დაიწყო მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2023"

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის თავდაცვის ძალების ვიზუალური ინფორმაციის დისტრიბუციის სამსახურის (The Defense Visual Information Distribution Service) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში, კრწანისის ბაზაზე, 21 აგვისტოს დაიწყო ნატოსა და პარტნიორების სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2023 ("მტკიცე სული 2023"). სამხედრო სწავლება 1 სექტემბრამდე გასტანს და საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდება.

სწავლებაში, რომლის მიზანი ნატოს წევრ და არაწევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ოპერაციების დახვეწაა, 3600-მდე სამხედრო მონაწილეობს. სამხედროები სხვადასხვა სახის დავალებებს შეასრულებენ და სიმულაციურ საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ბრიგადის დონის სწავლების ფარგლებში ჩატარდება საველე წვრთნა და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრაციები, ასევე - რეაგირების სხვადასხვა სცენარები რეალისტური საბრძოლო მომზადების გარემოს სიმულაციისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის ძალების ვიზუალური ინფორმაციის დისტრიბუციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს.

Agile Spirit 2023-ის საწვრთნელი არეალი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. წელს მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 22 ქვეყანა და 3 ორგანიზაციაა ჩართული. მათ შორის სწავლებაში პირველად მონაწილეობს იორდანია. სწავლებაში მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, აშშ, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და იაპონია. მონაწილე ორგანიზაციები არიან მრავალეროვნული დივიზია - სამხრეთ-აღმოსავლეთი (MND-SE), ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის ბრიგადა (LITPOLUKR Brigade) და ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნული ბატალიონი (MNMPBAT NATO).

„წელს Agile Spirit 2023 უწყებათშორისი სწავლების სტატუსიც შეიძინა, რადგან სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონი - დასავლეთი ნატოს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად კომბინირებულ სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებთან ერთად ფოთში, კოლხეთის ეროვნულ ნაკრძალში ჩაატარებს. გარდა ამისა, Agile Spirit 2023-ის ფარგლებში პირველად მოხდება მრავალეროვნული სპეციალური ოპერაციების სახმელეთო დავალებათა ჯგუფის (GEO-POL MNSOLTG) შეფასება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ნატოს რეაგირების ძალების (NRF) 2024 წლის როტაციაში“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების თანახმად, საერთაშორისო წვრთნის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ირაკლი ჭიჭინაძემაც.

Agile Spirit 2023 საქართველოს თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას, „მტკიცე სული 2023“, (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს.