„მხოლოდ ამისთვის ღირდა მონაწილეობა...“ - რა შეცვალა „მასტერშეფმა“ მარიკა კოპალიანის ცხოვრებაში

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

კულინარიული შოუები საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ცნობილია, ამგვარი შოუები ძირითადად რეიტინგზეა ორიენტირებული, თუმცა, მათი სარგებელი მონაწილეეებისთვის მომავალში კარიერული განვითარება და დასაქმების ხელშეწყობაცაა. მაგალითად,მასტერშეფისრამდენიმე მონაწილემ ამ სფეროში თავი უკვე დაიმკვიდრა და დღეს საკმაოდ ცნობილი კულინარიული ბლოგერები ან შეფ-მზარეულები არიან. თუმცა, ბევრი მათგანის ცხოვრების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ. გამომდინარე იქიდა, რომ კარგ მზარეულებზე საქართველოში მოთხვნა დიდი, საინტერესოა, როგორ აგრძელებენ ცხოვრებას, იღებენ თუ არა მსგავსი გადაცემების მონაწილეები შემოთავაზებებს რესტორნებიდან და რაში ეხმარებათ მათ შოუში მიღებული გამოცდილება. სწორედ ამის გასარკვევად ვერსია“ "მასტერშეფის" ერთ-ერთ ფინალისტს, მარიკა კოპალიანს ესაუბრა.

_მარიკა, ამჟამად რას საქმიანობთ, კულინარიის სფეროში ხართ დასაქმებული?

_კულინარიის სფეროში ირიბად ვარ. ახლა ვმუშაობ ძალიან კარგ პროექტზე, რომელსაც ჰქვია „მოედანი“. პიაცას ტიპის სივრცე იხსნება ავლაბარში, სხვადასხვა კონცეფციის 20-მდე რესტორნით. გვინდა, რომ მხოლოდ ტურისტებზე არ იყოს გათვლილი და ძირითადად თბილისელები იყვნენ ჩვენი სტუმრები. პირველ დეკემბერს გაიხსნება. იდეის ავტორები ქართველი ინვესტორები არიან, მე განხორციელებაში ვარ ჩართული.

_„მასტერშეფში“ მონაწილეობის შემდეგ შემოთავაზებებს თუ იღებდით რესტორნებიდან?

_სამზარეულოში არასდროს მიმუშავია, მაქვს ტურისტული სააგენტო. თუმცა, „მასტერშეფის“ დასრულებამდე და შემდეგაც ხშირად ვიღებ შემოთავაზებებს. ამ სფეროთი იმიტომ დავინტერესდი, რომ ძალიან მინდა ჩემი რესტორანი გავხსნა. სწორედ ამ სურვილის განხორიცილებისკენ  მიდის ჩემი გეგმებიც.

_რა გამოცდილება, შთაბეჭდილებები და ემოციები დაგიტოვათ  შოუმ?

-მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ვიყავი, დრო ისე სწრაფად გავიდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი.   ამას  მხოლოდ შოუს დასრულების შემდეგ მივხვდი.   „მასტერშეფამდე“ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სხვის აზრს, ყველაფერი გულთან მიმქონდა და განვიცდიდი, შემდეგ კი ყველაფერი გადავაფასე, რამაც უფრო გამაძლიერა. შეიძლება ცხოვრებაში ვერსად მიიღოთ ის გამცდილება და ემოცია, რაც „მასტერშეფშია“. ფინალის ემოცია არასდორს დამავიწყდება,  რუსოს გამარჯვებამ ისე გამახარა, მხოლოდ ამისთვის ღირდა მონაწილეობა, სხვა ადამიანის წარმატებას რომ იზიარებ და გაბედნიერებს. ასეთი შოუ საქართველოში მეორე არ გვაქვს. დღეს რომ ვმონაწილეობდე, ბევრად უფრო გავიაზრებდი ყველაფერს და შევირგებდი. ნამდვილად აღარ ვინერვიულებდი, რომ მცოდნოდა, ბოლოს ასეთი შთაბეჭდილებები და  მარტო დადებითი ემოციები დამრჩებოდა.

_რას ურჩევდით მათ, ვისაც სურს მონაწილეობის მიღება მსგავს კულინარიულ შოუში?

_როგორც წესი, ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ არ ვაფასებთ. ამიტომ გაბედეთ, გადადგით ეს ნაბიჯი და მიიღეთ მონაწილეობა. არავინ იცის, ვინ რას გააკეთებს, ვინ როგორ განვითარდება.  „მასტერშეფის“ უმაგრესი გუნდი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან, თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას მუდმივად გაგიზიარებენ.

კარგი საქმის კეთებასთან ერთად, კარგი დროსტარებაც გელოდებათ.

 მიუხედავად იმისა, რომ ცოტა „ცუდი“ პერსონაჟი ვიყავი, ახლა რომ ვიღებდე მონაწილებას, ისევ იქ ვიქნებოდი.  ზღვა ემოციები და გამოცდილება მივიღე ამ სამი თვის განმავლობაში, სრულიად სხვა პიროვნება ჩამოვყალიბდი. ის, რომ ვიღაც „კარგი ტიპი“ ჩანს, ვიღაც ცუდი ან საყვარელი, ეს არის შოუს ნაწილი. იქ ცუდი ადამიანები არ არსებობენ და ამან არ შეგაშინოთ. პირველ რიგში, შეიძენთ 11 უმაგრეს ადამიანს მონაწილეების სახით, რომლებიც თქვენი უახლოესი მეგობრები გახდებიან.  შემდეგ არის მასტერშეფის გუნდი, შეფები, პროდიუსერები, ოპერატორები, ჟურნალისტები, დასუფთავების თანამშრომლები, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ყველა არის საოცარი, ძალიან კარგი ადამიანი. უპირატესობას არავის ანიჭებენ და ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობენ. ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.   

_ზოგს დიდი სურვილი აქვს ასეთ გადაცემებში მონაწილეობის მიღებისა, თუმცა ეშინიათ, რომ არ აქვთ გამოცდილება, არ ფლობენ კულინარიულ განათლებას და არ იცნობენ უცხოურ სამზარეულოს, ასეთ შემთხვევაში მაინც ღირს მონაწილეობა?

_შეიძლება არაფერი იცოდე კულინარიაში, მაგრამ გემოებს ისე სვამდე და ისეთი ხედვა გქონდეს, რომ ბევრ პროფესიონალს აჯობო. ხშირად შემდგარი მზარეულები ვერ გადადიან ტურიდან ტურში, როგორც დილეტანტები. განა იმიტომ, რომ დილეტანტებს ანიჭებენ უპირატესობას, უბრალოდ, როცა რაღაც არ იცი, სულ სხვანაირად აკეთებ და მეტს ბედავ, შესაბამისად, მეტად გიფასდება. რა თქმა უნდა,  არც მე ვიყავი პროფესიონალი. მასტერშეფის მიმდინარეობის მანძილზე  კულინარიაზე რამდენი წიგნი წავიკითხე  და რამდენ რამეს ვუყურე, ვერ გეტყვით.

"მასტერშეფი" მარტო კერძების სწორად მომზარება არაა, აქ ძალიან ბევრ რამეს სწავლობ  და დიდ  ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებ.