სამგორის რაიონის გამგეობამ, მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის მიხედვით, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგეობამ, თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის მიხედვით, ვარკეთილის მესამე მასივში, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ სკვერის მაკეტი მოზარდებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის საგანში კომპლექსური დავალების შედეგად გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები.
სკვერი 3 500 კვ.მ-ზე, მესამე მასივი, მეათე კვარტალი, კორპუსი N23-ის მიმდებარედ არის განთავსებული და აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყო.
პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო დასასვენებელი და საბავშვო სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო ბეტონის საფეხმავლო ბილიკები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა და მოეწყო ახალი საპარკინგე სივრცე.
აღნიშნული სკვერი თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ დაათვალიერა და 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს სამადლობელი სიგელები გადასცეს.