომ ვუსმენ, რასაც ლაპარაკობს, ეს არის ადამიანი, რომელსაც სურს ხელისუფლებაში დაბრუნება და რევანში. სხვა მესიჯი მისგან არ მოდის, შეუძლია, კვირაში შვიდჯერ შეცვალოს ჩვენება, სხავადასხვა რამ ილაპარაკოს. არ მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრი, ამ გაგებით რევანშისტია, მაგრამ სანამ მიხეილ სააკაშვილია ამ პარტიის ლიდერი და მის გარეშე ბევრს დაკარგავენ ელექტორატში, ეს პარტია ყოველთვის იქნება გამორჩეული იმდენად, რამდენადაც საზოგადოებაში ბევრი ისეთი ადამიანი იქნება, ვინც არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება გამოიწვევს პოლიტიკურ რევანშიზმს და ეს არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, თან სააკაშვილი იყოს და თან პროგრესული ცვლილებები გინდოდეს, ეს არ გამოვა. კი, პარტიაში არის ხალხი, რომელიც ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ პოლიტიკაში იქნებიან, მაგრამ სანამ სააკაშვილი მათი ლიდერია, ყოველთვის საფრთხობელას როლში დარჩებიან.

- ისე, როგორი მოლოდინი გაქვთ, შეიძლება, ამ პროცესების გამო, ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ დაიშალოს?

- არ მგონია, ჯერ დაიშალოს, თუმცა მოგებით ვერ მოიგებს ვერცერთ ვარიანტში - თუ გარეთ დარჩა ან თუ პარლამენტში შევა. მე არ ვგულშემატკივრობ ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებას, გულახდილად ვამბობ, ფრაგმენტაციის მომხრე უფრო ვარ. არ ვარ მომხრე, რომ ნაციონალური მოძრაობა იმ სახით, როგორც არის, სააკაშვილის ლიდერობით გაძლიერდეს და დღეს რომ  ობიექტურად, ნომერ პირველი რეიტინგული პარტიაა ოპოზიციაში, არ მგონია, რომ ეს კარგია ქვეყნისთვის, თუმცა ისიც მესმის, რომ ციდან მესია არ ჩამოვარდება და რა პოლიტიკური სპექტრიც გვყავს, ესაა. ამიტომ სააკაშვილის დაბალანსების მექანიზმი, სხვა პარტიების გაძლიერება და მეტი პლურალიზმი მგონია.

- ის, რაც გუშინ ვნახეთ, ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო?

- კი, რა თქმა უნდა, არა მარტო მე, არამედ, ევროკავშირი, აშშ-იც ზუსტად იმავეთია დაინტერესებული - მრავალპარტიულობით, პლურალიზმით, კოალიციურობით, შეთანხმებით და იმით, რომ პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს არ უყურებდნენ, როგორ მოსისხლე მტერს. ეს ყველასთვის კარგია და დასავლეთის მხარდაჭერა ამ პროცესისადმი ძალიან მნიშვნელოვანია.