მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხთან დაკავშირებით

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დედამიწაზე მოსახლეობის ზრდის პარალელურად იზრდება ადამიანების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები. დღესდღეობით, მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა. შეგვიძლია გამოვყოთ ის ნაწილი, რომელიც ყველა ქვეყნისთვის საერთოა და ნაწილი, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ კონკრეტული რეგიონის თუ ტერიტორიისათვის.  ამ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად წამყვანი ქვეყნები მუდმივად ახალი ტექნოლოგიების შემოთავაზებას ცდილობენ. აღსანიშნავია 3R-ის ინიციატივა, რომელიც იაპონიაში ჯერ კიდევ ოფიციალურად 2005 წელს გავრცელდა. ტერმინი -3R შესაბამისი 3 ქმედების აბრივიატურაა, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში. ესენია: Reduce (შემცირება), Reuse (ხელახალი გამოყენება), Recycle (რეციკლირება ანუ გადამუშავება).  

საქართველო ორიენტირებულია ევროკავშირის საერთო ეკონომიკურ გარემოში ინტეგრაციაზე, რაც შეუძლებელია მისთვის ევროკავშირში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და შესაბამისი კონვენციების პრინციპების დაცვის გარეშე. ამიტომ აქტუალურია და დიდი პრობლემაა ნარჩენების მართვის ისეთი ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული სისტემის შემუშავება, რომელიც დააკმაყოფილებს ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზნებს, მიმართული იქნება, როგორც ნარჩენების მართვის საკანონმდებლო, ნორმატიული ბაზის გაუმჯობესებაზე, ასევე შემდეგ პროცესებზე: ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსება,  სეპარირება, რეციკლირება, უტილიზაცია, ეკოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება, რისკების შეფასება და მართვა, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, ორგანიზაციების ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსის შემუშავებაზე. 
    ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით უმთავრესი პრობლემაა, მოსახლეობამ გაითავისოს, რომ საწყის ეტაპზევე დაასეპარიროს საყოფაცხოვრებო ნარჩენები და განათავსოს სწორ ადგილას. ევროკავშირში მიღებულია სპეციალური კანონი, რომელიც ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს დაახარისხონ კონკრეტული 7 სახის ნარჩენი და გააგზავნონ ისინი შესაბამის ადგილებში რეციკლირებისათვის. ეს მასალებია: ალუმინი, მუყაო, მინა, ქაღალდი, პლასტმასი, ფოლადი, ხის ნაკეთობა. თანამედროვე მიდგომამ მოიტანა კიდევ ერთი მეოთხე ეტაპი - შეცვლა (Replace), რომელიც გვთავაზობს შევცვალოთ პლასტმასის ბოთლი მინის ბოთლით, პოლიეთილენის პარკები ქაღალდით და სხვა.
  ეს ოთხივე ეტაპი მოითხოვს ადამიანების თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც ჩვენ შვილებს ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ.

პრობლემიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩამეტარებინა საქართველოს მოსახლეობაში გამოკითხვა (კვლევა)  ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
    პირველ რიგში გავესაუბრე იმ ადამიანებს, რომლებიც კომპეტენტურნი არიან და მუშაობენ ნარჩენების მართვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ ინტერვიუ ჩავწერე ქალაქ ბათუმის სანდასუფთავების ეკონომისტთან ბატონ გოჩა ვარშალომიძესთან და ქალაქ თბილისის „თბილსერვისის“ იურისტთან - დავით ჩანქსელიანთან.

    ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ეხებოდა არსებულ პრობლემას, მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.
    ამ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს:

  • ბაღებსა და სკოლებში გაკვეთილები;

    ბაღის ასაკიდან უნდა დავიწყოთ სწავლება ნარჩენების სეპარაციასთან დაკავშირებით. ამერიკაში, კალიფორნიაში საბავშვო ბაღების პროგრამაში ჩასმული აქვთ ნარჩენების სეპარირების სწავლება. იქ ბავშვებს აჭმევენ სპეციალური შეფუთვებით მუყაოსა და პლასტმასის კონტეინერებით. საჭმლის მიღების შემდეგ ბავშვები თავად ახარისხებენ ნარჩენებს.


    სკოლებში უნდა ჩატარდეს გაკვეთილები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.  ბავშვები სწავლობენ სამოქალაქო განათლებას, შესაძლოა ამ საგნის ერთი გაკვეთილი დაეთმოს ნარჩენების სეპარირებაზე ინფორმაციის მიღებას და სკოლებში მოეწყოს გარემოსდაცვითი  გასვლითი ღონისძიება.

  • სოციალური მედიის საშუალებით ნარჩენების მართვის სარგებლიანობაზე ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის;

    ერთ-ერთი გზა მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებით არის სტენდები. აუცილებელია ისინი დაიდგას ხალხმრავალ ადგილებში: უნივერსიტეტებთან, სკოლებთან, სავაჭრო ცენტრებთან, ტურისტულ ზონებთან, რათა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ნარჩენების სეპარირების მნიშვნელობა. ასევე საჭიროა სოციალური მედიის საშუალებით მუდმივად ინფორმაციის მიწოდება.

  • მოსახლეობის დაინტერესება ფინანსურად;

    ნარჩენების მართვის პროცესების მონიტორინგის საფუძველზე მიღებული მონაცემების მიხედვით მოსახლეობის მატერიალური დაინტერესება, კერძოდ, სეპარირებული ნარჩენების სანაცვლოდ დასუფთავების  მოსაკრებლის ტარიფის შემცირება.

  • „კარდაკარ“-ის პრინციპი;

    შვედეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის გამოცდილებით,  დასუფთავების კომპანიებმა, სამსახურებმა და მუნიციპალიტეტმა  მოახერხეს გადასვლა სეპარირებულ შეგროვებაზე „კარდაკარის“ პრინციპით. ოჯახებში მივიდნენ, ყველა კარზე დააკაკუნეს, მოსახლეობას დაურიგეს ბუკლეტები, სადაც აღწერილი იყო სეპარირებული ნაგვის ურნების მოხმარების წესები.  გარდამტეხი გზა აღმოჩნდა შვედეთისთვის „კარდაკარის“ პრინციპი.
   

               რაც შეეხება ონლაინ გამოკითხვის შედეგებს. წარმოგიდგენთ რესპონდენტების პასუხებს და მოსაზრებებს თუ რა ღონისძიებებით უნდა ამაღლდეს მოსახლეობაში ცნობადობა ნარჩენების მართვის კუთხით.

  • სასურველია ნაგვის გადამუშავება იქცეს ბიზნესად. კომპანიებმა მოსახლეობას შესთავაზონ თანხა სეპარირებული ნარჩენის სანაცვლოდ;
  • მნიშვნელოვანი ხერხია განცალკევებული ურნები (შუშა, პეტი, ქაღალდი) ინსტრუქციებით;
  • მოსახლეობის წახალისების მიზნით სამოტივაციო პროექტები;
  • მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება მედია საშუალებებით: სატელევიზიო რეკლამები, სხვადასხვა შოუებში ნარჩენების დახარისხებაზე პრეზენტაციები, რადიოთი მოსახლეობისთვის სხვა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სოციალურ გვერდებზე რეკლამები, საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება უბნებში, საჯარო ღონისძიებები მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, ახსნა თუ რატომ არის აუცილებელი ნარჩენების დახარისხება, რა დიდ ზიანს აყენებს ნარჩენები დედამიწას და მათი შემცირება რამდენად მნიშვნელოვანია. პოსტერების განთავსება ქუჩებში, სტატიები ჟურნალ-გაზეთებში დეტალური ინფორმაცია თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ნარჩენების მეორადმა გადამუშავებამ;
  • გადამუშავებული ნარჩენებისაგან დამზადებული პროდუქტების ჩვენება, სხვადასხვა უბნებში ნარჩენებისაგან დამზადებული საგნების კონკურსის მოწყობა;
  • ნარჩენების შეგროვება-დახარისხებასთან დაკავშირებული აქტივობები, რომლებშიც თავად მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას;

    ამრიგად, რესპონდენტების პასუხებიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ ის ღონისძიებები, რომელთა დახმარებითაც ავამაღლებთ ცნობადობას ნარჩენების მართვის პროცესთან დაკავშირებით.


    ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ბაღის ასაკიდან ბავშვების მიჩვევა, რომ დაახარისხონ ნარჩენი, საჭიროა წამახალისებელი აქტივობები, იმისათვის, რომ გავზარდოთ მოტივაცია. აუცილებელია უბნებში მეტი განცალკევებული ურნის განთავსება და სტენდები სადაც მითითებული იქნება ინსტრუქცია თუ რომელ ურნაში მოათავსონ კონკრეტული ნარჩენი.
      მნიშვნელოვანია, რომ ამ რთული პროცესის (ნარჩენების მართვა) წარმატებულ განხორციელებაში მაქსიმალურად იყოს ჩართული როგორც ქვეყნის მთავრობა ასევე მოსახლეობა. ჩამოთვლილი ყველა ღონისძიებებისა და აქტივობების გავლენით შევძლებთ გადავჭრათ თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემა - ნარჩენების მართვა და დროთა განმავლობაში მოსახლეობას ნარჩენების დახარისხება ჩვევად გადაექცევა.

 

თამარ ნინიძე, GAU- ს დოქტორანტი