„ჯვაროსნები“ სრული სვლით - 2 მატჩი და 9 გოლი!

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთო. ჩვენმა გუნდმა ორი შეხვედრა გამართა, მესამე მატჩი 9 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სკოპიეში ელის, შემდეგ კი საკუთარ მოედანზე ბულგარეთს ვმასპინძლობთ. ერთა ლიგის დაწყებამდე, ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე თქვა, ჩემი გეგმა ოთხივე შეხვედრის მოგებააო, რაზეც ბევრს გაეღიმა, თუმცა ისე ჩანს, ფრანგი სპეციალისტი სულაც არ ხუმრობდა.

ის, რომ ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრაში გიბრალტარს იოლად მოუგებდა, ცხადი იყო. ბოლოს და ბოლოს, გიბრალტარის მოსახლეობაზე ორჯერ მეტი ტევადობის „დინამო არენაა“, ესეც არ იყოს, მათი საუკეთესო ფეხბურთელი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პოლიციელია და ფეხბურთი ისე, გასართობად აქვს. მოკლედ, გიბრალტართან 4:0 ისე მოვიგეთ, ბიჭებს ოფლი არ გამოსვლიათ და ცხადი იყო, მთელი ყურადღება ბულგარეთთან გასამართ შეხვედრაზე იყო გადატანილი. თანაც, ბულგარელებმა პირველ მატჩში შინ, მაკედონიას ვერ მოუგეს, რის გამოც ადგილობრივმა მედიამ მწვრთნელ-ფეხბურთელები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა და საქართველოსთან აუცილებლად მოგება მოსთხოვა. თანაც, 1995 წლის შემდეგ, ბულგარეთისთვის არასდროს მოგვიგია. ეგ კი არა და, ძირითადად, დიდი ანგარიშით ვაგებდით ხოლმე და ამიტომ, ბულგარელები დიდ გულზე დაგვხვდნენ.

ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთში იფრინა, გამოუვიდა ყველაფერი, რაც მოისურვა, ხუთი გოლი გაიტანა, პენალტი გააცუდა და საბოლოოდ, 5:2 მოიგო. ეს საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენები ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გახლდათ, სადაც ყველა ფეხბურთელმა იცოდა, კონკრეტულ მომენტში, რა და როგორ უნდა ეკეთებინა. სხვათა შორის, სანიოლმა ისიც თქვა, გუნდში მთავარი დისციპლინაა, რასაც აუცილებლად უმაღლეს დონეზე დავაყენებო და სავარაუდოდ, სასურველ შედეგს აღწევს კიდეც. ფრანგმა სპეციალისტმა კარიერის საუკეთესო წლები მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა და როგორც ჩანს, გერმანული დისციპლინა სისხლში აქვს გამჯდარი.

„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ბევრი ვეცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ყველაფერი ჩემი ბრალია და ამიტომ მივდივარ. მინდა, წარმატება ვუსურვო მას, ვინც ნაკრებს ჩაიბარებს“, - ეს განცხადება საქართველოსთან მატჩის შემდეგ, ბულგარეთის ნაკრების თავკაცმა, იასენ პეტროვმა გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 ივნისს, თბილისში, ბულგარელებს სხვა სპეციალისტი ჩამოუძღვება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე