ახალი გადანაწილება მედიაბაზარზე - რა მიზნით გაერთიანდნენ „რუსთავი 2“ და „პრაიმტაიმი“

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არის და რას წარმოადგენს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე „რიჟა“

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და „პრაიმტაიმი“ ერთიანდება. სააქციო საზოგადოება „მედია ჰოლდინგის“ მიზანი სატელევიზიო ბაზრის ლიდერობაა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება წილები ახალ სააქციო საზოგადოებაში, თუმცა როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ „ვერსიასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ამ ეტაპზე ეს არცთუ მნიშვნელოვანი საკითხია. გარდა ამისა, „რუსთავი 2“-ში უკვე დაბრუნდნენ მეგა-შოუების პროდიუსერები - დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურძანია.

გაერთიანების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ვინაიდან არც ის ვიცით, როგორ გადანაწილდება წილები ორ სუბიექტს შორის, საჯარო რეესტრის ჩანაწერებშიც არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, „რუსთავი 2“-ის მფლობელი ისევ ქიბარ ხალვაშია, უფრო ზუსტად, ბიზნესმენი 60%-ს, მის საკუთრებაში არსებული შპს „პანორამა“ კი 40%-ს ფლობს, გენერალური დირექტორი პაატა სალიაა. რაც შეეხება „პრაიმტაიმს“, აქ 50%-ს თაკო ფხაკაძე, მეორე 50%-ს კი მისი მეუღლე - გიორგი ქუთათელაძე ფლობენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, მეტსახელად, „რიჟა“, „პრაიმტაიმის“ დამფუძნებლის, თაკო ფხაკაძის ახლო ნათესავია. ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-ს, „პრაიმტაიმის“ სახელით, სწორედ „რიჟა“ აფინანსებს.

 

ვინ არის „რიჟა“

ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის შესახებ საზოგადოებამ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ შეიტყო. „რიჟა“ პროკურატურის „ოქროს მოწმე“ გახლდათ - 2014 წლის ივლისში, უგულავა და მისი ქვისლი, გიორგი ღონიანიძე სწორედ კაპანაძის ჩვენებებისა და მისი დახმარებით მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების შედეგად დააპატიმრეს.

წლების მანძილზე, გიორგი კაპანაძის სახელი უკავშირდებოდა საქართველოს უმსხვილეს საწარმოს, ზესტაფონის „ფეროს“, სილიკომანგანუმის წარმოებასა და რეალიზაციას. ამ ბიზნესს, „რიჟა“ თავის მრავალწლიან ბიზნესპარტნიორ ილია კოკაიასთან ერთად უძღვებოდა.

 

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, წლების წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2015-2019 წლებში, „რუსთავი 2“-ისა და ხელისუფლების დაპირისპირების პროცესში, სწორედ „რიჟას“ სახელი გამოიკვეთა. კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის - ნინო ნიჟარაძის უკან, სინამდვილეში, „რიჟა“ იდგა. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საჩივრით, სასამართლოსა და პროკურატურას ნინო ნიჟარაძემ მიმართა. ამ დავაში ნიჟარაძის ინტერესებს ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი იცავდა  რომელიც წლების მანძილზე გიორგი კაპანაძისა და ილია კოკაიას ადვოკატი გახლდათ.2015-2019

წლებში, „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მართვაში მონაწილე კომპანიის მფლობელი „რიჟას“ ბიზნესპარტნიორი, ნიკოლოზ ჩიქოვანი იყო. რადიო „თვაისუფლების“ ინფორმაციით, ჩიქოვანი ახლა, „ჯორჯიან მანგანეზში“, სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველია. თავის მხრივ, „ჯორჯიან მანგანეზი“ ფლობს ზესტაფონის „ფეროსა“ და ჭაითურის სამთოგამამდიდრებელ კომბინატს. ამ კომპანიაში კი „რიჟას“ ბიზნესინტერესები იკვეთება.

 

***

რა მიზნით გაერთიანდნენ „რუსთავი 2“ და „პრაიმტაიმი“? - ცვლილებების დეტალებზე, „ვერსია“ პაატა სალია ესაუბრა.

 

- ბატონო პაატა, რა მიზნით გაერთიანდნენ „რუსთავი 2“ და „პრაიმტაიმი“?

- „პრაიმტაიმმა“ და „რუსთავი 2“-მა ერთობლივად შევქმენით სააქციო საზოგადოება, მარტივი სახელწოდებით - „მედია ჰოლდინგი“. ჩვენი ამოცანაა, ძალისხმევის გაერთიანება, რათა „რუსთავი 2“ და „პრაიმტაიმი“ უფრო ეფექტურები, აქტიურები და წარმატებულები გახდნენ. გვინდა, რომ ერთობლივი საქმიანობით უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სინერგია ორივე კომპანიას გაცილებით მეტ შედეგს მოუტანს, ვიდრე ცალ-ცალკე შეგვეძლო.

დღეს, „რუსთავი 2“-ს მეტი დახმარება სჭირდება, როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ გარკვეული მოქმედებები მას შემდეგ, რაც ეს სააქციო საზოგადოება შეიქმნა. „რუსთავი 2“ და „პრაიმტაიმი“ ახალ სააქციო საზოგადოებაში გარკვეული შენატანებით შედიან - ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, განახორციელოს, როგორც მატერიალური, ასევე, ფინანსური უზრუნველყოფა. ეს არის ფორმა, რაც მოვიფიქრეთ იმისთვის, რომ „რუსთავი 2“-მა შეუფერხებლად შეძლოს მაუწყებლობა იმ რთულ ვითარებაში, რაც წინა მენეჯმენტისგან დაგვხვდა. ფაქტობრივად, არხი დასანგრევად იყო განწირული, უკვე 18 თვე გავიდა და შევძელით, შეგვენარჩუნებინა არხი.

მეტიც, დღეს გარკვეული რეპუტაცია აქვს „რუსთავი 2“-ს და შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არხიდან წავიდა, დაბრუნებას გეგმავს. 2019 წლის აგვისტოში რთული იყო ადამიანების მოზიდვა „რუსთავი 2“-ში, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენი მენეჯმენტის ქვეშ განვლილმა პერიოდმა განაპირობა. ვთვლით, რომ ეს ჩვენი მიღწევაა, თუმცა დღის წესრიგში ახალი გამოწვევებია და ვფიქრობთ, უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი. ვერ დავკმაყოფილდებით იმ პოზიციით, რაც ახლა გვაქვს, მეტიც, ნამდვილად გვინდა, რომ სატელევიზიო ბაზარზე პირველობა დავიბრუნოთ. ამისთვის კი აუცილებელია ის ცვლილებები, რაც ამ შედეგის დადგომაში დაგვეხმარება. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და გარკვეული გეგმაც გვაქვს - ახალი ჰოლდინგის ამოცანა და მიზანია, „რუსთავი 2“-მა შეძლოს არსებულ ფინანსურ სირთულეებთან გამკლავება და უახლოეს მომავალში, სატელევიზიო ბაზარზე პირველობის დაბრუნება.

- როგორ გადანაწილდება წილები „რუსთავი 2“-სა და „პრაიმტაიმს“ შორის ახალ სააქციო საზოგადოებაში?

- ჯერჯერობით ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. მაღალი კვალიფიკაციის მქონე, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ შეფასდება ჩვენი პოტენციალი და ის შენატანები, რის განხორციელებასაც ვაპირებთ კომპანიები ამ სააქციო საზოგადოებაში. ამის მიხედვით დადგინდება საბოლოოდ, მხარეთა წილობრივი მონაწილეობაც. ამაზე შეთანხმება არსებობს და მუშაობა გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, რომ მის გარეშე ის მოქმედებები არ განვახორციელოთ, რასაც ახლა ვაკეთებთ.

- ცვლილებების კვალდაკვალ, გაზეთ „პრაიმტაიმის“ აღდგენასაც ხომ არ გეგმავთ?

- ჩვენ დავაანონსეთ, რომ ვგეგმავთ, უფრო გავამრავალფეროვნოთ ის პლატფორმები, რომელთა საშუალებითაც გვექნება ურთიერთობა ჩვენს მაყურებლებთან თუ მკითხველებთან. შესაბამისად, უფრო მეტ დეტალს ცოტა მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას. ამ ეტაპზე მხოლოდ იმით შემოვიფარგლოთ, რომ ჩვენი ამოცანაა, გავამრავალფეროვნოთ ის მედიასაშუალებები, რომლებითაც ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს ერთგულ მაყურებლებსა და მკითხველებს.

პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, „რუსთავი 2“-ის საეთერო ბადეში მრავალფეროვანი გადაცემები გვქონდეს, როგორც გასართობი, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის. ვფიქრობთ, ძალიან მალე, სრული დატვირთვით ამუშავდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. რა თქმა უნდა, ბევრი გადაცემა ერთდროულად ვერ დაემატება, თუმცა ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, ტელევიზია სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, ყველა ის პროდუქტი გვექნება, რაც სატელევიზიო ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს - დაწყებული სერიალებიდან, დასრულებული - მეგა-შოუებით.

- ბატონო პაატა, „პრაიმტაიმიდან“ თქვენი პარტნიორები თაკო ფხაკაძე და გიორგი ქუთათელაძე არიან?

- დიახ.

- საუბრობენ, რომ „რუსთავი 2“-ს ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე („რიჟა“) დააფინანსებს...

- გიორგი კაპანაძესთან ურთიერთობა არ გვაქვს, „რუსთავი 2“-ს ურთიერთობა აქვს მხოლოდ „პრაიმტაიმთან“. ალბათ, საიდუმლო არ არის, რომ მასთან ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს თაკო ფხაკაძეს, თუმცა გადაწყვეტილებებსა და მოლაპარაკებებში გიორგი კაპანაძე არ მონაწილებს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ჰოლდინგში რაიმე სხვა ფორმით მის მონაწილეობაზე საუბარი არ არის.  

მაია მიშელაძე