გორში „დილა“ გათენდა, დანარჩენ საქართველოში - უკუნია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოთხი ქართული კლუბიდან, წლევანდელ ევროთასებს მხოლოდ ერთი - გორის „დილა“ შემორჩა. გორელებმა უმძიმეს ბრძოლაში პოლტავის „ვორსკლა“ დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე, კვიპროსული „აპოელი“ ელით, რომლის რიგებში ორი ქართველი - ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია თამაშობს. მოდით, გორელებზე ცოტა მეტი ვთქვათ, რადგან მათ შემდეგ, საინტერესო მოსაყოლი არც არაფერი გვექნება. უკრაინელი სპეციალისტის, ანატოლი დემჩენკოს ხელში, „დილა“ აშკარად გამართულად თამაშობს და იმ მწირი რესურსით, რაც ამ კლუბს გააჩნია, ეს შედეგი მაქსიმუმის მაქსიმუმია. ღმერთმა არ ქნას და, გორელები „აპოელთან“ რომ დამარცხდნენ, მაინც თავაწეული ივლიან, რადგან მათ გასაკეთებელი გააკეთეს და აუგი არავის დასცდება.

ყაზახურ „აქტობესთან“, შინ, 1:4-ზე წაგებული შეხვედრის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოს“ სტუმრად შეხვედრის მოტრიალება რომ გაუჭრდებოდა, ცხადი იყო. ამის მიუხედავად, იმერულმა კლუბმა იბრძოლა, რაც შეეძლო, გააკეთა, ყაზახეთში 2:1 მოიგო და ევროთასებს დაემშვიდობა.

თბილისის „დინამო“ - საქართველოს საკულტო გუნდი, ვერ გეტყვით, შეიცვლება თუ არა ოდესმე ქართველი გულშემატკივრის დამოკიდებულება „დინამოს“ მიმართ, მაგრამ ეს არის ის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ქომაგი ჰყავდა საქართველოში, ახლაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს და მათი წარმატება თუ წარუმატებლობა, ფანებისთვის ორმაგად სანერვიულოა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ასტანასთან“ უსახელოდ გამოვარდნის შემდეგ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ თბილისელები მალტის „ჰამრუნს“ უპრობლემოდ გაივლიდნენ. უპრობლემოდ იმიტომ, რომ ამ გუნდს არ ჰყავს ბოლომდე პროფესიონალი ფეხბურთელი, მალტაზე 450 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათთვის ფეხბურთი მეოცე თუ არა, მეათეხარისხოვანი ნამდვილად არის. ჰოდა, სწორედ ასეთმა გუნდმა მოგვიგო ერთი კვირის წინ და საპასუხო შეხვედრას მოუთმენლად ველოდით - შური უნდა გვეძია, მაგრამ პირადად ჩვენთვის, ყველაფერი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დასრულდა, როცა დედაქალაქელთა თავკაცმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა პირდაპირ განაცხადა, არ არის „დინამო“ იმ სიძლიერის გუნდი, მომავალი მატჩის შედეგზე პროგნოზი გავაკეთოო. გესმით? თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი ამბობს, მალტის გუნდს საკუთარ მოედანზე მოვუგებ თუ არა, არ ვიციო...

შეხვედრა ისეთ ტემპში და ისეთი სქემით წარიმართა, „სვარკას“ არც შევადარებთ, იმიტომ, რომ ბევრად სჯობს. ამის მიუხედავად, მალტელებმა გოლის გატანა და მოგება აქაც მოახერხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. გულშემატკივართა უმრავლესობამ უკვე მერამდენედ ჩაიქნია ხელი, მაგრამ... გვავიწყდება ხოლმე ახალ სეზონამდე და სტადიონზე ისევ მივდივართ. რაც შეეხება მარცხის მიზეზს, ჩვენ რამდენიმე მათგანს ვიტყვით და დანარჩენს, ალბათ, სპეციალისტები ჩამოაყალიბებენ. არ შეიძლება, ფეხბურთელი, რომელიც უბრალოდ ვერ თამაშობს, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში გყავდეს და აძლევდე ყველაფრის უფლებას, არ სთხოვდე ზუსტად იგივეს, რასაც დანარჩენ ფეხბურთელებს სთხოვ და ამას აკეთებდე მხოლოდ იმიტომ, რომ შენ (ანუ გუნდის მთავარ მწვრთნელს) და იმ კონკრეტულ მაროკოელ ფეხბურთელს (იმრან ომარს) ერთი საფეხბურთო აგენტი გყავთ. არ შეიძლება, პიროვნული უთანხმოების გამო, ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიბრწყინა, სათადარიგოთა სკამზე დასვა, არ შეიძლება, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ვიცე-კაპიტანი გასვლით შეხვედრაში მხოლოდ იმიტომ არ წაჰყვეს გუნდს, რომ თურმე მეტოქეს ხელოვნური საფარი აქვს და ტრავმის მიღების შემთხვევაში, ის ვერ გაიყიდება. ეს ყველაფერი ჩვენ რომ ვიცით, როგორ დავიჯეროთ, რომ არ იცის კლუბის პრეზიდენტმა? იცის და ჩუმად არის? მაშინ, რა აზრი აქვს საქართველოში ფეხბურთზე ნერვიულობას?!

P.S. პირველი ტაიმის მიწურულს, „დინამოს“ თავკაცი და მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მსაჯმა გააძევა. ნამატჩევს თქვეს, მალტელმა ფეხბურთელმა ქართული სამწვრთნელო შტაბის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზა თქვაო და ჭიაბრიშვილმა, თურმე, ვერ აიტანა. მეტი რა შეურაცხყოფა გინდა, მალტის გუნდი სრულ მეორე ტაიმს, ათი კაცით გეთამაშა და გოლი ვერ გაუტანე...

P.P.S. ვერ გეტყვით, ვინ ურჩა, მაგრამ წაგებული მატჩის მეორე დღეს, ჭიაბრიშვილი გადადგა და მასთან ერთად, გუნდიდან მისი სამწვრთნელო შტაბი სრულად წავიდა. ამბობენ, „დინამოს“ ახალი თავკაცი ანდრეს კარასკო იქნებაო და ვნახოთ. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ესპანელი სპეციალისტი „დინამოს“ აკადემიის მთავარი მწვრთნელია და სავარაუდოდ, ახლა მთავარ გუნდში დააწინაურებენ.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე