შესაძლო თაღლითობის საქმე ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე - კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის შედეგები და პროგნოზები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კინოთეატრების ბილეთების შეძენა ჯერ ისევ მხოლოდ ამ tkt.ge-ზეა შესაძლებელი, თუმცა გაყიდვა მალე biletebi.ge-ზეც დაიწყება. კომპანიას, რომელსაც ელექტრონული ბილეთების რეალიზაციის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბილეთების გაყიდვის უფლება წლის დასაწყისში შეუჩერდა. მაშინ ეს შესაძლებლობა თიბისი ბანკმა ექსკლუზიურად მოიპოვა და საკუთარ პარტნიორს, tkt.ge--ს გადასცა. ხელშეკრულების პირობის მიხედვით, "სადისტრიბუციო კომპანია" მათ 2 წლის ვადით გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს, იმავდროულად ავალდებულებდა, ბილეთები არ გადაეცათ სხვა კომპანიებისთვის. რატომ აიღო "თიბისი გრუპმა" რეალიზაციაზე მონოპოლია - tkt.ge განმარტებისგან თავს იკავებს. მედიასთან კომენტარს არ აკეთებს არც biletebi.ge, რომელმაც ამ საკითხის გასარკვევად კონკურენციის სააგენტოს მიმართა. მოკვლევა რამდენიმე თვეა გრძელდება და კონკრეტული შედეგი უკვე აქვს.

სააგენტოს შუამდგომლობა, რომ tkt.ge-ს ექსკლუზიური რეალიზაციის უფლება შეუჩერდეს, სასამართლომ დააკმაყოფილა - მოკვლევის დასრულებამდე. შედეგად, ბილეთების გაყიდვა ახლა სხვა სუბიექტებსაც შეუძლიათ. "თიბისი გრუპის" და მისი პარტნიორი კომპანიების მიმართ მოკვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობს - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების შესაძლო ფაქტებზე.

კიდევ ერთი საქმე, რომლითაც სააგენტო კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევას სწავლობს, ფარმაცევტულ ბაზარს ეხება. 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევა მედიკამენტების ფასების მკვეთრ ზრდასა და სავარაუდო იდენტურ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებითაა დაწყებული. კონკურენციის მიმართულებით შეთანხმებულ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე სააგენტოში ჯერ მტკიცებით ფორმაში არ საუბრობენ.

ფარმაციის სექტორში მოკვლევისთვის კონკურენციის სააგენტოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა. ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანიებში მონიტორინგის შედეგად რამდენიმე დარღვევა დაადგინა - დეფიციტის შექმნა, ფასების ხელოვნურად გაზრდა და იდენტური ფასწარმოქმნა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა ეს შემთხვევა კრიტიკული საჭიროების მედიკამენტებს უკავშირდებოდა.

ფარმაცევტული კომპანიები მედიასთან განმარტებებს არ აკეთებენ. ფარმაციისა და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის გარდა, კონკურენციის სააგენტო მოკვლევას ატარებს საწვავის, თამბაქოს, სწრაფი კვების და საზღვაო ტრანსპორტის სექტორებშიც.