მამარდაშვილზე „ნადირობის სეზონი“ გაიხსნა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

ახლახან დასრულებული სეზონის სტარტზე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სეზონის ბოლოს, მეკარეებს შორის მთავარი სამიზნე ტოპ-კლუბებისთვის გიორგი მამარდაშვილი იქნებოდა. „ვალენსიამ“ ქართველი კიპერი მეოთხე მეკარედ სულ რაღაც მილიონ ევროდ დაიმატა და ყოველი შემთხვევისთვის, კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევრო ჩაუწერა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ უკვე სეზონის ბოლოს, ამ ციფრის გადაკეთება გახდებოდა საჭირო.

გარემოებათა გამო („ვალენსიას“ ძირითადი კიპერების ტრავმები და კორონავირუსი), კარში ჩადგომა სწორედ მამარდაშვილს მოუხდა და მანაც ბოძებული შანსი გამოიყენა. პრინციპში, ამას გამოყენებაც არ ჰქვია, გიორგიმ ძირითადი შემადგენლობიდან ჰოლანდიის ნაკრების კარის დარაჯი, იასპერ სილესენი ამოაგდო და გუნდის მთავარი ვარსკვლავიც გახდა. ჰოდა, სეზონის დასრულებისთანავე, „ვალენსიასთვის“ 20 მილიონის გადახდის მსურველი რამდენიმე კლუბი გამოჩნდა და მათ შორის გამორჩეული „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მიუნხენის „ბაიერნია“. ორივე გრანდი მზად არის, მამარდაშვილის სანაცვლოდ, 20 მილიონი გადაიხადოს. პერსპექტიული მეკარე ორივეს სურს, რადგან გერმანული კლუბის კარის დარაჯი, მანუელ ნოიერი 36 წლისაა, ხოლო „მანჩესტერის“ ესპანელი კიპერი, დევიდ დე ხეა - 32-ის, თუმცა ბოლო დროს დამაჯერებლად ვერ ასპარეზობს. რაღა თქმა უნდა, გიორგისთვის ორივე ძალიან კარი ვარიანტია, მაგრამ...

„ვალენსიამ“ ქართველ კიპერს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებას 2027 წლამდე უხანგრძლივებს და პარალელურად, ხელფასსაც უზრდის, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ახალ კონტრაქტში, გამოსასყიდ თანხად, 20 მილიონის ნაცვლად, 100 მილიონი ჩაიწერება. იმის მიუხედავად, რომ „მანჩესტერი“ და „ბაიერნი“ ძალიან მსუყედ და მაცდურად ჟღერს, სავარაუდოდ, უმჯობესი იქნება, თუ მამარდაშვილი სწორედ „ვალენსიაში“ დარჩება, რადგან გრანდებში ძირითადში მოხვედრის შესაძლებლობა თავიდან პრაქტიკულად არ მიეცემა, მერე კი... მერე არავინ იცის, რა იქნება, „ვალენსიაში“ კი, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული ადგილის დაკარგვა, ალბათ, არამართებული იქნება.