დღიურში დამალული ბავშვობის სიყვარულის საიდუმლო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახლა თითქოს ყველაფერი მარტივია - ვიღაც საცხოვრებლად სხვაგან გადადის, ჩაიწერ მის მობილურს და მერე ადვილად პოულობ, ვიდეო-ზარით უკავშირდები, შეტყობინებას წერ... ჰო, გამარტივდა ურთიერთობა და რამდენად კარგია ეს გამარტივება, ცალკე საკითხია, რადგან ერთია ვიდეო-ზარი და მეორე, როცა ადამიანს პირადად ნახულობ, ეხები, ეფერები, გიხარია...

პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა კაცი მივიდა და სამართალდამცავებს უცნაური რამ სთხოვა ის მზად იყო, დიდი თანხა გადაეხადა მისთვის, ვინც ბავშვობის სიყვარულს აპოვნინებდა.

„12 წლამდე, დასავლეთ საქართველოში ვიზრდებოდი. მშობლები ადრე გარდამეცვალნენ, დედა მშობიარობას გადაყვა, მამა სამუშაოზე ამწედან გადმოვარდა და ბებია მზრდიდა. მერე ბებიაც დაიღუპა და დედაქალაქში დეიდამ წამომიყვანა, რომელსაც თავადაც 4 შვილი ჰყავდა. ასე გავაგრძელე თბილისში ცხოვრება, შემდეგ უმაღლესში ჩავაბარე, შემდეგ მეგობრებთან ერთად ბიზნესი დავიწყე და დღეს წარმატებული ბიზნესი მაქვს. ჩემს დეიდაშვილებს ცალ-ცალკე ვუყიდე ბინები, დეიდას ხელის გულზე ვატარებ, მაგრამ ბედნიერი არ ვარ. იქ, დასავლეთ საქართველოში, ჩვენს გვერდით ცხოვრობდა ოჯახი, რომელიც ჩემ ტოლ გოგონას ზრდიდა. სწორედ ეს გოგო იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, ხშირად სახლიდან საჭმელს იპარავდა, ჩემთვის რომ მოეცა, ძირითადად ტკბილეულს. მე რომ წამოვედი, ისინი იქ დავტოვე, ახლა, როცა დავძებნე, კვალს ვერ მივაგენი. რამდენიმე მეზობელია იქ დარჩენილი და რაც მთავარია, მათ კარგად არ ახსოვთ არც ის გოგო, არც ოჯახი. მე ვიცი გოგოს სახელი და გვარი, მშობლების სახელი არც მე მახსოვს, მაგრამ ვინც ამ გოგოს მომაძებნინებს, წაგებული არ დარჩება“,- იმედიანად ამბობდა ბიჭი.

ოფიციალური განცხადების მღებაზე ძალოვნებმა უარი თქვეს, სასიყვარულო ისტორიებისთვის არავის ეცალა, მაგრამ არაოფიციალურად, საქმით ორი მაძებარი დაინტერესდა და ბიჭს კოორდინატები გამოართვა, შემდეგ ბაზებში დაიწყეს ქექვა და ერთი კვირის შემდეგ კვალზე გავიდნენ. გოგონა მშობლებთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა და როცა სამართალდამცავებმა მიაკითხეს, ძალიან კი დაფრთხნენ, მაგრამ მისვლის მიზეზი რომ გაიგეს, მშობლებმა ხელი აიქნიეს, არ გვაქვს იმ გაღატაკებული ბიჭის ნერვები, ჩვენი თავი გაგვჭირვებიაო, მაგრამ, როგორც კი გაიგეს, რომ ბიჭი ღატაკი კი არა, საკმარისზე შეძლებული იყო, მაშინვე დაინტერესდნენ. მალე გოგონაც დაბრუნდა და მართალია, თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, შემდეგ ნაზად გაიღიმა და თავი დახარა.

როცა ბიჭს ძიების შედეგები ამცნეს, სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, მაგრამ მაძებრებმა მას პირობა ჩამოართვეს, მშობლებს არ სურდათ,  ბიჭი მათთან მაშინვე მისულიყო და გოგონას აზრზე მოსასვლელად 3 დღე ითხოვეს, აქაოდა, სიხარულით თავბრუ დაეხვა, მთელი ცხოვრება მას ელოდა, დღიურსაც კი წერდაო. ბიზნესმენი მოთმინებით ელოდა და როცა საბოლოოდ თავის ბავშვობის სიყვარული ნახა, სიხარულით ლამის გაგიჟდა, მოეხვია, ჩაეხუტა, გოგონას მშობლებსაც ჩაეხუტა და ძალოვნებს დაპირებული გასამრჯელო გადაუხადა. აქ თითქოს მსუქანი წერტილის დასმა მართებული იქნებოდა, მაგრამ ბიჭი იმავე ძალოვნებთან ორი თვის შემდეგ ისევ მივიდა და კვლავ დახმარება სთხოვა. ამჯერად მას ხელში რაღაც რვეული ეჭირა.

„ეს ჩემი საცოლის დღიურია. ჰო, საცოლის, ხელი ვთხოვე და ერთ კვირაში ქორწილი გვაქვს. როგორც მთხრა, ამ დღიურს მანამ აწარმოებდა, სანამ დასავლეთი ვცხოვრობდი, ჩემი წასვლის შემდეგ კი, დღიურის წერის სურვილი აღარ ჰქონდა. რა თქმა უნდა, გამიხარდა, იმდენი რამ უწერია, რაღაცეები არც მახსოვდა და გავიხსენე, გული გამითბა, მაგრამ...სამი დღის წინ, რაღაცას წერდა და მივხვდი, ეს დღიური მისი დაწერილი არ არის. საერთოდ სხვა კალიგრაფიაა. წავიღე მისი ნაწერი და დღიური, შედარება გავაკეთებინე და დამიდასტურეს, რომ სხვადასხვა ხელია. გთხოვთ, ჩემი ბავშვობის სიყვარული მიპოვეთ, აქ რაღაც კრიმინალი ხდება, ეს ის გოგო არ არის“,- არეულად იძახდა ბიჭი.

აი, ეს კი უკვე განცხადების მიღებისთვის საჭირო საფუძველი იყო და საქმე ოფიციალურად აღიძრა, თუმცა ყველაფერი მეორე დღეს დასრულდა, რადგან გოგონას დედ-მამა დაკითხეს.

„ეს ბიჭი აღარც გვახსოვდა. როცა ის წავიდა, ჩვენ დასასვენებლად წავედით სოფელში და ჩვენი შვილი ხრამში გადავარდა, ადგილზე დაიღუპა. ერთ წელიწადში გადავწყვიტეთ ზუსტად მისი ასაკის გოგონა გვეშვილებინა და ასეც მოვიქეცით, მას უნდა მგვანებოდა. ჰოდა, მის სახელზე გავზარდეთ, სახელიც ოფიციალურად შევუცვალეთ, ჩვენი გოგონას სახელი დავარქვით, იმ სახლში კი ვეღარ დავბრუნდით და აქეთ გადმოვედით. ავადაც ხედავთ, არ გვილხინს და როცა ეს ბიჭი გამოჩნდა, გადავწყვიტეთ, ის გაგვეთხოვებინა. სულ ეს არის ჩვენი დანაშაული“,-  თქვა ცოლ-ქმარმა.

ამის შემდეგ, თავად გოგონაც მივიდა მოულოდნელად გამოჩენილ საქმროსთან და უთხრა, გამზრდელებს ხათრი ვერ გავუტეხე, თორემ შეყვარებული მყავს, ჯარისკაცია, რომ დაბრუნდება, მინდა ცოლად იმას გავყვეო. საბოლოოდ, ყველაფერს ინდური ფილმივით ფინალი ჰქონდა - გოგონა შეყვარებულს გაჰყვა, ბიზნესმენი „საქმროსგან“ კი საჩუქრად ახალი ავტომობილი მიიღო.

პატიმარი #0578