რატომ დუმს განათლების სამინისტრო ოლიმპიადების თაღლითურ სქემაზე

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თაღლითური სქემების მსხვერპლი, ალბათ, ბევრი ადამიანი გამხდარა. ერთ-ერთი ასეთი „აფიორა“ ფასიანი სასკოლო ოლიმპიადა გახდა. პანდემიის დაწყების შემდეგ მსგავსმა ოლიმპიადებმა და სქემებმა ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი,რომელშიც მშობლებმა ბავშვები დაარეგისტრირეს, თანხა გადაიხადეს და შემდეგ მალევე გაიგეს,რომ ამ კონკურსის ერთადერთი „გამარჯვებული“ მისი ორგანიზატორია, რომელმაც ყველა მოატყუა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც აღარც დაზარალებულის თანხებს აბრუნებს და უბრალოდ, გაქრა.

საინტერესოა, აკონტროლებს თუ არა ასეთ ორგანიზაციებს განათლების სამინისტრო; რა ზომებს იღებენ და რატომ არ მიეწოდება მოსახლეობას მსგავსი სქემების შესახებ ინფორმაცია.? „ვერსია“ ამ კითხვებით განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელს დაუკავშირდა. თავდაპირველად, გვითხრეს რომ ამ თემაზე სამინისტროდან გაგვესაუბრებოდა კომპეტენტური პირი, თუმცა, მოგვიანებით განგვიცხადეს, რომ ამ თემაზე სტატია მათ გარეშე მოგვემზადებინა და კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რის შემდეგაც, განათლების ექსპერტს, დავით ფერაძეს დავუკავშირდით.

 _ოფიციალური სასკოლო ოლიმპიადა არის მხოლოდ ერთი, რომელსაც ატარებს „გამოცდების ეროვნული ცენტრი“ და ის არის უფასო.  ჯერ კიდევ დიმიტრი შაშკინის დროს გამოცემული დირექციიდან გამომდინარე, უნიბართვოდ სკოლის ჭიშკარს ვერ შეაღებთ და თუ შეხვალთ, სკოლის დირექტორმა უნდა დაგრთოთ ნება, ის კი სამინისტროსგან იღებს თანხმობას. აქედან გამომდინარე, ეს ე.წ ორგანიზაციები არიან სამინისტროს მფარველობის ქვეშ. სწორედ ამიტომ, ვერ გაგცათ განათლების სამინისტრომ შესაბამისი პასუხი. ეს არის ერთ-ერთი კორუფციული სქემა და უკვე წლებია, ვერ დასრულდა განათლების სამინისტროში კორუფცია. ისინი პირდაპირი მნშვნელობით, რომც არ მფარველობდნენ ამ ორგანიზაციებს, მაინც მფარველობაში ეთვლებათ, რადგან მათი მხირდან არანაირი რეაქცია არ მოდის.

_ბატონო დავით, რამდენად მარტივია მსგავსი, თუნდაც, თაღლითური ორგანიზაციის ჩამოყალიბება რიგითი პირებისთვის?

_ჩვენ რომ მოვინდომოთ მსგავსი ორგანიზაციის შექმნა და ოლიმპიადის გამართვა, თუ ეს ოლიმპიადა იქნება ფასიანი, აუცილებლად დაგვჭირდება სამინისტროსგან მხარდაჭერა. უფასოს ჩატარებისას შეიძლება, არაფერი მოგვთხოვონ. ამ ყველაფერს უნდა აკონტორლებდეს განათლების სამინისტრო. ფასიან ოლიმპიადებში ძირითადად ადამიანებს იტყუებენ ისე, რომ პირველ ტურს ატარებენ უფასოდ და შემდეგ მომდევნო ეტაპს ხდიან ფასიანს. გასაგებია, მშობელი უნდა მიხვდეს, რომ ამ ფასიან ოლიმპიადებში ფულის გადაყრა სისულელეა, თუმცა, ზოგს მაინც სურს მონაწილეობა. ამ დროს მნიშვნელოვანია, რას აკეთებს სკოლა და განათლების სამინისტრო, რათა ეს მშობლები არ გახდნენ ვინმეს მსხვერპლნი და იყვნენ ბოლომდე ინფორმირებულნი.

_თქვენი აზრით, ამ ყველაფერში განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობა რამდენად მნიშვნელოვანია?

_მსგავს თაღლითურ სქემებზე თვალის დახუჭვა ან უკონტროლობა მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ამ საკითხში თავად მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, რომ ამას მფარველობს მინისტრი ან რომელიმე პირი, მაგრამ ამ ყველაფერზე უშუალო პასუხისმგებლები ისინი არიან, რადგან მათ უწყებაში ხდება ეს ყველაფერი.

_ვინაიდან, სამინისტრო მშობლებს შესაბამის ინფორმაციას არ აწვდის, თქვენ რას ურჩევდით ამ ადამიანებს, როგორ დაიცვან თავი მსგავსი თაღლითური სქემებისგან?

_მშობლებს ვურჩევდი, ბავშვი ჩართონ მხოლოდ „ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში“.  როგორც კი მსგავს ოლიმპიადაზე თუ ნებისმიერ სხვა რამეზე რაც სკოლას და განათლების სისტემას უკავშირდება, ფულის გადახდის საკითხი წამოიჭრება, მაშინვე დდი ყურადღება უნდა გამოიჩნოს მშობელმა და ყველაფერი გაარკვიოს. არც ერთ ფასიან ოლიმპიადაში არ უნდა ჩაერთონ და თუ ვინმე დააძალებს, ამისთვის უნდა დარეკონ სამინისტროში, ან გაავრცელონ ინფორმაცია მედიაში. არც გრძელვადიანი და არც მოკლევადიანი პერსპექტივით, ფასიანი ოლიმპიადები ბავშვებს არაფერში სჭირდებათ, მათ შორის, არც თავის გამოსაჩენად. რაც შეეხება, „ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას“ ასე თუ ისე, მაინც ოფიციალურია და მოკლევადიანი პერსპექტივით ბავშვისთვის სტიმულის მისაცემად შეიძლება, ღირდეს მონაწილეობა.                                    

 ავტორი: ია გრიგალაშვილი