„არ არსებობს განწირვა ბრძოლის პროცესში, რადგან ბრძოლა წყვეტს, ვინ იქნება გამარჯვებული...“- გენრი დოლიძე აბიტურიენტებისთვის მიწოდებული ესეს სათაურს აფასებს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ანი სარდლიშვილი

4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, აბიტურიენტებს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჰქონდათ. ქართული ენის გამოცდაზე დასაწერი ესე ამგვარი სათაურით მოვიდა - „აქვს თუ არა ბრძოლას აზრი, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული“, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ბევრმა მიიჩნია, რომ მოცემულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში აღნიშნული სათაურის მიწოდება აბიტურიენტებისთვის პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა: "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნულ დავალებაში მოცემული იყო ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები „ამაყი“, რომელიც ეხება თავისუფლებისათვის ბრძოლის თემას. ამ ტექსტს მოჰყვებოდა 10 კითხვა არჩევითი პასუხებით. ამის შემდეგ მოცემული იყო მითითება ტექსტის ანალიზისთვის, რასაც ასეთი შინაარსი ჰქონდა: აქვს თუ არა აზრი ბრძოლას, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული.
სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებისგან აღნიშნულ საკითხს მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და გავრცელდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
ვინაიდან, დღეს დაიწყო გამოცდები და რეგისტრირებულია 90 000-ზე მეტი გამოსაცდელი, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია საკითხის პოლიტიზება, რადგან მსგავსი ტიპის ინფორმაციებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს აპლიკანტებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცდილობენ გამოცდების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
თითოეული ჩვენგანის მიზანია მივცეთ აბიტურიენტებს ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთხოვთ ტესტის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოთ მისი შეფასებებისგან. მანამდე კი დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია გაეცნოს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებს." 
„ვერსია“ ამ საკითხზე პოეტ გენრი დოლიძეს ესაუბრა.

_ ბატონო გენრი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენაში მოვიდა თემა სათაურით „აქვს თუ არა ბრძოლას აზრი, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული“, როგორ ფიქრობთ, ამ სათაურში პოლიტიკური ქვეტექსტი იკვეთება?

_ მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ქვეტექსტი იკვეთება და თუ არ იკვითება ერთ-ერთი სიმბოლური დამთხვევა მაინცაა, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე წლებია, მოახდინა სრული უზურპაცია განათლების სისტემისა და ყველა რგოლს პოლიტიკური მდგენელი აქვს დაწესებული მმართველი გუნდის მიერ. დღეს სწორედ ერთ-ერთი კონტროლირებადი სფეროებია ხელისუფლების მიერ ხელოვნება და განათლება.

_როგორ ფიქრობთ, ეს არის ერთგვარი სოციალური კვლევა იმისა, თუ როგორი განწყობა აქვთ დღეს ახალგაზრდებს?

_ ეს არ არის ახალგაზრდების აზრის კვლევა, ეს არის ერთგვარი „მესიჯბოქსი“. პირიქით, მათ არავის აზრი არ აინტერესებთ, მათ უნდათ, რომ საკუთარი აზრი მოახვიონ ახალგაზრდებს. ეს კითხვა უკვე მოიცავს პასუხს, ეს სათაური თავისთავად გეუბნება, რომ დამარცხებისთვის ხარ განწირული. არ არსებობს განწირვა ბრძოლის პროცესში იმიტომ, რომ ბრძოლა თავად წყვეტს, ვინ იქნება გამარჯვებული და ვინ - დამარცხებული. შესაბამისად, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ბრძოლა იმიტომ ხდება, რომ რაღაც შეიცვალოს, თუკი გეუბნებიან, რომ დამარცხვებისთვის ხარ განწირული, ეს არის პარადოქსის ერთ-ერთი ფორმა ოქსიმორონი. ეს სათაური თვითონვე გვეუბნება ბრძოლის შედეგს, თვითონვე მიაწოდეს პასუხი, რომ სტუდენტებს ჩაუნერგონ ერთგვარი ნიჰილიზმი, დათრგუნონ მათი ის უნარი და მუხტი, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნაში სტუდენტების გამოღვიძებით იწყება ყველაზე დიდი სახელმწიფო ძვრები.

_ რამდენად დიდ შეცდომად მიგაჩნიათ დღევანდელი რეალობიდან ან ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდებს ამ ფორმულირებით შესთავაზო თავგანწირვაზე მსჯელობა?

_ ეს არის ერთ-ერთი შტრიხი დღევანდელი პოლიტიკისა. მთელი ეს რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდი, ომამდე პერიოდიც ჩვენ სულ ეს გვესმოდა, რომ არგაღიზიანების პოლიტიკა უნდა გავატაროთ, ბრძოლა არ შეიძლება... შესაბამისად, ბრძოლის უნარიანობასა და ჟინს უკლავენ ახალგაზრდებს, რათა მომავალშიც არასოდეს ამოვიღოთ ხმა და არ გვქონდეს ბრძოლის სურვილიც კი, არა თუ - პერსპექტივა და რეალური შანსი... ამიტომ ვფიქრობ, რომ რეალურად ერთგვარად ლუსტრაცია მოხდა ხელისუფლებისა, კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ ისინი ატარებენ რუსულ ნარატივს და მათი მესიჯბოქსის პაკეტის ნაწილი იყო ეს. იმ მესიჯბოქსისა, რომელიც გვესმის პარლამენტიდან, პრეზიდენტის ტრიბუნიდან და ამ შემთხვევაში უკვე საგამოცდო ფურცლებიდანაც.