„ბებოს ტკბილი ლოცვაა აღდგომა და პასკის თავბრუდამხვევი სურნელი...“- სააღდგომო ბლოგი, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საღამოს რედაქციიდან სახლისკენ მივიჩქაროდი და ბებოს ხმა წამომეწია - „იყიდე, ბებო გენაცვალოს, აღდგომის მადლი შეგეწიოს!“- მივბრუნდი და ვხედავ - ქუჩის კუთხეში ზის შრომისგან ხელებდაკოჟრილი ბებო. სახეზე, თითქოს, ყველა განვლილი წელი ატყვია და თბილი მზერით მაკვირდება... დახლზე ენდრო უდევს, ალბათ, საკუთარი ხელით, ფერადი პატარა ნაჭრებით, შეუკონავს და გამვლელ-გამომვლელს ოდნავ ჩახლეჩილი, ტკბილი ხმით სთავაზობს.. რამდენიმე კონა გამოვართვი, დამდეგი აღდგომა მივულოცე და გზა გავაგრძელე...

 თვალწინ დამიდგა ბავშვობის წლები, როცა მე და ბაბუა ენდროს მოსატანად კლდის ძირში, ტყის პირას მივდიოდით... საგულდაგულოდ არჩეულ ენდროს ძირებს ბებო როდინში ხელდახელ ჩანაყავდა, არც ხახვის ფოჩები დაავიწყდებოდა... შუაცეცხლზე დასაკიდ თუჯის ქვაბში კვერცხებს ჩავაწყობდით და ცეცხლზე შემოვდგამდით... მახსოვს, როგორ მიჭირდა ლოდინი, დრო და დრო ქვაბს მივეპარებოდი, თავსახურს ავხდიდი და ვხედავდი, როგორ წითლდებოდა ნელ-ნელა კვერცხები, რომლის საბუდარიდან გამოტანის სრული პასუხისმგებლობა ბებიამ და ბაბუამ მე დამაკისრეს... დიახ, აღდგომისთვის კვერცხის შეგროვება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხიმგებლო საქმე იყო და ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეამაყებოდა, როცა წითელ პარასკევს გამოვაცხადებდი, უკვე საკმარისი რაოდენობა შევაგროვე-მეთქი!..

 ქვაბიდან კვერცხებს მე და ბებია ფრთხილად ამოვაწყობდით, წინასწარ გამზადებულ ჯეჯილზე აქა-იქ მიმოვფანტავდით და დროებით განჯინაში შევინახავდით. ვიცოდი, რომ აღდგომამდე წითელი კვერცხი არ უნდა გამეტეხა და ამ წესს მკაცრად ვიცავდი...  ახლაც ჩამესმის, როგორ ბუტბუტებდა ბებია კვერცხის შეღებვის დროს რაღაც ლოცვას, თან პირჯვარს გადაიწერდა და ზეცაში აიხედავდა... ჰოდა, დღეს რომ მკითხოთ, რას ნიშნავს ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის, ეს უდიდესი დღესასწაული, ეს სცენა გამახსენდება და გიპასუხებთ, რომ კვერცხის ღებვის დროს ბებოს ტკბილი ლოცვაა აღდგომა... პასკის თავბრუდამხვევი სურნელი და მეზობლების გადაძახილი - „ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“...

კვერცხის შეღებვის შემდეგ მეორე ბებოსთან გადავდიოდი, ტრადიციულად, ნიგვზიან ღვეზელს აცხობდა და გეფიცებით, ახლაც მახსოვს ის გემო და სურნელი. ამდენი წელია, ამ გემოს დავეძებ, მაგრამ უშედეგოდ... მახსოვს, ცხობის დროს ბებოს გარშემო დავწრიალებდი, დრო და დრო მაგიდიდან ქიშმიშს და ნიგოზს ავცანცლავდი და გავუჩინარდებოდი... ბებოც, ვითომ, ვერ ხედავდა ჩემს ქურდბაცაცობას, არ დამტუქსავდა, ჩუმად ჩაიღიმებდა და ცხობის ფაციფუცს გააგრძელებდა...

აღდგომა რომ დადგებოდა, განჯინიდან წითელ კვერცხებს გამოვაბრძანებდი, ჯიბეებს გავივსებდი და ქუჩაში გავრბოდი, კვერცხის გატეხვის შეჯიბრში რომ მიმეღო მონაწილეობა... გამარჯვებული ის იყო, ვისი კვერცხიც ყველაზე გამძლე გამოდგებოდა და არ გატყდებოდა...

 ისევე, როგორც მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, ჩვენთანაც სააღდგომო რიტუალის მნიშვნელოვანი ნაწილი წინაპრების საფლავთან მისვლაა და ბავშვობიდან ამ ტრადიციას საგულდაგულოდ ვასრულებ... ახლაც თვალნათლივ მახსოვს, სასაფლაოსთვის ბებო ხელით მოწნულ ჩალის კალათში თეთრ, ჯვრებით მოქარგულ, ტილოს რომ ჩააფენდა და კვერცხს, პასკას და ღვინოს ფრთხილად ჩააწყობდა, არც სანთელი დაავიწყდებოდა... სააღდგომოდ ამ რიტუალს ყველა წესის დაცვით სათუთად იცავდა...

... ქუჩაში მუხუცი ბებოსგან ნაყიდი ენდრო როდინში საგულდაგულოდ ჩავნაყე და ქვაბით კვერცხები ცეცხლზე შემოვდგი... ტრადიციას, შეძლებისდაგვარად, ვაგრძელებ, არც ნიგვზიანი ხვეულას გაკეთება მავიწყდება და ჩემი ფანჯრის რაფაზე, პატარა ხის დაფაზე, ჯეჯილიც კარგა ხანია, მწვანედ ხასხასებს... მართალია, პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წინაპრებისა და საყვარელი ადამიანების საფლავებზე დროებით ვერ გავდივდართ, მაგრამ ყველაფერი ჩაივლის და პასკითა და წითელი კვერცხებით ჩემი ბებო-ბაბუების საფლავებს აუცილებლად მოვინახულებ... ჭიქა ღვინოს წავუქცევ და ჩავჩურჩულებ, რომ ყველა წამი მახსოვს და მიყვარს მათთან გატარებული... ასეა, ცხოვრება გრძელდება, ტრადიციები კი ტრადიციებად რჩება და თითოეულ ჩვენგანში ცოცხლობს და საზრდოობს...

ასეთი იყო აღდგომა ჩემს ბავშვობაში... დღეს კი ვიცი, რომ ყოველ წელს ქრისტეს აღდგომა ჩემთვის იმ სასწაულის გათავისებაა, რაც სწორად ცხოვრებას, მიტევებასა და სიყვარულისკენ მიბიძგებს. ამ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენო, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა, რათა ჩვენთვის ცოდვები შეემსუბუქებინა... ქრისტე აღდგა, რათა ჩვენთვის ამ სასაწულით დაენახვებინა, რომ ბოროტებაზე სიკეთე უცილობლად იმარჯვებს... სიმართლე სიცრუეს ამარცხებს და ნათელი ბნელს სჭარბობს... ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!